ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ქართული დელეგაციის შესწორებებიც აისახა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში ქართული დელეგაციის შესწორებებიც აისახა
პარტია „ხალხის ძალის“ საგარეო ურთიერთობათა მდივანი ეკა სეფაშვილი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ ახალ რეზოლუციას ეხმიანება. მისი თქმით, დასაფასებელია რეზოლუციაში საქართველოს დელეგაციის მიერ შეტანილი ჩასწორებები, რომლებიც მნიშვნელოვან საკითხებს ეხება.
დეპუტატის განმარტებით, ქართული მხარის მიერ შეტანილი ცვლილებების მიუხედავად, რეზოლუციაში ბევრი აბსურდული მოთხოვნაც არის შეტანილი, როგორიცაა განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და “პოლიტპატიმრების“ გათავისუფლება.
„იმ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ზუსტად გამოიხატა ქართველი ამომრჩევლის ნება, მიიღო რეზოლუცია და გვეუბნება, რომ საპარლამენტო არჩევნები განმეორებით უნდა ჩავატაროთ“- აღნიშნა ეკა სეფაშვილმა და განმარტა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია არ არის სავალდებულო ხასიათის, ეს არის რეკომენდაცია, რომელსაც ხელისუფლება არ გაითვალისწინებს, შესაბამისად საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის გაწერილი.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუცია უკვე მიღებულია და, რა თქმა უნდა, ამ რეზოლუციაში მოხვდა ის ჩასწორებები, რომელიც ჩვენმა დელეგაციამ შეიტანა. ეს ძალიან მისასალმებელი და დასაფასებელია თუ გავითვალისწინებთ, რამდენად ბევრი და მძლავრი მოწინააღმდეგე გვყავს.
მაგალითად, ამ რეზოლუციაში შევიდა ჩანაწერი, რომლითაც ჩვენ მოვუწოდებთ სირიას ცნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და უკან გაიწვიოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიების აღიარება. ეს ჩანაწერი ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ამ რეზოლუციაში მოხვდა ისეთი ჩანაწერებიც, რომელიც სიმართლეს არ ასახავს. ერთ-ერთი ასეთი ჩანაწერით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოში არჩევნების ხელახლა ჩატარებას ითხოვს. იმ ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეამ, რომელმაც დაადასტურა, რომ ამ საპარლამენტო არჩევნების შედეგებით ზუსტად გამოიხატა ქართველი ამომრჩევლის ნება, მიიღო რეზოლუცია და გვეუბნება, რომ საპარლამენტო არჩევნები განმეორებით უნდა ჩავატაროთ და გაუგებარია რატომ. მნიშვნელოვანი ასპექტი არის ის, რომ საპარლამენტო ასამბლეის ეს რეზოლუცია სავალდებულო ხასიათის არ არის, ეს არის რეკომენდაცია და რა თქმა უნდა, არავინ აპირებს ამ აბსურდული რეკომენდაციის შესრულებას. საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება 2028 წელს, როგორც გაწერილია საქართველოს კონსტიტუციით.
რეზოლუციის საბოლოო ტექსტში საუბარია “პოლიტპატიმრებზე”, რაც ასევე აბსურდულია, რადგან მათთვის პოლიტპატიმრები არიან ის ადამიანები, ვინც პოლიციელებს შეურაცხყოფა მიაყენეს და მათ მიმართ ძალადობრივი მეთოდები გამოიყენეს. გადახედეთ როგორი მკაცრი სასჯელებია გათვალისწინებული პოლიციის შეურაცხყოფისთვის ევროპულ ქვეყნებში, რადგან პოლიციელი წარმოადგენს სამართალს და სახელმწიფოს, მის წინააღმდეგ გალაშქრება კი ფაქტობრივად სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრების ტოლფასია.
მეორე მხრივ, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში პოლიტპატიმრებად ნათლავენ ხალხს, რომლებიც არ გამოცხადდნენ საგამოძიებო კომისიაზე და ამით დაარღვიეს კანონი. ეს კანონი უცხო ქვეყნებშიც არსებობს და საკმაოდ მკაცრი სასჯელია მათთვის, ვინც არ გამოცხადდება კომისიაზე. გამოდის, რომ მათ ქვეყნებში კანონები უნდა სრულდებოდეს და საქართველოში არა, რადგან მათ ასე უნდათ. კანონის უზენაესობის დაცვა საქართველოში სავალდებულო არ არის თუ ეს კანონი მათ [ამ შემთხვევაში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს] შეხედულებებს ეწინააღმდეგება და თუ ამ ყველაფრის გამოყენება მათივე დაქირავებული ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის დასაცავად სჭირდებათ. სამწუხაროა, როდესაც ევროპული ქვეყნების მსხვილი პოლიტიკოსები სამართლებრივი საკითხების პოლიტიზებას ცდილობენ,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
Previous: მოვისმინე სიტყვები, რომლებსაც მასწავლებლები ურჩ მოსწავლეებს ეუბნებიან ხოლმე. ეუთში მასწავლებლები და მოსწავლეები არ არიან. არ არიან ზნეობრივი და უზნეო ქვეყნები. ყველა წევრი ქვეყანა თანასწორია