ეტნას ამოფრქვევის გამო კატანიის აეროპორტმა ფრენების მიღება შეამცირა

იტალიის კუნძულ სიცილიაზე მდებარე კატანია ფონტანაროსას აეროპორტმა ეტნის მთის ამოფრქვევის გამო ფრენების მიღება 4 აგვისტოდან დღეში ექვსამდე შეზღუდა. როგორც გაზეთი Giornale di Sicilia წერს, ვულკანური ფერფლის ღრუბელი 10 კილომეტრის სიმაღლეზე ავიდა.
ვულკანის ამოფრქვევის ყველაზე ძლიერი, პაროქსიზმული ფაზა 4 აგვისტოს ღამით დაიწყო. ლავის შადრევანი იფრქვეოდა ვორაგინის კრატერიდან, ფერფლი ვრცელდებოდა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და ეფინებოდა დასახლებულ პუნქტებს და ვულკანის ძირში მდებარე ფერდობებს.
კატანიის მეტროპოლიის მერმა, ენრიკრო ტრანტინომ, ორი დღის განმავლობაში აკრძალა ორბორბლიანი ტრანსპორტი და შეზღუდა მანქანების სიჩქარე საათში ოცდაათი კილომეტრით რეგიონში, რომელიც მოიცავს თავად ქალაქს და მის გარშემო მდებარე 57 სხვა მუნიციპალიტეტს.
3357 მეტრი სიმაღლის ეტნა მოქმედი ვულკანია იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე. იგი ითვლება ამჟამად ყველაზე მაღალ და ყველაზე აქტიურ ვულკანად ევროპაში.
საინფორმაციო სააგენტო ANSA-ს ცნობით, ეს არის ასეთი ძალის მეხუთე ამოფრქვევა გასული წლის ივლისის შემდეგ.
რადიო თავისუფლება

ასევე დაგაინტერესებთ