ეს ჩვენ არ შეგვშვენის… მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც… – გამოხმაურება ინციდენტზე

საქართველოს ნაკრებმა წარმატებულად ითამაშა, მასზე მსჯელობა გვსურს, ამის მიუხედავად კი მთავარ თემად მატჩის შემდეგ მომხდარი სამწუხარო ინციდენტი იქცა. ამ საკითხზე “ფეისბუქპოსტი” ჟურნალისტმა, მასწავლებელმა და ლექტორმა, ლიანა მარქარიანმა გამოაქვეყნა;
“ბოლომდე წაიკითხე!
იცით რა, კი, მე ვარ სომეხი, თან კაი, ძირფესვიანად სომეხი, მაგრამ ვიცოდი ზუსტად, რომ საქართველო გაიმარჯვებდა და დიახ, მინდოდა კიდეც, რადგან პერსპექტივას ვხედავდი მეტს. ეს არ ნიშნავს, რომ სომხეთის წაგება მინდოდა – არა, მაგრამ რაციონალურად დალაგდა ჩემს გონებაში. ის რაშიც ქვეყანა ძლიერი არაა, ჰიპოთეთურ ოცნებებში ვერც იქნება – ეს გუნდმაც
იცოდა. მაგრამ, სხვა რამეზე ვწერ…
გთხოვთ, ნუ აზიარებთ ქართველი გულშემატკივრების ვიდეოებს და ნუ აწერთ ათას რამეს, ეს ჩვენ არ შეგვშვენის. გაუხარდათ, ხო კაი… ზედმეტშიც გადაუვიდათ, კარგი, მაგრამ მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის ამ სახეს, ნუ თესავთ ნეგატივს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც და პირიქით – გვიხაროდეს გამარჯვება! სომხეთის გუნდს წინ აქვს ყველაფერი!!!
პ.ს. არ დაგვავიწყდეს, ერს ვეთამაშეთ, რომელიც სულ რაღაც 2-3 წლის წინ ომში იყო, ლამის ბიჭების ნახევარი თაობა დაკარგა, ნახევარი კიდევ შშმ პირი ჰყავს. ამაზე თუ ასე გავგიჟდით მაშინ, კი არ მახსოვს.
ვიმეორებ, დაანებეთ თავი ამ უაზრო პოსტების გაზიარებას! მიყვარხართ ყველა! ჩემი სომხებიც და ჩემი ქართველებიც!!!”
შეგახსენებთ, საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სომხეთის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 9:1 დაამარცხა და “ერთა ლიგის” B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.