ეუთოს სადამკვირვებლო მისია არჩევნებზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს

ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის სადამკვირვებლო მისია საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შუალედურ ანგარიშს აქვეყნებს.
„ნეტგაზეთი“ მოკლეთ მოგიყვებათ, რა დაასკვნა მისიამ:
წინასაარჩევნო გარემო
მისიის აზრით:
· „ დამკვიდრებული პოლიტიკური პოლარიზების, უწყვეტი პოლიტიკური დაძაბულობის, ოპოზიციის მხრიდან სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ უნდობლობისა და გაერთიანებისა და გამოხატვის უფლების დაცვასთან დაკავშირებით წარმოშობილი შს ფონზე მიმდინარეობს“.
· „საარჩევნო კოდექსში 2024 წელს მიღებული ცვლილებები მნიშვნელოვანი საჯარო კონსულტაციებისა და კონსენსუსის გარეშე მიიღეს, რაც მათი ზეგავლენის გამო შეშფოთების მიზეზად იქცა. გარდა ამისა, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის რამდენიმე რეკომენდაცია კვლავაც შეუსრულებელია, მათ შორის ის რეკომენდაციები, რომლებიც საარჩევნო ადმინისტრაციის მიუკერძოებლობას, ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენებას, საარჩევნო კამპანის წარმართვასა და დაფინანსებას, საარჩევნო კამპანიის მედიასთან დაკავშირებული რეგულაციებისა და საარჩევნო დავების გადაწყვეტის ჩარჩოს გაძლიერებას შეეხება“.
· „არჩეულ პოზიციებზე ქალთა წარმომადგენლობა კვლავაც დაბალია. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციით გათვალისწინებულია დებულებები, რომლებიც სახელმწიფოს ავალდებულებს გენდერული თანასწორობის უზუნველსაყოფად განსაკუთრებული ნაბიჯები გადადგას, 2024 წელს მიღებული ცვლილებებით გაუქმდა საარჩევნო სიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება სხვა საკანონმდებლო ზომებთან ერთად, რომლებიც პოლიტიკაში ქალთა მონაწილეობის გაზრდისკენ იყო მიმართული“.
პარტიების პოზიციონირება
· „საარჩევნო კამპანიის გზავნილები, რომლებიც ამ ეტაპამდე მოექცა დაკვირვების არეალში, ძირითადად უკიდურესად პოლარიზებული რიტორიკით არის გაჯერებული. სახელისუფლებო პარტიამ არჩევნები წარმოადგინა, როგორც მშვიდობასა და ომს შორის გასაკეთებელი არჩევანი მაშინ, როცა ოპოზიციურ პარტიათა უმრავლესობა ამ არჩევნებს ქვეყნის გეოპოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ჩატარებულ რეფერენდუმს უწოდებს“.
მედიაგარემო
· „მედიაგარემო მრავალფეროვანი, მაგრამ ძალზედ პოლარიზებულია და ირეკლავს პოლიტიკურ და ბიზნესინტერესებს. მედიის წინააღმდეგ მიმდინარეობს სამოქალაქო ცილისწამების შესახებ არაერთი საქმის განხილვა და ჟურნალისტთა წინააღმდეგ მიმართული მუქარები კვლავაც აქტუალურია“.
საარჩევნო კამპანია და ინციდენტები
· „ოფიციალური წინასაარჩევნო პერიოდი 27 აგვისტოს დაიწყო და ამ დრომდე საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობს“;
თუმცა:
· რამდენიმე შემთხვევაში ODIHR-ის არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან შეხვედრისას პროცესში ჩართული დაინტერესებული მხარეები მათი საარჩევნო ღონისძიებების ჩაშლის, სიტყვიერი შეურაცხყოფის, საარჩევნო კამპანიისთვის განკუთვნილი მასალის განადგურებისა და ფიზიკური თავდასხმების ცალკეულ ინციდენტებზე მიუთითებდნენ, რაც აისახა როგორც სახელისუფლებო, ისე ოპოზიციური პარტიების ანგარიშებშიც.