ბატონ პრემიერთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას – სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ – ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
„სომხეთმა და საქართველომ დღეს დიდ წინსვლას მიაღწიეს, ბატონ პრემიერთან ერთად ხელი მოვაწერეთ ერთობლივ დეკლარაციას – სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობების შესახებ. ეს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. ეს მიღწევა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავზარდოთ და შეძენილით არ დავკმაყოფილდეთ, რაზეც სხდომის დროსაც ვისაუბრეთ.
ბატონ ღარიბაშვილთან განხილვების დროს ასევე გადავწყვიტეთ უწყებებს დავავალოთ ქმედითი ნაბიჯები გადადგან სომხეთის საზღვრის დელიმიტაციის საკითხის ბოლომდე მიყვანაზე. ასევე ვისაუბრე აზერბაიჯანთან ურთიერთობის დარეგულირების მიმართულებით სომხეთის რესპუბლიკის ძალისხმევაზე. ხაზი გაესვა, რომ მილიტარიზაციის მიმართულებები ხელს არ შეუწყობს ჩვენს ურთიერთობებს და როდესაც აზერბაიჯანთან მშვიდობის ხელშეკრულებას ხელს მოვაწერთ, მაშინ იქნება რეგიონში მიღწეული მშვიდობა.
ჩემს სიტყვას ვასრულებთ იმით, რომ ჩვენ მივიღეთ ერთობლივი დადგენილება, რომ დავიცვათ, შევინარჩუნოთ და გავაღრმაოთ კანონიერი ურთიერთობები ყველა მიმართულებით და ამ გზაზე წარმოქმნილი შესაძლო ყველა პრობლემა განვიხილოთ ურთიერთგაგების პრინციპით.
ბატონო ღარიბაშვილო, დიდი მადლობა ჩემი და ჩემი დელეგაციის თბილი მიღებისთვის. წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს თანამშრომლობას“,- განაცხადა ფაშინიანმა.