საქართველოში ვიზიტით მყოფი ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ დღეს ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.
ეუთო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრები გამართეს „ძლიერი საქართველოს“, „გახარია — საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა.
მათი თქმით, შეხვედრაზე საქართველოში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლაზე, ახალი არჩევნების საჭიროებასა და პოლიტპატიმრებზე ისაუბრეს.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავას თქმით, ეუთო-ს გენერალურ მდივანს ასევე გაუზიარეს მოსაზრება, რომ ნებისმიერი ამგვარი საერთაშორისო ვიზიტი სამთავრობო პროპაგანდას ლეგიტიმაციაზე აპელირების შესაძლებლობას აძლევს.
ამ მიზეზით ფერიდუნ სინირლიოღლუსთან შეხვედრაზე უარი განაცხადა „კოალიციამ ცვლილებებისთვის“.
„დღეს საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც „ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით – კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული. აღნიშნულ ვითარებაში ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა“, — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.
ეუთოს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ საქართველოს 22 აპრილს, რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია. მან შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთან, მათ შორის ირაკლი კობახიძესთან, მიხეილ ყაველაშვილთან, მაკა ბოჭორიშვილთან, ნიკოლოზ სამხარაძესთან.
ამ ვიზიტამდე რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა ეუთოს გენერალურ მდივანს მოუწოდა, არ ჩამოსულიყო საქართველოში ოფიციალური ვიზიტით. მისი თქმით, ვიზიტი აღიქმება როგორც „ივანიშვილის არალეგიტიმური ხელისუფლების მხარდაჭერა“.
