“ეს მიმართვა ოფიციალურ შეთავაზებად ჩათვალონ” -. რომან გოცირიძე

უნდა მისცე კომენტარი საინფორმაციო კანალიზაციის კოლექტორ TV იმედს თუ არა? ათასში ერთხელ ალბათ კი, მათი პროპაგანდა ოდნავ მაინც რომ გააბათილო. თუმცა მათი მიზანი სიუჟეტის ისე აწყობაა, რომ კომენტარში წამგებიანი კუთხით გამოგაჩინონ. ვიცი ეს ხრიკები, მაგრამ ხანდახან მაინც არ ვეუბნები უარს. მოკლედ, ასეა თუ ისე , მირეკავს იმედის პროპაგანდისტი ჟურნალისტი და კომენტარს მთხოვს რაღაც უაზრო, მაგრამ მათი პროპაგანდისთვის მნიშვნელოვან საკითხზე-როგორ ხდება ევროპის დეგრადაცია, როგორ ივიწყებენ ტრადიციულ ღირებულებებს და ემუქრება თუ არა ევროპაში სამუშაოდ წასულ ჩვენს ვაჟკაცებს გათხოვება. ალბათ ქართველი კაცების მოსალოდნელი გათხოვების შესახებ დეპუტატ წილოსანის შთამბეჭდავი გამოსვლით არიან შთაგონებულები. რადგან ვიცნობ პარლამენტიდან ამ ჟურნალისტს, ვიცი ბუნებრივად როგორ საუბრობს, ამიტომ ვხვდები ტონზე, რომ ჩუმად იწერს. ვეუბნები, რომ სატელეფონო საუბარს დამახინჯებულად დაამონტაჟებს ტვ. ნადეჟდა, ამიტომ მოდი კამერით და ჩაგეწერები მეთქი. შევათანხმებ უფროსობასთან და ახლავე დაგირეკავო. ველოდე ნახევარი საათი. მირეკავს. ვეუბნები, უკვე გავედი სახლიდან მეთქი. მივდივარ ინგა გრიგოლიას გადაცემაში და კალაძის კორუფციული საცობის შიშით საათზე ადრე გავედი სახლიდან. კინაღამ დავაგვიანე. დავბრუნდი ტვ პირველიდან, გამახსენდა ტელეფონის ზარი და ვიფიქრე, რაიმე სიუჟეტი ხომ არ გამოაცხვეს მეთქი. ვხედავ, ეს პროპაგანდისტი გოგონა ყვება ისტორიას, როგორ დავპირდი კომენტარს და როგორ გავექეცი , რადგან საკითხი ევროპის დეგრადაციას ეხებოდა და სათქმელი არაფერი მქონდა. ოპოზიციის სხვა წარმომადგენლებს ტელეფონები გაუთიშავთ თურმე. ესეც სიუტის მთავარი თემა იყო. სწორიც უქნიათ, რომ არც კი ჩათვალეს ლაპარაკის ღირსად. ერთი მე აღმოვჩნდი მიამიტი. ბოლო 6 წელიწადში 500 მილიონი ლარის ოდენობის ზარალის მქონე ტელენაგავი, რომელიც შავი ფულით ფინანსდება, მალე სანქციებში მოჰყვებაო, გამანდეს საიდუმლოდ. მზად ვარ მივაწოდო ამის შესახებ სანდო ინფორმაცია და შემიძლია მივიდე პირდაპირ მათ ეთერში. ხვალვე. ეს მიმართვა ოფიციალურ შეთავაზებად ჩათვალონ.