“ეს ჩემი ცხოვრების ახალი გამოწვევაა, ყველაფერს თავისი დრო აქვს…” – რას წერს თიკა ჯამბურია – Marao

“ეს ჩემი ცხოვრების ახალი გამოწვევაა, ყველაფერს თავისი დრო აქვს…” – რას წერს თიკა ჯამბურია – Marao
თიკა ჯამბურია 1991 წლის 14 მარტს თბილისში დაიბადა. დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტი და მიიღო მუსიკალური განათლება ფორტეპიანოს განხრითაც. მისი განსაკუთრებული ვოკალური მონაცემები სულ მცირე ასაკში შენიშნეს და ლადო გუდიაშვილის 100 წლის იუბილეზე თბილისის ნაციონალური ბალეტისა და ოპერის თეატრში სიმფონიურ ორკესტრთან ერთად იმღერა. მოგვიანებით, 9 წლის ასაკში, ჩაწერა ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი ჰიტი “ჯეირანი”, რამაც განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა. ხალხმა განსაკუთრებით შეიყვარა მისი და დათო ხუჯაძის დუეტი “ცისარტყელები”.
2006 წელს გამართა სოლო-კონცერტი ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში თბილისის ბიგ-ბენდთან ერთად. სხვადასხვა დროს საქართველოში, რუსეთში, იტალიასა და ბულგარეთში ჩატარებულ კონკურსებში მიღებული აქვს გრან-პრი.
წარმატებული კარიერის პარალელურად, საზოგადოება ახალგაზრდა ნიჭიერი და პოპულარული მომღერლის პირადი ცხოვრებითაც ინტერესდებოდა. მან ადრეულ ასაკში იქორწინა ჟურნალისტ ხათუნა ხოფერიას ვაჟზე, ბექა ხოფერიაზე. წყვილს ერთი შვილი, ნინა ხოფერია შეეძინა, თუმცა ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. ბექამ კიდევ რამდენჯერმე იქორწინა. თიკასთვის ეს განშორება რთული აღმოჩნდა. ის წლების განმავლობაში ებრძოდა ჭარბ წონასაც, თუმცა სწორი კვებითა და ვარჯიშით სასურველი შედეგის მიღწევა მოახერხა და ბოლო დროს განსაკუთრებით ხშირად აღნიშნავენ, რომ ის არაჩვეულებრივად გამოიყურება: “25 კილო დავიკელი 9 თვეში. წონაში კლების ერთადერთი გამოსავალი არის ცხოვრების სტილის შეცვლა. კვების რაციონიდან ყველაფერი ამოვიღე, რაც მიყვარდა. ღამე არასდროს არ ვჭამ, ვვარჯიშობ და ფეხით ძალიან ბევრს დავდივარ” – ამბობს თიკა.
თიკამ პირადი ურთიერთობების შესახებ ს გადაცემაში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლა შეყვარებულია: “ჯანსაღად შეყვარებული ვარ. ისეთი ადამიანი არის ჩემ გვერდზე, რომელთანაც საკუთარ თავს ვგრძნობ ისე, როგორიც ვარ სინამდვილეში, ვარ ძალიან თავისუფალი, ლაღი, გახსნილი… ძალიან კარგი უახლოესი მეგობარი მყავს გვერდით…”, – ამბობდა ის.
ამჯერად კი თიკა ჯამბურია გულშემატკივრებს თავისი ცხოვრების ახალ ეტაპსა და სიახლეებს უზიარებს: “და, აი, ისიც. ჩემი ცხოვრების ახალი გამოწვევაა. ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ ვგიჟდები სამზარეულოში ფუსფუსზე და ყოველთვის მინდოდა, უფრო სიღრმისეულად ამ პროფესიის სწავლა, მაგრამ ვერ ვახერხებდი, თუმცა ალბათ ყველაფერს თავისი დრო აქვს… და ეს სწორედ ის მომენტია, რომელიც უნდა გამოვიყენო. მიგულშემატკივრეთ, მართლა ძალიან, ძალიან მონდომებული ვარ და საოცარ სიამოვნებას ვიღებ პროცესით “, – წერს თიკა ჯამბურია სოციალურ ქსელში. როგორც ცნობილია, ის პოპულარული კულინარიული შოუს, “მასტერშეფის” ერთ-ერთი მონაწილეა და სხვა კონკურსანტებთან ერთად მაყურებელს საინტერესო, ორიგინალურ და გემრიელ რეცეპტებს შესთავაზებს.