ეს საქმე არის მამხილებელი დოკუმენტი იმისა რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა იდგა სისხლზე და ძალადობაზე და ქალბატონი როინ შავაძის მეუღლე დღეს ამას საკუთარი მონაყოლითაც ამტკიცებს
მძიმეა როინ შავაძის ისტორია, რომელიც ‘ნაციონალური მოძრაობის’ რეჟიმის დროს სისტემამ მოიშორა და ჩაცხრილა – წერს „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში. როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ეს საქმე არის მამხილებელი დოკუმენტი იმისა რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა იდგა სისხლზე და ძალადობაზე. „მძიმეა როინ შავაძის ისტორია რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” რეჟიმის დროს სისტემამ მოიშორა და ჩაცხრილა.
როგორც როინ შავაძის მეუღლე აცხადებს – “როინი მოკლეს იმიტომ, რომ მან აგვისტოს ომის შესახებ იცოდა ისეთი რამ, რაც არ უნდა სცოდნოდა, თორემ მას პირადი მტრები არ ჰყავდა. არ აკმარეს ის, რომ მხეცურად მოკლეს და სამშობლოს მოღალატის სახელიც მიაკერეს. რას უღალატა, ვის უღალატა, რატომ და როგორ? – ამას დამტკიცება ხომ უნდოდა და იოლი ხერხი მოძებნეს – ნარკომანი გამოიყვანეს. კაცი, რომელმაც ოთხი ომი გამოიარა და საქართველოსთვის ცოცხლობდა, მთავრობამ მოკლა. კაცს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა სამშობლოსთვის, დამნაშავის იარლიყი მიაკერეს, მაგრამ ეს მკვდარსაც ვერ დაუმტკიცეს.
საქმე ვერ შეკერეს!” უფრო დეტალურად კი – 2008 წლის 16 აგვისტოს ომიდან ორი დღის დაბრუნებული სენაკის 23-ე ბატალიონის ჯარისკაცი, თავდაცვის სამინისტროს მსუბუქი ქვეითი ბატალიონის მზვერავი როინ შავაძე ბათუმის ცენტრალური ქუჩიდან ნიღბიანმა სპეცრაზმელებმა აიყვანეს ქობულეთისა და გურიის საზღვართან. აღნიშნულმა პირებმა გააჩერეს ავტომანქანები და უმწეო მდგომარეობაში მყოფი როინ შავაძე ავტომანქანიდან გადაიყვანეს, დააყენეს სავალი გზის გადასწვრივ, ქარსაცავი ხეების ზოლის მიმდებარედ და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან მრავალჯერადი გასროლებით მოახდინეს მისი ლიკვიდაცია. სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, შავაძეს სხეულზე, დაახლოებით, 40 ცეცხლნასროლი ჭრილობა აღენიშნებოდა.
გარდა ცეცხლნასროლი ჭრილობებისა, გარდაცვლილს აღენიშნებოდა ფიზიკური დაზიანებები, რაც მას გარდაცვალებამდე ძალადობის შედეგად ჰქონდა მიყენებული. მათ შორის: მარცხენა მხრის ძვლის მოტეხილობა, მარცხენა ბარძაყის ძვლის მოტეხილობა; ცხვირის, თვალბუდის და შუბლის მიდამოში დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. ნიკაპის და კისრის არეში ნასკდომი ჭრილობები; ნეკნების მრავლობითი მოტეხილობა; მარცხენა მტევნის მე-2 და მე-3 თითის ფალანგების მოტეხილობა. გარდა ამისა, შავაძეს სხეულზე აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანებების კვლები, რომელიც მიყენებული უნდა ყოფილიყო სხეულზე ანთებული სიგარეტის ზემოქმედების შედეგად; ასევე, აღენიშნებოდა მრგვალი ფორმის თერმული დაზიანების კვალი, რომელიც განვითარებული, შესაძლოა, ყოფილიყო ცეცხლსასროლი იარაღის ლულით სხეულზე ზემოქმედების შედეგად.
როგორც შს იმჟამინდელმა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, დაკავებულმა მზვერავმა თბილისში გადმოყვანისას წინააღმდეგობა გაუწია კუდის სპეცრაზმელებს, ბადრაგს იარაღი წაართვა, გაისროლა და გაქცევა სცადა, ამიტომაც “ადგილზე იქნა ლიკვიდირებული”. თუმცა ძალოვანებს მხედველობიდან გამორჩათ ის გარემოება, რომ მოკლულს გულმკერდის არეში არაერთი ტყვია ჰქონდა ნასროლი… სტრასბურგის სასამართლომ 2020 წლის 19 ნოემბერს, საქმეზე — “შავაძე საქართველოს წინააღმდეგ” — ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე, არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება, რომ შავაძის სიკვდილი დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებასა და გამოძიების მსვლელობაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობდა.
აღნიშნულ საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა ჯამში 12 პირის მიმართ დაიწყო. ეს საქმე არის მამხილებელი დოკუმენტი იმისა რომ “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობა იდგა სისხლზე და ძალადობაზე და ქალბატონი როინ შავაძის მეუღლე დღეს ამას საკუთარი მონაყოლითაც ამტკიცებს.“ – წერს მეგრელიშვილი
