„ეს ხელფასის მატება კი არა, დამამცირებელი შემოთავაზებაა“ – რას ითხოვენ „რუსთავის აზოტის“ გაფიცული თანამშრომლები და რას სთავაზობს კომპანია

დასაქმებულები ამბობენ, რომ კომპანიის მხრიდან მათთვის ბოლოს შეთავაზება ხელფასების 100 ლარით ზრდა იყო, რაც საწარმოში არსებული სამუშაო სპეციფიკისა და ქვეყანაში არსებული სამომხმარებლო ფასების პირობებში, არასაკმარისია. საწარმოს თანამშრომლები ანაზღაურების 300 ლარით გაზრდას მოითხოვენ.

„ეს ხელფასის მატება კი არა, დამამცირებელი შემოთავაზება იყო“

როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ ერთ-ერთმა დასაქმებულმა, დავით მეტრეველმა განუცხადა, გაფიცულია დაახლოებით 1000 თანამშრომელი. მისივე თქმით, მანამ, სანამ კომპანიის მენეჯმენტის მხრიდან მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას არ აპირებენ.

„საჭირო პერსონალი, რომელიც აუცილებელია, რომ ქარხნის ტერიტორიაზე იყოს, იქ არიან. საჭიროების შემთხვევაში, აუცილებელია, რომ საამქროში იყოს ცვლის უფროსი და ელექტრიკოსი. ნაწილი შესულია საწარმოში და მუშაობს, მაგრამ ბევრი თანამშრომელი გარეთაა. დაახლოებით 1000 ადამიანზე მეტია გაფიცული.

ხელფასის მატებას ვითხოვთ 300 ლარით. როდესაც გვქონდა თავდაპირველი კომუნიკაცია ადმინისტრაციასთან, შემოგვთავაზეს ანაზღაურების 4%-იანი გაზრდა. აზოტში კი სხვადასხვანაირი ხელფასია, 900 ლარიდან იწყება და საშუალოდ 2000 ლარამდე ადის. ყველა დასაქმებულს სხვადასხვანაირად გამოსდიოდა თანხის მომატება, ზოგს, ბუნებრივია, ძალიან მცირედით. ვინც გაფიცულები ვართ, ძირითადი ნაწილი ისეთ სახელფასო კატეგორიაში ვართ, დაახლოებით 38-40 ლარი გამოგვდიოდა ანაზღაურების მატება.

ეს ხელფასის მატება კი არა, დამამცირებელი შემოთავაზება იყო. ამას სთავაზობ ადამიანს, რომელიც ქიმიურ წარმოებაში მუშაობს და არის რისკები, რომ სერიოზული ზიანი მიიღოს. როგორც ჯანმრთელობის, ასევე სიცოცხლის ხელყოფის რისკებია აქ. ქიმიური ქარხანაა, ზიანის მიღების რისკი ადმინისტრაციის ბრალი კი არ არის, სამუშაო სპეციფიკაა ეგეთი. ხალხის პოზიცია უცვლელია. არ ვაპირებთ საწარმოში დაბრუნებას, სანამ არ გაუმჯობესდება პირობები“, – აცხადებს დავით მეტრეველი.

„ხელფასი, რომელიც გვაქვს, თვიდან თვემდე არ არის საკმარისი“

მისივე თქმით, კომპანიის მხრიდან მიიღეს მუქარა, რომ თუ საჭირო გახდება, საწარმოო პროცესი შეჩერდება და ქარხნის ადმინისტრაციისთვის ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

„ქარხნის ადმინისტრაციის მუქარაა, რომ გააჩერებენ აზოტს. 3 თვეც რომ გავაჩეროთ, ეს ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენსო, ასე გვითხრეს. არავითარი ბერკეტი არ დაგვიტოვეს. თუ ქარხნის ადმინისტრაცია ამბობს, რომ საჭიროების შემთხვევაში, სამი თვითაც გააჩერებს საწარმოს, ხალხის პოზიციაც ასეთია, რომ ჩვენც მზად ვართ ამ ყველაფრისთვის. მედიაციისთვის რუსთავის მერსაც მივმართეთ, ნინო ლაცაბიძეს, მაგრამ ჯერჯერობით არავინ გამოჩენილა. ვთხოვეთ, რომ დაგვხმარებოდა დირექციასთან მოლაპარაკებაში, მაგრამ ჯერჯერობით არ მოგვსვლია არანაირი პასუხი, შეიძლება იყოს თანხმობა, შეიძლება არა, არ ვიცით.

ის ხელფასი, რომელიც გვაქვს, თვიდან თვემდე მისასვლელად არ არის საკმარისი. კომუნალური გადასახადები, საკვები, ოჯახის რჩენა… როცა ვხედავთ, რომ ფასების ცვალებადობა ყოველ წუთიერად ხდება, ხელფასის ცვალებადობაც აუცილებელია. ადამიანი ამ ანაზღაურებით, ასეთ გაძვირებულ საკვებს, თვიდან მხოლოდ რამდენიმე დღე თუ შესწვდება რომ იყიდოს“, – განაცხადა დავით მეტრეველმა.

მისივე თქმით, ბოლო შეხვედრისას კომპანიის მენეჯმენტისგან ხელფასების 100-ლარიანი მატების შეთავაზება მიიღეს.

ბოლო შეხვედრისას გვითხრეს, რომ ბიუჯეტი რაც ჰქონდათ ხელფასებისთვის გაწერილი, 4%-იანი მატების პირობებში, ვერ გაიზრდებოდა, თუმცა ყველას სხვადასხვანაირად აღარ მოემატებოდა და თანხა განაწილდებოდა ყველა თანამშრომელზე თანაბრად. გამოვიდა ხელზე ასაღები 100 ლარი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ხელფასის ზრდისთვის გათვალისწინებული ბიუჯეტი არ გაზარდეს. ეს იგივე თანხაა, უბრალოდ ხალხზე გადანაწილდა. ბიუჯეტი გვქონდა 1 მილიონი დოლარიო, 1900 კაცია დასაქმებული აზოტში, გაიყო 1900 ადამიანზე და გამოვიდა 100 ლარიო. ჩვენი მოთხოვნა კი უცვლელია. არავინ თანხმდება ამ პირობებს“, – აცხადებს დავით მეტრეველი.

„ბიზნესპრესნიუსი“ თემასთან დაკავშირებით „რუსთავის აზოტის“ ქარხნის ადმინისტრაციასაც დაუკავშირდა, თუმცა კომპანიაში საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ.