გიორგი მიქაუტაძის “ლიონის” მთავარმა მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ მის 9-თვიან დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში, სადაც “ოლიმპიკმა” “ბრესტი” საკუთარ მოედანზე 2:1 დაამარცხა, მსაჯი კომპენსირებულ დროში მასპინძელთა კარში შესაძლო პენალტის სანახავად ვიდეოკამერასთან მივიდა, რომელსაც ფონსეკა შეეკამათა და არბიტრმა გააძევა.
“მთლიანად მომავალ შეხვედრაზე ვარ ფოკუსირებული, მაგრამ ამ გადაწყვეტილების გამო უსამართლობას ვგრძნობ. მინდა განვმარტო, რომ მსაჯს არ შევხებივარ და ფიზიკურ ძალადობას არ ვაპირებდი.
ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გუნდიდან და ფეხბურთელებიდან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობ. მსურს, მომავალი დაპირისპირებისთვის კლუბში სიმშვიდე იყოს”, – აღნიშნა
ფონსეკამ.
ფონსეკას დისკვალიფიკაციას მისი უკრაინელი მეუღლე კატერინაც გამოეხმაურა, რომელმაც ეს სასჯელი აბსურდულად მიიჩნია.
“9 თვე რამდენიმე წამიანი ყვირილისთვის? აბსურდული, აბსოლუტურად სკანდალური, უპრეცედენტო გადაწყვეტილება. ვითხოვ სამართლიან სასამართლოს და არა პოლიტიკურ აღსრულებას“, – წერს კატერინა ფონსეკა სოციალურ ქსელში.
