ეუთომ საპარლამენტო არჩევნებზე საბოლოო დასკვნა გამოაქვეყნა

ეუთო და მისი დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი (ODIHR) საქართველოს 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო ს შესახებ საბოლოო დასკვნას აქვეყნებს.

თუკი 2020 წლის არჩევნების შესახებ ეუთო წერდა: „საქართველოს საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული და, საბოლოო ჯამში, ფუნდამენტური უფლებებისადმი პატივისცემით ჩატარებული“.

2024 წლის არჩევნების შესახებ 20 დეკემბერს გამოქვეყნებულ 53-გვერდიან დასკვნაში ეუთო წერს:

„მთლიანობაში, საარჩევნო კომისიებისა და სასამართლოების მიერ კენჭისყრის დღეს და შემდგომ პერიოდში დაწერილი საჩივრების საფუძვლიანი განხილვის არარსებობამ, – ტექნიკური საფუძვლებით ან არასაკმარისი დასაბუთებით საჩივრების უარყოფამ, ასევე, საბოლოო ჯამში, ძირი გამოუთხარა პროცესის სათანადოდ ჩატარებას და მისი ეფექტური გამოსწორების შესაძლებლობას“.

„საჩივრების არასათანადოდ განხილვა“

ეუთოს თანახმად, „არჩევნები ჩატარდა სერიოზული შეშფოთების ფონზე, რომელიც უკავშირდება ახლად მიღებული კანონმდებლობის გავლენას ძირითადი თავისუფლებებისა და სამოქალაქო საზოგადოების უფლებებზე, საარჩევნო პროცესში ჩართული ინსტიტუტების დამოუკიდებლობის შესუსტების მცდელობებს და ამომრჩევლებზე ზეწოლას, რაც, საარჩევნო დღის პრაქტიკასთან ერთად, ზოგი ამომრჩევლისთვის შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობას ზღუდავდა“.

ODIHR-ის შეფასებით, არჩევნების შემდგომი მოვლენები და საჩივრები არასათანადოთ იქნა განხილული, რამაც შეზღუდა სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობა.

გავლენა „არჩევნების მთლიანობაზე“

ასევე, წერია, რომ „საპროტესტო აქციების ძალადობრივი დაშლა და მასობრივი დაკავებები სერიოზულ შეშფოთებას იწვევს მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების დაცვის მიმართ საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაზე“.

„ჩვენს საბოლოო ანგარიშში აღინიშნა ბევრი პრობლემა, რაც უარყოფითად აისახა ამ არჩევნების მთლიანობაზე და ძირი გამოუთხარა საზოგადოების ნდობას პროცესის მიმართ“, – აღნიშნა ODIHR-ის მისიის ხელმძღვანელმა, ოუენ მერფიმ.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უპასუხოს ყველა აღძრულ პრობლემას და დაიცვას დემოკრატიული პრინციპები“, – განაცხადა მან.

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევაზე

ODIHR-მა ასევე აღნიშნა, რომ მართალია, საარჩევნო კანონმდებლობა უზრუნველყოფდა დემოკრატიული არჩევნების საკანონმდებლო საფუძველს, მაგრამ „ბოლო ცვლილებები, რაც ხშირ შემთხვევაში პოლიტიკური მიზნებისთვის იყო გამოყენებული, უარყოფითად აისახა პროცესზე“.

ანგარიში ხაზს უსვამს, რომ „საჩივრები როგორც ხმის მიცემის დღემდე და ამ დღის შემდეგ ხშირად არ იყო სათანადოდ სიღრმისეულად განხილული და ტექნიკური საფუძვლით არ განიხილებოდა, რაც არღვევდა სათანადო განხილვის უფლებას.

ანგარიშის თანახმად, არჩევნების დღეს დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულოს დარღვევის ხშირი შემთხვევები, პროცედურული შეუსაბამობები და ზეწოლისა და მუქარის შესახებ შეტყობინებები, მათ შორის პროცესის ვიდეოჩანაწერის გზით, რამაც ნეგატიურად იმოქმედა საზოგადოებრივ ნდობაზე.

ეუთო/ODIHR-ი რეკომენდაციას უწევს ხელისუფლებას, უზრუნველყოს საჩივრების ეფექტური განხილვა, გაზარდოს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და განამტკიცოს საზოგადოებრივი ნდობა პროცესისადმი.

ანგარიშში ასევე მითითებულია, რომ საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევით, დემონსტრაციები ძალადობრივად იქნა დაშლილი, დააკავეს ჟურნალისტები და დაფიქსირდა ბრალდებები წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შსახებ.

ეუთოს მანდატზე

ODIHR-ი ხაზს უსვამს, რომ ის, თავისი მანდატის შესაბამისად, არ აღიარებს ან არ ამტკიცებს არჩევნებს, არამედ უზრუნველყოფს საარჩევნო პროცესის სრულყოფილ და მიუკერძოებელ შეფასებას უნივერსალური პრინციპების და საერთაშორისო ვალდებულებების საფუძველზე.

„ორგანიზაცია მზადაა დაეხმაროს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს პრობლემების გადაწყვეტის მიზნით შემდგომ დიალოგსა და კონკრეტულ ქმედებებში“, – წერს ეუთო.

ანგარიში არაერთ რეკომენდაციას მოიცავს – როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკულ ცვლილებებს, რათა გაიზარდოს საზოგადოებრივი ნდობა, ამომრჩევლებს მიეცეთ შიშის გარეშე ხმის მიცემის შესაძლებლობა და გაუმჯობესდეს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და მთლიანობა საქართველოში.

რეაქციები

პრემიერ-მინისტრმა მ დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, 20 დეკემბერს, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა:

„მთლიანობაში ეუთო/ოდირის დასკვნიდან ირკვევა, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და კონკურენტული. ეს იკითხება საერთო შინაარსიდან. მე მინდა მადლობა გადავუხადო ეუთო/ოდირს“.

თუმცა ოპოზიციური პარტიები, არჩევნებზე დამკვირვებლები და კომენტატორები მიიჩნევენ, რომ დასკვნა ისტორიულად მკაცრია მთელი საარჩევნო პროცესის მიმართ.

„ოდირს არ სჩვევია ასეთი მძიმე ენა, ეს არის ყველაზე მძიმე დასკვნა, რაც ოდირს გაუკეთებია საქართველოსთან დაკავშირებით“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა, შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა „ფორმულის“ ეთერში.

„შეიძლება ითქვას, რომ უკვე ოდირის შეფასებითაც – ეს არის ყველაზე ცუდი არჩევნები, რაც ამ საუკუნეში საქართველოში ჩატარებულა“, – წერს საბა ბრაჭველი, „ღია საზოგადოების ფონდის“ იურისტი.