ეს ერთგვარი კვაზი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაა – ასე აფასებენ IDFI-ში საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამას.
საქმე ისაა, რომ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ანგარიშის თანახმად, პროგრამის ამოქმედებიდან 2024 წლის ჩათვლით ჯამში სახელმწიფოს 39 707 სოციალურად დაუცველი ჰყავს დასაქმებული.
როგორც IDFI-ს ეკონომიკისა და სოციალური პოლიტიკის კვლევითი მიმართულების ხელმძღვანელმა BMG-ის განუცხადა, ამ პროგრამით, ერთი მხრივ მთავრობა ხელოვნურად ცდილობს უმუშევრობის მაჩვენებლების შემცირებას, მეორე მხრივ მისი მიზანია, უფრო მეტი ადამიანი იყოს მათი პოლიტიკური კონტროლის ქვეშ.
მისივე თქმით, ბევრი კითხვა არსებობს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამის ეფექტიანობასთან დაკავშირებით.
„ჩვენი შეფასებით, ეს პროგრამა ერთგვარი კვაზი დასაქმების სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც გამსჭვალულია სოციალურ-პოლიტიკური მიზნებით და ნაკლებად კავშირშია ჯანსაღ ეკონომიკურ პროცესებთან. ჩვენ ბოლო წლებში ვხედავთ, რომ სახელმწიფო ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი მიაბას სოციალურ პროგრამებს, რაც მათზე მეტი ზეგავლენის საშუალებას ტოვებს. დაახლოებით 40 ათასამდე სოციალურად დაუცველი პირია ამ ეტაპზე პროგრამაში ჩართული, ეს ადამიანები ძირითადად ადგილობრივ თვითმმართველობებში საქმდებოდნენ. რამდენად საჭირო იყო და რამდენად ეფექტიანად იყო შექმნილი ეს ვაკანსიები, ამაზე ბევრი კითხვა არსებობდა. ფაქტობრივად ეს ფორმალური დასაქმებაა, რომელიც უმუშევრობის მაჩვენებელს ამცირებს, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფო უჩნდება მეტი ბერკეტი, რომ სოციალურ დახმარებაზე უფრო და უფრო მეტი ადამიანი იყოს მიბმული“, – განაცხადა გოგა თუშურაშვილმა.
ცნობისთვის, სოციალურად დაუცველი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამა 2022 წლის პირველი მარტიდან ხორციელდება და მასში ჩართული მოქალაქეების ხელფასი 300 ლარია. ის პირები, რომლებიც პროგრამაში ერთვებიან, ოთხი წლის განმავლობაში არ კარგავენ სოციალურად დაუცველის სტატუსს.
დასაქმებულები სხვადასხვა საბიუჯეტო ორგანიზაციაში ასრულებენ დამხმარე სამუშაოებს, მაგალითად დასუფთავების, მზარეულის ასისტენტის, დარაჯის, საკვების მიმტანის და სხვა სერვისების მიმართულებით. საზოგადოებრივ სამუშაოებზე სოციალურად დაუცველების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან 103.3 მლნ ლარი დაიხარჯება.
წყარო: bm.ge
