უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ვიზიტით მყოფ იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა:
“იაპონია ჩვენი ძალიან მნიშვნელოვანი და ძლიერი პარტნიორია. მადლობელი ვარ იმ დონის თანამშრომლობისთვის, რომელსაც მივაღწიეთ – ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობა. მადლობას ვუხდი იაპონიას ჩვენი ქვეყნისთვის გაწეული ღირებული დახმარებისთვის, მათ შორის უსაფრთხოებისთვის, ძლიერი ლიდერობისთვის G7-ში და საერთაშორისო ასპარეზზე, ფინანსური, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. ასევე, იაპონიამ დიდი ენერგეტიკული დახმარების პაკეტი უზრუნველყო. დღეს ჩვენ განვიხილეთ ჩვენი შემდგომი თანამშრომლობა, მათ შორის თებერვალში უკრაინის აღდგენის კონფერენცია, ასევე უსაფრთხოების შემდეგი ერთობლივი ნაბიჯები, ერთობლივი მუშაობა მშვიდობის ფორმულაზე და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერება. დარწმუნებული ვარ, ეს წელი მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის”, – წერს ზელენსკი.