ეს სექტორი მზარდია, თუმცა ფრაგმენტული – ვახტანგ კაჭარავა სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო ბაზარზე

ეს სექტორი მზარდია, თუმცა ფრაგმენტული, – ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ კომპანია Grossman-ის დამფუძნებელმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. BMG-ის ეთერში სტუმრობისას, კაჭარავამ იმ ფაქტორებზე გაამახვილა ყურადღება, რითიც საქართველოში სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის ბაზარი გამოირჩევა.
„ეს სექტორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, წლიურად დაახლოებით 15 მლრდ ლარზე მეტი ბრუნვით. ასევე კარგი ისაა, რომ ეს სექტორი მზარდიცაა, მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ანალიზს ვაკეთებდით, დავინახეთ, რომ სექტორი არის ძალიან ფრაგმენტული. ტოპ მოთამაშეების 30-ეულიც რომ ავიღოთ, ისინი მაინც ვერ სცდებიან ბაზრის წილის 20%-იან ნიშნულს. ანუ ბაზარზე ორგანიზებული ქსელები მხოლოდ 20%-ს იკავებენ. მსგავსი რამ ხდებოდა ფარმაცევტულ და სურსათის ბაზრების მიმართულებითაც ადრე. ვფიქრობ, რომ ეს ბაზარიც ახლა ევოლუციის პროცესშია“, – განაცხადა Grossman-ის დამფუძნებელმა.
აღსანიშნავია, რომ სამშენებლო, სარემონტო და საყოფაცხოვრებო პროდუქციის ბაზარზე კომპანია Grossman რამდენიმე თვის წინ გამოჩნდა და უკვე ორი ფილიალითაა წარმოდგენილი. მისი დამფუძნებლის თქმით, სწორედ ბაზრის ფრაგმენტულობიდან გამომდინარე გადაწყვიტა, Grossman-ის შექმნა.
„ვიფიქრე, რომ ორგანიზებული მოთამაშე, რომელიც დიდ უბნებში გაჩნდებოდა, მომხმარებელს კომფორტულ სერვისს, შოუ-რუმს, ფართო ასორტიმენტს, ბიუჯეტურ ფასებს და ამავე დროს, ხარისხიან პროდუქტს შესთავაზებდა, და ეს ბაზრისთვის იქნებოდა საინტერესო.
ზოგადად, ეს ბაზარი ორ პოლუსად იყოფა, ერთი მხრივ, არიან ორგანიზებული მოთამაშეები, რომლებიც დიდი მასშტაბისაა და მსხვილი მაღაზიებითაა წარმოდგენილი და მეორე მხრივ – არიან მცირე მეწარმეები, ღია ბაზრები, რომლებიც ერთეულ პროდუქტებს სთავაზობენ მომხმარებელს სხვადასხვა მიმართულებით. ჩვენი ამოცანაა, რომ არ ვიყოთ დიდი ჰიპერმარკეტი, ვიყოთ მომხმარებელთან ახლოს და როცა თქვენ დაგჭირდებათ სამშენებლო, სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქტი, ჩვენს მაღაზიაში დროის დაზოგვით და სასურველი ბიუჯეტით შეძლებთ შეიძინოთ“, – განაცხადა ვახტანგ კაჭარავამ.
მისივე თქმით, მეორე მიზეზი, რის გამოც Grossman-ი შეიქმნა, არის გაცემული სამშენებლო ნებართვების სტატისტიკა საქართველოში.
„ჩვენ დავინახეთ რომ მზარდია მოთხოვნა სამშენებლო, სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციაზე. თუ ავიღებთ მომდევნო სამწლიან პერიოდს, ვიცით, რომ ძალიან დიდი რაოდენობის კვ.მ-ია ასაშენებელი როგორც სამომხმარებლო, ასევე კომერციული მიმართულებებით, შესაბამისად, ჩვენი აქცენტიც ამაზე იყო. ამიტომაც გადავწყვიტეთ, პირველ რიგში, დედაქალაქში, და კონკრეტულად საბურთალოს ტერიტორიაზე გაგვეხსნა მაღაზიები, მათ შორის ლისის მიმდებარედ და მარშალ გელოვანზე. შემდეგ ფილიალს დიდ დიღომში გავხსნით, სადაც ასევე დიდი რაოდენობითაა სამშენებლო ნებართვები გაცემული. ასევე, სხვა ქალაქებიც არის ჩვენი ინტერესის სფერო“, – დასძინა მან.
კაჭარავას თქმით, მიმდინარე წლის ბოლომდე Grossman-ის კიდევ სამი ფილიალი გამოჩნდება. ხოლო მომდევნო სამწლიან პერსპექტივაში მინიმუმ 15 ფილიალის გახსნა იგეგმება. კომპანია განვითარების გეგმების თანახმად, წარმოების დაწყებასაც მოიაზრებს.