„ეს სპეცოპერაციაა. სახელმწიფო მოთამაშე ხდება“ – ვასილ მანაგაძე რთველის სუბსიდირების ცვლილებაზე

ღვინის ეროვნული სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი და კომპანია Only Good Wines-ის დამფუძნებელი ვასილ მანაგაძე რთველის სუბსიდირების პროგრამაში განხორციელებულ ცვლილებებს „სპეცოპერაციას“ უწოდებს და აცხადებს, რომ ყურძენზე ფასის განსაზღვრითა და კერძო კომპანიებისთვის სუბსიდირების შეწყვეტის პირობებში სახელმწიფოს „მოსავლის მართვის კომპანიის“ გააქტიურებით სახელმწიფო მოთამაშე ხდება.
რთველის სუბსიდირების პროგრამაში წელს შესული ცვლილებების შეფასებისას ის ღვინის ეროვნული სააგენტოს მოქმედ თავმჯდომარეს ლევან მეხუზლას განცხადებას ეხმიანება და ამბობს, რომ ეს არც მევენახეებზე ზრუნვაა, რადგან სახელმწიფო თუ რქაწითელის მინიმალური ღირებულება გაზარდა, საფერავის – დასწია.
„ჩემი აზრით, ეს არანაირად ფერმერებზე და ხარისხის კონტროლზე გათვლილი გადაწყვეტილება არ არის. რეალურად ეს პირდაპირი ინტერესია, საუბარია იმაზე, რომ მთელი ჭარბი მოსავალი სახელმწიფო კომპანიამ მიიღოს და უფრო მეტიც ჭარბი ყურძნის მოცულობები ხელოვნურად შეიქმნას. რქაწითელის მინიმალური ფასი 1.20 ლარი, რაც გამოაცხადეს კომპანიებისთვის მაღალი ფასია, რადგან ისინი შარშან ამ ყურძენს ფაქტობრივად 80 თეთრად ყიდულობდნენ, ამიტომ კომპანიები რქაწითელს იმ მოცულობებით აღარ შეიძენენ და სახელმწიფოს მოუწევს ამის შესყიდვა. სახელმწიფოში ივანიშვილს ვგულისხმობ, რადგან ისინი დაინტერესებულნი არიან რაც შეიძლება მეტი ნედლეული შეიძინონ სპირტის დასამზადებლად, შემდეგ კი თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გაყიდონ. ეს უფლება მხოლოდ სახელმწიფო კომპანიას აქვს, კერძო კომპანია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად ვერ გაყიდის. აქედან გამომდინარე სახელმწიფო კომპანიაში შეიქმნება დიდი რაოდენობით ნედლეული და შემდეგ ამ სპირტის მარაგებს ვისაც ჩათვლიან საჭიროდ მას მისცემენ.
ეს არ არის მევენახეზე ზრუნვა, წელს სახელმწიფომ პირველად დააფიქსირა რომ საფერავის ჯიშის ყურძნის მინიმალური ღირებულება 1.50 ლარი იქნება, ასეთი დაბალი ფასი საფერავზე აქამდე არ ყოფილა. თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ ამაყობენ, რომ ასეთი რეკორდული ექსპორტია, მაშინ ასეთი დაბალი ფასი საფერავზე არ უნდა იყოს. ამით რის თქმა სურთ, რომ ვისაც რქაწითელი აქვს მასზე ზრუნავენ ფასის აწევით და ვისაც საფერავი აქვს მასზე არ ზრუნავენ?!“, – განმარტავს ვასილ მანაგაძე.
დარგის წარმომადგენელი იმასაც ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილების შედეგი იქნება სპირტის მარაგების ერთ ხელში მოქცევა, რაც სახელმწიფოს მოთამაშედ აქცევს.
„ეს ყველაფერი გათვლილია იმაზე, რომ სპირტის მარაგები ერთ ხელში მოექცეს. ყველა თეთრი ყურძენი სახელმწიფო კომპანიაში უნდა წავიდეს, რომ მან გადაწყვიტოს ვისზე გაანაწილოს შემდეგ. ეს არის სპეცოპერაცია, რადგან ორი კვირით ადრე ასეთი გადაწყვეტილების მიღება ამაზე მეტყველებს.
ამგვარად სახელმწიფო ხდება მოთამაშე. მე თუ ქარხანა ვარ და 1.20 ლარად ვყიდულობ ყურძენს და ამისთვის კრედიტს ვიღებ, სახელმწიფო კომპანია ბიუჯეტიდან იღებს ამ თანხას. საბჭოთა კავშირის ფორმატში გადადიან და უფრო და უფრო შემოდიან ამ სექტორში. რა სახელმწიფოს საქმეა გაყიდვებში ჩართვა. მით უფრო მაშინ როდესაც „მოსავლის მართვის კომპანია“ წარმოებულ სპირტს 3 წელია მეოთხედ ფასში ყიდის“, – აცხადებს მანაგაძე.