მამუკა ხაზარაძემ განმარტავს, როგორ გააგრძელებს “ძლიერი საქართველო” მუშაობას მისი და ბადრი ჯაფარიძის დაკავების შემთხვევაში. მან ჩამოთვალა პოლიტიკოსები, რომლებიც გააგრძელებენ პარტიის მშენებლობას. მათ შორის, “გამწევ ძალად” დაასახელა კოალიციის გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე და კოალიციური პარტნიორები – ალეკო ელისაშვილი და ანა დოლიძე.
“ჩვენ ამისთვის [დაკავებისთვის] მზად ვართ. ჩვენ ამისთვის მზად ვიყავით მაშინაც, როცა ფულის გათეთრება დაგვაბრალეს. მახსოვს ჩემი და ანა ნაცვლიშვილის საუბარი, როცა ის გვიერთდებოდა პარტიაში. მან თქვა, რომ მე გული მიგრძნობს, რომ შეიძლება დაგაკავონ და რა გეგმა გვაქვს. ჯერ კიდევ მაშინ ვიყავით ჩამოყალიბებული ჩვენ, როგორ გავაგრძელებთ. არაჩვეულებრივი ლიდერები გვყავს პარტიაში: ირაკლი კუპრაძე, საბა ბუაძე, ლევან სამუშია, ანა ნაცვლიშვილი, ჩვენი კოალიციის წამყვანი პარტნიორი ალეკო ელისაშვილი და ასევე წამყვანი პარტნიორი ანა დოლიძე, ლანა გალდავა, ფიქრია ჩიხლაძე. არ მინდა რამე გამომრჩეს – დათუნაშვილი თაზო, ჩვენი არაჩვეულებრივი ადამიანი ვატო სურგულაძე, ჩვენი ახალგაზრდების ლიდერი ოთო ფარულავა და ა.შ. ვინმე არ გამომრჩეს. მამუკა კაციტაძე, ნიკა ჩერქეზიშვილი, გიორგი სიორიძე და ა.შ. გეგმა რა არის? გეგმა არის ბრძოლის გაგრძელება. პარტია გაიზრდება უფრო მეტად, დარწმუნებული ვარ. ირაკლი კუპრაძე არის არაჩვეულებრივი ლიდერი, ანა დოლიძე და ალეკო ელისაშვილი, ეს სამი ადამიანი, იქნება გამწევი ძალა რომელიც აი ამ ლიდერშიპს – ბევრი ჩამოვთვალე და ბევრი არ ჩამომითვლია – გააგრძელებს პარტიის მშენებლობას და დარწმუნებული ვარ, ძალიან წარმატებულად. ირაკლი არის “ძლიერი საქართელოს” გენერალური მდივანი, არაჩვეულებრივად ასრულებს თავის საქმიანობას, არის პერსპექტიული, განათლებული, მებრძოლი, ქუჩაც იცის, მოლაპარაკებაც იცის, თავგანწირვაც იცის, ამიტომ ყველაფერი იქნება მაგრად”, – ამბობს მამუკა ხაზარაძე.
ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაკავების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მათ უარი თქვეს “ქართული ოცების” შექმნილ, ენმ-ის მმართველობის შემსწავლელ საგამოძიებო კომისიაში მონაწილეობაზე. ისინი კომისიის კითხვებზე პასუხების გასაცემად 24 მარტს დაიბარეს. “ოცნებამ” კომისიის სხდომაში მონაწილეობა სავალდებულოდ განსაზღვრა. მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე.
25 მარტს, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ კომისიაზე მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას, რა თქმა უნდა, არ აპირებს. მომდევნო დღეს, 26 მარტს ის პროკურატურამ მოწმის სახით გამოკითხვაზე დაიბარა. დღეს, 27 მარტის, ხაზარაძემ განაცხადა, რომ დაბარებულია სასამართლოში.
ხაზარაძის თქმით, მიუხედავად იმისა, დარწმუნებულია როგორც პროკურატურის, ისე სასამართლოს პოლიტიზებაში, მზად არის, ნებისმიერი ბრალდება გაარჩიოს “ივანიშვილის სასამართლოში”.
კომისიაზე დაბარებიდან მეორე დღეს “ძლიერ საქათველოში” სწორედ ამ სამი ადამიანის – ირაკლი კუპრაძის, ალეკო ელისაშვილისა და ანა დოლიძის სპეციალური ბრიფინგი გაიმართა. მათ გააკრიტიკეს კომისიის საქმიანობა და განაცხადეს, რომ “გამოწვევა მიღებულია”.
“კოალიცია “ძლიერი საქართველოს” სახელით მივმართავთ ბიძინა ივანიშვილს: გამოწვევა არის მიღებული. ეს გამოწვევა მიიღო კოალიცია სრულად და კოალიციის ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ, როცა თქვეს გაბედულად, რომ არ მიანიჭებენ ლეგიტიმაციას საქართველოს არალეგიტიმურ პარლამენტს”, – განაცხად აირაკლი კუპრაძემ.
“რა თქმა უნდა, სამართალთან, რამის გულწრფელად გამოძიებასთან საქმე არ გვაქვს. უბრალოდ, ახალი შაპიტო მოიფიქრეს პარლამენტს რომ ეძახიან თავის თავს იმ ხალხმა და იმ ცირკში და იმ შაპიტოში გვეპატიჟებიან, რომ მონაწილეობა მივიღოთ, რასაც ჩვენ არ ვაპირებთ”, – თქვა ალეკო ელისაშვილმა.
“ჩვენ ვიყავით ის ადამიანები, რომლებიც იღვწოდნენ, რომ ნებისმიერი სისტემის და ნებისმიერი ხელისუფლების დროს, ყველა დაზარალებულმა იპოვოს სამართალი, აღადგინოს საკუთარი ღირსება და უფლებები. ასე უნდა მოხდეს იმ ხალხთან მიმართებით, რომლებსაც უფლებები დაერღვა წინა ხელისუფლების დროს. თუმცა, რაც არის ჩვენს წინაშე, ეს არც სამართლიანობაა და არც ვინმეს პიროვნული ღირსების ან ქონებრივი უფლებების აღდგენა. ჩვენს წინაშეა პოლიტიკური ანგარიშსწორება იმ პოლიტიკური გაერთიანების მიმართ, რომელიც დღეს წარმოადგენს ივანიშვილის მთავარ ოპონენტ ძალას”, – განაცხადა ანა დოლიძემ.
