ეუთო ოდირი საქართველოში ქართული ოცნების მიერ მიღებულ გამოხატვის თავისუფლების შემზღუდველ კანონებთან დაკავშირებით გადაუდებელ მოსაზრებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ ისინი უნდა გაუქმდეს.
მოსაზრებაში საუბარია იმ ცვლილებებზე, რომელთა თანახმად აქციაზე, გზის ხელოვნურად გადაკეტვა ან პირბადით ყოფნა 15 დღემდე პატიმრობით ისჯება, ქმედების განმეორებით შემთხვევაში კი მოქალაქეს სისხლის სამართლის წესით აკავებენ.
კრიტიკულ მოსაზრებაში ნათქვამია, რომ მოქალაქეების დაკავება მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობის გამო არღვევს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებებს.
“2025 წლს ოქტომბერში მიღებული ცვლილებები შეშფოთებას იწვევს საქართველოს მიმართ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობასთან დაკავშრებით, განსაკუთრებით კი გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა პაქტის მე-9, მე-19, 21-ე და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5, მე-10, მე-11 და მე-18 მუხლებს ეწინააღმდეგება. და უნდა გაუქმდეს”- წერს ოდირი.
ეუთო ოდირი მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მიდგომა პირდაპირ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს, რომლებიც სანქციების პროპორციულობასა და არადისკრიმინაციულობას მოითხოვს.
“სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება ისეთი ქმედების საპასუხოდ, რომელიც შეიძლება იყოს ლეგიტიმური და კანონიერი საერთაშორისო სამართლის მიხედვით,
გამოიწვევს თავისუფლების თვითნებურ აღკვეთას, რაც არღვევს გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პაქტის მე-9 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-5 მუხლს”- ნათქვამია ეუთო ოდირის მოსაზრებაში.




