ჭიათურის საწარმოების ხელმძღვანელი მიხაილ სოცკის განცხადებით, მისთვის მთავარი ორი საკითხის მოგვარებაა. ეს არის მიწისქვეშა წარმოების განახლება და მღვიმევისა და შუქრუთის მაღაროებში დასაქმებულებისთვის კომპენსაციების გაცემა. აღნიშნულის შესახებ დღეს, ჭიათურაში საპროტესტო აქციების მონაწილეებთან შეხვედრისას ისაუბრა, რომელიც Facebook-ის გვერდ „მაღაროელზე“ პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.
საქმე ის არის, რომ 19 მაისს პროტესტის მონაწილე მაღაროელები თავის მოთხოვნებზე კომპანიის პოზიციას ელოდნენ. მათ მიხაილ სოცკისთან იურისტების თანდასწრებით 15 მაისს გამართულ რიგით მეორე შეხვედრაზე 3 ძირითადი მოთხოვნა წამოაყენეს. ეს იყო 4 დაკავებულის გათავისუფლება, ძველი ხელფასების ოპერატიულად დარიგება და საბანკო სესხების პროცენტების განულება. თუმცა პასუხის ნაცვლად „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“ 19 მაისის საღამოს განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამი იყო:
„ჭიათურის საწარმოებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესის შუალედური შეფასებისას წამოჭრილ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით გიზიარებთ დამატებითი განმარტებას.
მათთვის, ვინც რეორგანიზაციის შედეგად ჩვენთან გააგრძელა შრომითი ურთიერთობა, უახლოეს 2-3 კვირაში დავიწყებთ მარტი-აპრილის სახელფასო დავალიანების ეტაპობრივ ანაზღაურებას.
რაც შეეხება იმ პირებს, რომელთა შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზით ვერ მოხერხდა შრომითი ურთიერთობების გაგრძელება, ისინი განიხილებიან როგორც საბოლოოდ დათხოვილი თანამშრომლები. მათ ავუნაზღაურებთ როგორც კანონით გათვალისწინებულ ერთთვიან კომპენსაციას, ისე 2025 წლის 27 აპრილამდე დარიცხულ სახელფასო თანხას. საბოლოო ანგარიშსწორება მოხდება შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების შემდეგ.
ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს პარტნიორ ბანკებთან, რათა რეორგანიზაციის პროცესში დასაქმებულებსა და მონაწილე თანამშრომლებს შევთავაზოთ გაუმჯობესებული საკრედიტო პირობები. კონკრეტულ სიახლეებს საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გავაცნობთ“.
მიხაილ სოცკიმ მაღაროელებთან შეხვედრის დაწყებისას აღნიშნა, რომ მისთვის მიუღებელია სამუშაო პროცესში ჩარევა და შეფერხება, რასაც მისივე ინფორმაციით, დღეს ჰქონდა ადგილი. წარმოების ხელმძღვანელი დასაქმებულებთან სამუშაო ხელშეკრულებების განხილვისთვის მზაობას აცხადებს, თუმცა თავის შესავალ სიტყვაში არაფერს ამბობს იმაზე, რაც გუშინ გავრცელებულ განცხადებაში გათავისუფლებული თანამშრომლების შესახებ იყო აღნიშნული.
„დღეს ძალიან ცუდი რამ მოხდა, რაც არ მომეწონა – შეფერხდა სამუშაო პროცესი. ჩემი აზრით, პროცესის შეფერხება დასაბუთებული არ იყო. ყველა საკითხი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება გადაწყდეს, აქ უნდა გადაწყდეს. სამუშაო პროცესის ჩაშლა აისახება ანაზღაურებაზე. მე საერთოდ არ მინდა რომ ასე მოხდეს. ამიტომ ყველას გთხოვთ, რომ თქვენ გაითვალისწინოთ სამუშაო პროცესის და მოლაპარაკებების მნიშვნელობა.
არ ვაპირებ არანაირ საზოგადოებრივ დაჯგუფებებთან შეხვედრას, რადგან ვფიქრობ, მათ გავლენა არ აქვთ სამუშაო პროცესზე. დღევანდელი მოცემულობით მე ორი საკითხი მაღელვებს – საწარმოს ამოქმედება, შემდგომში ღირსეული ანაზღაურების უზრუნველსაყოფად და კომპენსაციების გადახდის საკითხი შუქრუთის და მღვიმევის მაღაროებზე. სხვა დანარჩენი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი დაჯგუფებების საკითხები მე არ მაინტერესებს. ჩვენ ეს ორი ფუნდამენტური საკითხი უნდა გადავჭრათ.
თქვენი მხრიდან ვითხოვ, არ შეაფერხოთ საწარმოო პროცესი. ყველა მაღარო დღეისთვის აღდგენის სამუშაოებზე, მოპოვება არსად ხდება. მინდა, მაქსიმალურად ოპერატიულად მოაწესრიგოთ თქვენი სამუშაო ადგილები.
22 მაისიდან ჩვენ ვიწყებთ ხელშეკრულებების განახლების ხელმოწერას, რომლის მიხედვითაც დღეისთვის სამუშაო პირობები არ იცვლება გარდა 8-საათიანი სამუშაო გრაფიკისა.
წარმოების დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში, ეტაპობრივად თითოეულ პროფესიაზე შემუშავდება ტარიფები, რაც სახელფასო ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობას მოგვცემს. ეს გამჭვირვალე პროცესი იქნება. ამ პერიოდში მოწესრიგდება ყველა სოციალური საკითხი – კვების, ჯანდაცვის დაზღვევის და სხვა წარმოშობილი საკითხები. სტაჟი არ წყდება. თუ ადამიანი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან ან ასაკიდან გამომდინარე წასვლას გადაწყვეტს, ჩვენ შევიმუშავებთ მისთვის ღირსეულ კომპენსაციას, რომელიც თქვენთან ერთად დამუშავდება“, – აცხადებს სოცკი.
წარმოების ხელმძღვანელის მიერ წარმოთქმული სიტყვის შემდეგ, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რა დროსაც მიხაილ სოცკიმ განაცხადა, რომ რეორგანიზაცია დაწყებულია და ყველას პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა. თუმცა მაღაროელები თავის კითხვებზე კომპანიის ხელმძღვანელის პასუხით არ დაკმაყოფილდნენ.
