2022 წლის 27 აპრილს გიორგი ჩაკვეტაძეზე სტატია გამოვაქვეყნეთ. მას ორი წლის შემდეგ განმეორებით, შეუცვლელად გთავაზობთ, რათა კიდევ ერთხელ გავიაზროთ, “ჩაკვეს” თავს მოკლე დროში რამდენი პოზიტიური ცვლილება მოხდა, როგორ გამოასწორა მან ის სუსტი წერტილი, რაც ნახსენები გვაქვს – ევროპის ჩემპიონატზე ართმევებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ახლა საუბარი “ძველ” და “ახალ” ჩაკვეტაძეზე მიდის… ყველაფრისთვის მადლობა ვლადიმირ ვაისს, ვინც გიორგის “სლოვანში” საჭირო დროს დიდი ნდობა გამოუცხადა და ინგლისურ ჩემპიონშიპს, სადაც “ჩაკვემ” ახალი უნარები შეიძინა. ჩვენ მის შესაძლებლობებში ყოველთვის დარწმუნებულები ვიყავით!..
არსებობენ ფეხბურთელები, რომელთა ხსენებაზეც
გონებაში ესა თუ ის ეპიზოდი ამოგიტივტივდება. გიორგი ჩაკვეტაძის შემთხვევაში ასეთი “ერთა ლიგის” სადებიუტო გათამაშების ჯგუფური ეტაპია, სადაც საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, უბრალოდ, “იფრინა”.
ვიცით, რომ “ჩაკვე” ქართველი ჟურნალისტებისა და გულშემატკივრების გამოხმაურებას აქტიურად ეცნობა და საკმაოდ ემოციურად აღიქვამს. ჩვენი მთავარი გზავნილი ისაა, რომ გიორგის შესაძლებლობების ბოლომდე გვწამს, მაქსიმალურად გვინდა გავამხნევოთ, თუმცა ეს საკითხი იმდენად აქტუალურია, მასზე ბევრ საუბარს მაინც მოითხოვს…
ვინც მაშინდელ ეროვნულ ლიგას თვალს ადევნებდა, შეუძლებელია ჩაკვეტაძე შეუმჩნეველი დარჩენოდა – ტექნიკით, სისწრაფით, ბურთთან განსაკუთრებული ურთიერთობით, დაფარული პასებით… რა თქმა უნდა, ვერავინ იტყოდა, რომ მისი წასვლის დრო არასწორად შეირჩა. კლუბი? მაშინ “ბაიერნზეც” იწერებოდა, მაგრამ ხშირად ვხედავთ, რომ ასეთი საუბრები, ძირითადად, ჭორებს ეყრდნობა…
ბელგიაზე სულ გვესმის, რომ ტოპ-ჩემპიონატებთან ერთ ნაბიჯშია, თუმცა ჩვენებურებს აქ ნაკლებად უმართლებთ. ამაზე საუბარი ახლა შორს წაგვიყვანს.
გიორგის კარიერაში საკმაოდ ხანგრძლივი ტრავმა სერიოზულად გარდამტეხი აღმოჩნდა. სამწუხაროდ, მის შემდეგ ძველებური ჯერ ვერ დაბრუნდა…
ნდობის ფაქტორი ადამიანებისთვის უმნიშვნელო არასდროსაა. როგორც ჩანს, ჩაკვეტაძისთვის ამას კიდევ უფრო დიდი დატვირთვა აქვს. როცა გიორგის საქმეები კარგად მისდის და გუნდის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელზეც მწვრთნელი დიდ აქცენტს აკეთებს, თვითონაც გაცილებით ლაღი და თავდაჯერებულია.
ეროვნულ ნაკრებში “ჩაკვეს” დიდი როლი ჰქონდა და ეს მოკრძალებული ბიჭი ლიდერობის მისიას მშვენივრად ასრულებდა. ასევე, როცა “გენტში” მწვრთნელი “კარგი თვალით” უყურებდა, უკეთესიც იყო.
რთულია, გუნდის მწვრთნელისგან მოითხოვო, დიდი დრო მისცეს მოთამაშეს, რომელიც ახლად მომჯობინებულია და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა, თუმცა ბელგიური კლუბის ხელმძღვანელობა ქართველი ტალანტის მდგომარეობის გაუმჯობესებით თითქოს ნაკლებად იყო დაინტერესებული. არადა, თავის დროს გიორგი იმის გამო შეიძინეს, რომ მასში დიდ მომავალს ხედავდნენ.
“ჩაკვეს” “ჰამბურგში” გადასვლას აღფრთოვანებით შევხვდით, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელოვანი კლუბი ახლა ბუნდესლიგაში არაა. გიორგიზე გერმანული მედია საკმაოდ ბევრს წერდა, კლუბი სხვადასხვა ფორმით ამხნევებდა, დროც მისცეს, თუმცა იქმნება შთაბეჭდილება, რომ ქართველ ფეხბურთელს ბელგიური პერიოდიდან გამოსასვლელად გარკვეული დრო სჭირდება, რაც მაღალი მიზნებისთვის მებრძოლ კლუბში ასე მარტივად რთულია.
ვნახეთ ჩაკვეტაძის თამაშები – რამდენჯერმე ტექნიკის დემონსტრირებაც შეძლო, გოლიც გაიტანა, გაღიმებული და მოტივირებული ჩანდა, თუმცა ჰამბურგელების საქმე კარგად არ წავიდა, ისინი მე-2 ბუნდესლიგიდან აღზევებას ვერ ახერხებენ და ეს საერთო დამოკიდებულებზეც იმოქმედებდა.
როცა ქართველი ნახევარმცველი გერმანიაში გადავიდა, წერდნენ, რომ ის ძირითადში მოსახვედრად სონი კიტელის კონკურენტი იქნებოდა. როგორც აღმოჩნდა, “ჰამბურგის” წარმატება დიდწილად სწორედ კიტელზე ყოფილა აწყობილი – როცა ის არ იყო, გუნდს გამარჯვების მოპოვება უჭირდა. იქნებ, მასთან ერთად, საკუთარი ადგილი გიორგისაც მეტად ეპოვა.
რა თქმა უნდა, ჩაკვეტაძის თამაშს აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, რასაც თანამედროვე მწვრთნელები ყურადღებას აქცევენ. მაგალითად, გვახსენდება “გენტის” რიგებში გიორგის გაძევების ეპიზოდი, საიდანაც იმ დასკვნის გამოტანა შეიძლებოდა, რომ ჩაკვეტაძეს ართმევაზე თამაში უჭირს. ამ კომპონენტში სისუსტე სხვა შემთხვევებშიც გამოჩნდა. არავის უნდა ეგონოს, რომ ამის მიზეზი ისაა, თითქოს ნახევარმცველი ნაკლებად მებრძოლია; უბრალოდ, ეს მის ხასიათსა და სტილში გამჯდარი არაა.
მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ გერმანიასა და ნებისმიერ ტოპ-ლიგაზე, აქ მხოლოდ კარგი ტექნიკით, სისწრაფითა თუ პასით წარმატება რთულია, ორთაბრძოლებში ბევრჯერ უნდა შეხვიდე.
ტრავმისკენ ხშირი მიდრეკილება – კიდევ ერთი სამწუხარო საკითხი, რაც გიორგის ირგვლივ ხდება. არ ვიცი, რა შეიძლება გააკეთოს პირადად მან, უბრალოდ სურვილია, რომ “ჩაკვე” ამით აღარ დაიტანჯოს. შეუძლებელია, ამის გამო მის სტაბილურობას საფრთხე არ ედგას.
ახლა ბევრი მსჯელობა მიდის იმაზე, გიორგი ბელგიაში უნდა დაბრუნდეს თუ ისევ წასვლას ეცადოს, თუნდაც მშობლიურ თბილისის “დინამოში”. ამ საკითხზე ერთმნიშვნელოვანი რჩევა რთულია, ყველაფერი კარგად უნდა აიწონოს…
თუკი კლუბებზე ვთქვით, რომ ისინი საუკეთესოებს ეყრდნობიან, ქართულ ფეხბურთს დასაკარგი ტალანტები არ ჰყავს და მათ ფორმაში ყოფნას ხელი მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ. საქართველოს ნაკრების თავკაც ვილი სანიოლის რამდენიმე გადაწყვეტილება გვაფიქრებინებს, რომ ის ამ მხრივ ყველაფერს ზუსტად იაზრებს. ჩაკვეტაძესთან დაკავშირებითაც იყო ეპიზოდი, როცა მას წმინდა სათამაშო მიზეზებით არ დაეყრდნო, თუმცა გიორგიმ ეს თავის სასიკეთოდ უნდა გამოიყენოს. სხვა მხრივ, ფრანგი სპეციალისტი “ჰამბურგის” შეხვედრასაც დაესწრო და “ჩაკვე” ძალიან სჭირდება.
ჩვენ გვჯერა, რომ ეს ჩაკვეტაძის მაქსიმუმი არაა,
ის ისევ ძველებური დაგვიბრუნდება.
ახლა ეს გიორგიმ ყველას უნდა დაუმტკიცოს!