ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ელინა ვალტონენი საქართველოს ეწვევა. ეუთოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ვალტონენი 13-15 ოქტომბერს ეწვევა სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს.
განცხადების თანახმად, ის შეხვედრებს გამართავს მთავრობის მაღალი დონის ოფიციალურ პირებთან, ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.
“საქართველოში შეხვედრები ფოკუსირებული იქნება საქართველოს შიდა და გარე გამოწვევებზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება 2008 წლის ომის შედეგების მოსაგვარებლად ეუთო-ს მიერ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მხარდაჭერის გაგრძელებაზე”- ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფინეთი, როგორც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე ქვეყანა, დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სამოქალაქო სივრცის დაცვას და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს უზრუნველყოფას და რომ ეს პრიორიტეტი ხაზგასმული იქნება ვიზიტის განმავლობაში.
