ეუთოს გენერალური მდივანი – ქართული ოპოზიციისთვის პარლამენტში 40%-ზე მეტის ქონა და ამის არგამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც აირჩია

ქართული ოპოზიციისთვის პარლამენტში 40%-ზე მეტის ქონა და ამის არგამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც აირჩია, – ამის შესახებ ეუთოს გენერალურმა მდივანმა, ფერიდუნ სინირლიოღლუმ პორტუგალიაში ეუთოს ყოველწლიურ სესიაზე განაცხადა.
„არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქართველო ომში მყოფი ქვეყანაა, ტექნიკურად და იურიდიულად რომ ვისაუბროთ. შესაბამისად, როდესაც საქართველოში არსებულ ვითარებაზე ვსაუბრობთ და ვაანალიზებთ, ეს ყოველთვის უნდა გვახსოვდეს.
რაც შეეხება არჩევნებს, რომელსაც ოპოზიცია კითხვის ქვეშ აყენებს, ODIHR-მა ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც ცხადად ამბობს, რომ ზოგიერთი დარღვევის მიუხედავად, არჩევნების შედეგები ამომრჩევლის გადაწყვეტილებას ასახავს. ეს ასევე ფაქტია.
საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას 66 წევრი ჰყავს 150-დან, ანუ 40%-ზე მეტს ოპოზიცია წარმოადგენს. მაგრამ ოპოზიცია პარლამენტის ბოიკოტირებას ახდენს და დემოკრატიებში, რა თქმა უნდა, სამოქალაქო სივრცე უნდა გქონდეს საკუთარი წუხილების, ჩივილებისა და სხვა რაღაცების გასაჟღერებლად, მაგრამ ასევე არჩეული ხალხის პალატა – პარლამენტი – უნდა გამოიყენო ეფექტიანად. იმას ვგულისხმობ, რომ 40%-ზე მეტის ქონა და ამის არგამოყენება სამართლიანი არ არის ხალხისთვის, რომელმაც აგირჩია“, – განაცხადა სინირლიოღლუმ.