“ეს მსოფლიო სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა!” – სავარაუდოდ, თბილისში სანქცირებული რუსი მოფარიკავეები ჩამოდიან, ამ ამბავს უკრაინელთა დიდი პროტესტი მოჰყვა
22-დან 30 ივლისის ჩათვლით თბილისში ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონატი უნდა გაიმართოს, რასაც წინ სკანდალური მოვლენები უძღვის. საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციამ ჩემპიონატზე ნეიტრალური სახელით ბელარუსი და რუსი სპორტსმენები დაუშვა, რასაც უკრაინის ფარიკაობის ფედერაციიდან და ამ ქვეყნის წარმომადგენელი 2 გზის ოლიმპიური ჩემპიონის ოლგა ხარლანის მხრიდან დიდი პროტესტი მოჰყვა.
საქართველოს დედაქალაქში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატში შესაძლო მონაწილეთა შორის სოფია ველიკაია და იანა ეგორიანი არიან, რომლებიც უკრაინაში ომის მხარდაჭერისა და რუსული პროპაგანდის გავრცელების გამო სანქცირებულნი არიან და სავარაუდოდ, თბილისში ჩამოვლენ.
უკრაინის ფარიკაობის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა და ამ ყოველივეს სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა უწოდა.
“ეს არა მხოლოდ უკრაინელი სპორტსმენების, არამედ მთელი მსოფლიო სპორტული საზოგადოების სახეში დარტყმაა”, – წერია განცხადებაში.
“თავიდანვე აღვნიშნავდით, რომ სპორტსმენების ნეიტრალური სახელით გამოსვლა სრული ფარსია და იმედი გვაქვს, ეს ნათელი ყველა სხვა უცხოური ფედერაციისთვისაც გახდა, რომლებიც ვითომდა შერჩევას ნორმალურად აფასებდნენ.
ასეთი თამამი გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი გახდა, რადგან უკრაინის ფარიკაობის ფედერაციის ყველა წინა საჩივარი უპასუხოდ დარჩა, მათ შორის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მხრიდან”, – განაცხადა FFU-ს პრეზიდენტმა მიხაილ ილიაშევმა.
FFU გეგმავს საჯაროდ მიმართოს უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს, ასევე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურს, რათა მოწოდებით მიმართონ საერთაშორისო ფარიკაობის ფედერაციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ კანონით გათვალისწინებული ზომები გამოიყენონ. FFU ასევე შეეცდება სამართლებრივად გავლენა მოახდინოს FIE-ს გადაწყვეტილებაზე.
რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მსოფლიო ჩემპიონატზე დაშვებას 2-გზის უკრაინელი ოლიმპიური ჩემპიონი ოლგა ხარლანი გამოეხმაურა, რომელმაც სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, თავად კი საქართველოს დედაქალაქში ჩამოსვლას არ აპირებს.
“მსოფლიო ჩემპიონატზე “ნეიტრალური” სპორტსმენები იქნებიან. ასე განაგრძეთ”, – დაწერა ირონიით ხარლანმა.
ინფორმაციისთვის, 2023 წლის ივლისში მილანში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ხარლანმა რუს სპორტსმენს ხელი არ ჩამოართვა. მან 1/32-ფინალში რუს ანა სმირნოვასთან გაიმარჯვა, ბრძოლის შემდეგ კი რუსი უკრაინელ სპორტსმენთან ხელის ჩამოსართმევად მივიდა, მაგრამ ხარლანმა მას საბრძოლველი ხმალი გაუშვირა, შეტრიალდა და დარბაზი დატოვა.
სმირნოვამ ეს საქციელი მსაჯებთან გააპროტესტა და რეგულაციების დარღვევის გამო პროტესტი შეიტანა, რომელიც არ დაკმაყოფილდა. ხარლანს 1/16-ფინალში ბულგარელი იოანა ილიევასთან უნდა ებრძოლა, მაგრამ ის დარბაზში არ გამოცხადდა, რის გამოც ბულგარელი შემდეგ ეტაპზე უბრძოლველად გავიდა.
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
ირმა ხეცურიანმა მსოფლიოს თასზე ოქროს მედალი მოიპოვა
