UG School-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თინათინ თოფურია აცხადებს, რომ სკოლებში ეროვნული გამოცდების გაუქმების მოლოდინი არსებობს და ამბობს, რომ თუ ეროვნული გამოცდების გაუქმდება განათლების სისტემისთვის ეს სერიოზული უკუსვლას იქნება. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
თოფურიას თქმით, ეროვნული გამოცდები იყო ერთადერთი ობიექტური მექანიზმი, რომელიც მოსწავლეების ცოდნას რეალურად აფასებდა და უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველყოფდა.
“კერძო უნივერსიტეტებს შეიძლება აბიტურიენტების მიღების თავისი კრიტერიუმები ჰქონდეთ, რაც შეეხება საჯარო უნივერსიტეტებს, მოსწავლე, რომელიც საჯარო უნივერსიტეტში აბარებს და გრანტი უნდა მიიღოს, ჩემი აზრით, ამ შემთხვევაში ობიექტური კრიტერიუმი უნდა არსებობდეს – და ასეთი კრიტერიუმი სწორედ ეროვნული გამოცდები იყო… ანუ 100 ბავშვიდან იმის განსაზღვრა რომელმა 20-მა ბავშვმა უნდა მიიღოს დაფინანსება და ჩაირიცხოს უნივერსიტეტში – ეს ობიექტურად უნდა მოხდეს. ეროვნული გამოცდები რასაც აკეთებს – ეს ობიექტური შეფასებაა და რატომ უნდა გაუქმდეს ქვეყანაში ის, რაც უკვე გაკეთებულია. ეს, ალბათ სასიხარულო იქნება მთელი რიგი რეპეტიტორებისთვის რადგან მათ დამატებითი შემოსავლის გაჩენის შესაძლებლობა ექნებათ, რადგან ბავშვების მომზადება ნიშნის დაწერის ერთ-ერთი კრიტერიუმი იქნება. ანუ სუბიექტზე დამოკიდებული შეფასება იქნება, ვიღაც ბავშვი შეფასდება 10 ქულით იმიტომ, რომ თანხას იხდის მასწავლებელთან, ვიღაც 7 ქულით იმიტომ, რომ მასთან არ ემზადება. საბოლოოდ კი, გრანტი ამის მიხედვით გაიცემა. ეს უნდა აღელვებდეს საჯარო სკოლის მოსწავლის მშობელს”, – აღნიშნა თოფურიამ.
ეროვნული გამოცდების გაუქმების შემთხვევაში, კერძო სკოლის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საჯარო სკოლებთან ერთად ეს გადაწყვეტილება კერძო სკოლებისთვისაც პრობლემური იქნება, რადგან ისინი არა ნიშანზე, არამედ ცოდნაზე არიან ორიენტირებულები.
“მეორეა ის თუ რა უნდა აღელვებდეს კერძო სკოლის მოსწავლის მშობელს. კერძო სკოლის მიზანი ის არის, რომ მშობლებს ვეუბნებით, რომ ისინი თანხას განათლებაში იხდიან და არა ნიშანში… კერძო სკოლებში ნიშნები ობიექტურად იწერება. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის კემბრიჯი შემოვიყვანეთ, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს ობიექტურად აფასებს. კემბრიჯი ნამდვილად არ დაწერს იმის გამო ნიშნავს, რომ თანხას უხდით, ის ობიექტურ ნიშანს დაწერს, გამოდის რომ ჩვენი ობიექტური ნიშნები ვერასდროს კონკურენციას ვერ გაუწევს იმ ბავშვის ნიშნებს, რომელიც საჯარო სკოლაში დადის, რეპეტიტორთან ემზადება და ყველა შემთხვევაში 10-იანს მიიღებს, იმიტომ რომ ამაში ფულს იხდის.
რა გამოდის? – ცოდნა აღარ იქნება შეფასებული სამინისტროს მიერ. გრანტს მიიღებს არა ცოდნა, არამედ ფულის გადახდა რეპეტიტორთან. ანუ გამოდის, რომ თუ ჩვენი ბავშვი, რომელიც კემბრიჯის გამოცდას ჩააბარებს და 8-იანს მიიღებს და ეს ნიშანი ბევრად უფრო მაღალი იქნება ვიდრე საჯარო სკოლაში მომზადებული ბავშვის 10-იანი და ის გრანტს მხოლოდ იმიტომ მიიღებს, რომ მას 10-იანი ჰყავს, მეც იძულებული ვიქნები 10-იანები დავწერო, რომ ბავშვები არ დაიჩაგრონ. საბოლოო ჯამში ვიღებთ მანკიერ სისტემას – ვინც მეტ ფულს გადაიხდის, ის მიიღებს ნიშნავს. ამის ძალიან გვეშინია. ჩემი აზრით, მთელი საზოგადოება ამ უკუსვლას უნდა აპროტესტებდეს. ეს სერიოზული უკუსვლა იქნება”, – აღნიშნა UG School-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თინათინ თოფურიამ.
ცნობისთვის, „ოცნების“ მთავრობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის ახალ მოდელზე მუშაობას აგრძელებს. როგორც სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებაშია აღნიშნული, 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში მომზადდა ახალი სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფცია და ტექნიკური სპეციფიკაციების აღმწერი დოკუმენტი.
ამასთან, მოხსენების თანახმად, შემუშავებულია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს.
ასევე, დოკუმენტში წერია, რომ საშუალო საფეხურის პოლიტიკის განვითარების ფარგლებში, ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირის გასაძლიერებლად, მსოფლიო ბანკის მიმდინარე ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალი მოდელი.
