ვინ იქნება ილია მეორეს შემდეგ საქართველოს ახალი პატრიარქი? – სინოდს ფიქრისთვის 40 დღე აქვს.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ცოტა ხნის წინ პატრიარქის ანდერძთან დაკავშირებით მედიასთან განმარტება გააკეთა და გაიხსენა 2017 წლის ამბავი, როდესაც მისი თქმით, პატრიარქმა დაისვა და აუხსნა, რა უნდა ელაპარაკა მაშინ ტელევიზიაში მოსაყდრესთან და ანდერძთან დაკავშირებით.
ანდერძთან დაკავშირებით გეტყვით – პირველი კომენტარი მას შემდეგ, რაც 2017 წლის 23 ნოემბერს პატრიარქმა გამოაცხადა თავისი მოსაყდრე, პირველი კომენტარის გასაკეთებლად ტელევიზიაში როდესაც მივდიოდი, პატრიარქმა დამსვა და ამიხსნა, რა უნდა მელაპარაკა. რომ მესაუბრობდა, ვერ ვუყურებდი, ისე მედო ფურცელი და ვიწერდი მის ნალაპარაკებს, ეს ფურცელი შენახული მაქვს დღესაც. მან თქვა ასეთი რამ – აი, რომ არის მითქმა-მოთქმა, სად არის ანდერძი, რა წერია ანდერძში. მაშინ გახსოვთ უხერხული თემები წამოვიდა, რომ თითქოს, ქამარზე კიდია გასაღები და ა.შ. ეს სიტყვები მითხრა, ასე რომ ამბობენ, რომ ქამარზე კიდია გასაღებიოთ, თუ აქ არის თუ იქ არისო, ეხლაო მაგით რომ არ დაინტერესდნენო, რაც უნდა ეწეროს მაგ ანდერძშიო ის დავწერე და გამოვაცხადე ხმამაღლა, რომ აღარ ჰქონდეთ ამაზე ბჭობა, ეს წერია ანდერძში, თუ ის წერიაო, ამიტომ უნდა მივიჩნიოთ, რომ ბრძანება, რომელიც პატრიარქმა დაწერა და გამოაქვეყნა დაახლოებით 9 წლის წინ, ეს არის მისი ანდერძის სურვილი და ეს არის მისი ანდერძი. სინოდის შეკრებაზე ჯერ არაფერი თქმულა, ჯერ სამგლოვიარო განწყობა”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
სინოდის წევრები ღიად საუბარს ჯერჯერობით ერიდებიან, კანდიდატებთან დაკავშირებით, თუმცა, რამდენიმე კვირაში მათ მოუწევთ შეკრება, რადგან ილია მეორის შემცვლელი სინოდმა ორმოცი დღის შემდეგ უნდა აირჩიოს. ქვეყანას ახალი პატრიარქი, სავარაუდოდ, მაისის დასაწყისში ეყოლება.




