“ეს იყო 1977 წელი… მყავდა ცხენი, ძაღლები, მანქანა, გადასარევი ცოლი და ოჯახი – ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი…” – ზურა ყიფშიძე ცხოვრების მთავარ როლებსა და ადამიანებზე – Marao
მისი გამოჩენა სცენაზე ყველა თაობისათვის დღესასწაული იყო და არის. მის შემოქმედებაში ერთმანეთისაგან განსხვავებული ბევრი საკულტო როლია, თუნდაც არჩილ გამრეკელი, “ჩვენს პატარა ქალაქში”, ან “დონ ჟუანი”, რომლითაც მსოფლიო მოიარა, ან “არტ ხელოვნებაში” შესრულებული დაუვიწყარი სახე, რომელიც სცენიდან 30 წელი არ ჩამოსულა. უამრავი როლი შექმნა კინოსა და თეატრში. მაყურებლის იმხელა სიყვარული მოიპოვა, როცა გაიგებენ, მისი შესრულებით თეატრში სპექტაკლი ინიშნება, ერთ საათში ბილეთი აღარ არის. ასე მოხდა, როცა მისი ვარსკვლავის გახსნის დღეს მარჯანიშვილის თეატრში “მეფე ლირი” დაინიშნა. აფიშის გაკვრიდან ზუსტად ნახევარ საათში ბილეთები აღარ იყო. როგორც თავად ამბობს, ეს ვარსკვლავი თავის განუმეორებელ დედას, ქართული კინოსა და თეატრის ლეგენდას, ელენე ყიფშიძეს მიუძღვნა. დღევანდელი ჩვენი სტუმარი დიდი ადამიანი და დიდი მსახიობი, ბატონი ზურა ყიფშიძეა, რომელთანაც ჩვენი საუბარი თუმანიშვილის თეატრში სპექტაკლ “ბაკულას ღორების” შემდეგ შედგა.
– როცა პირველად ვითამაშეთ ბაკულა, ის სულ სხვა სპექტაკლი იყო. ისეთი ამბავი ხდებოდა სცენაზე, ვერც წარმოიდგენთ. ეს ჯღანაობაა, რაც ახლა ნახეთ. პირველი სასწაული იყო. რეჟისორებიც თამაშობდნენ იმ პირველ ვერსიაში. მოგეხსენებათ, მიშა თუმანიშვილს შერეული ჯგუფი ჰყავდა და ეს სპექტაკლიც ისეთივე არაჩვეულებრივი იყო, როგორიც თავად მიხეილ ივანიჩი. მარტო ნინელის და რამაზის დუეტი იყო ცალკე სპექტაკლი. მიშა არაჩვეულებრივი კაცი იყო, პედაგოგი, რომლის მადლიერიც ვიქნები მთელი ცხოვრება. თეატრი გამოხატვის ფორმაა, ეს არის ადგილი, სადაც სხვისი სახელით შენს სათქმელს ამბობ. თუ გამოგდის და ხალხიც გეუბნება ამას, კიდევ გინდა სხვა ნაჭუჭის მორგება. თეატრი მეორე ოჯახია, აქ გიხარია, გიყვარს, მიუხედავად საშინელი ჭორაობისა… როცა აქ მოვდიოდი, სახლში მოვდიოდი.
– ახლა?
– ახლა სულ სხვაა აქაურობა. მოდი, არ გვინდა ამაზე საუბარი.
– გასაგებია… რატომღაც ახლა თქვენი ფრაზა მახსენდება “დონ ჟუანიდან”: “პირფერობის არც ნიჭი მაქვს და არც უნარი”…
– არადა, წამგებიანია ცხოვრებაში, თუ პირფერობა არ შეგიძლია… ამ სპექტაკლს ახლაც სიამოვნებით ვითამაშებდი. დონ ჟუანი ზოგადი პერსონაჟია. ის ქალების მოყვარულია, როგორც ყველა ნორმალური მამაკაცი, მაგრამ დონ ჟუანი პროტესტანტია, ყველაფრის წინააღმდეგ ამხედრებული, ათეისტია, თუმცა ბოლოს აგრძნობინეს, რომ ღმერთი არსებობს!
– როცა გხვდებით რომელიმე სპექტაკლზე, სულ მხიარული ხართ, მაგრამ მგონია, რომ რაღაც ტკივილს ატარებთ, თითქოს იტანჯებით…
– დოსტოევსკის აქვს სვიდრიგაილოვზე: თუ ადამიანი მხიარული გეჩვენება და მას ნაღველი აქვს, ესე იგი, ნაღვლის ბუშტი აწუხებსო (იცინის)… არ ვიცი, არ ვიცი! ისევ მახსენდება დონ ჟუანის ფრაზა: “ასე ცხოვრება აღარ შეიძლება”. დღეს ზნეობის დაცემაა, ახლა ყველაფერი შეიძლება……
– როდის იყავით ყველაზე ბედნიერი? როცა, ვთქვათ, სიმშვიდეც იყო…
– სიმშვიდეს ბედნიერებას არ ვეძახი, პირიქით!.. ეს იყო 1977 წელი. იმხანად დავოჯახდი და ჩვენი თეატრი ყალიბდებოდა. შვილი შემეძინა… ერთდროულად იმდენი კარგი რამ მოხდა. საზღვარგარეთ მეძახდნენ სამუშაოდ – მე უარი ვთქვი. ჯანზე ვიყავი, მყავდა ცხენი, ძაღლები, მანქანა, გადასარევი ცოლი და ოჯახი – ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე კარგი პერიოდი.…მერე და მერე ღმერთი მაინც გიგზავნის ბედნიერებას იმის სახით, ამის სახით, მაგრამ ნელ-ნელა, აი, როგორც „Art“-შია – “თოვს და თოვს, სანამ კაცი არ გაქრება, არ გადავა იქ, სადაც შემდეგ ფერიცვალება ელის!”.
– ყველაზე ხშირად რაზე ფიქრობთ?
– წლებთან ერთად სენტიმენტალური ხდები, მაგრამ ის, რომ თითქმის სულ მარტო დავრჩი, ძალიან მაწუხებს. წელი არ გავა, ვინმე არ მომაკლდეს. სიკვდილის კი არ მეშინია, უფრო მეფიქრება. რამდენიმეჯერ მოვკვდი და არც ისე საშიში ყოფილა, მაგრამ მე მაინც იმ შეუცნობადზე მეფიქრება, მერე რა ხდება. აი, იქ უნდა გვესმოდეს ის, რაც არ გესმის, ვგრძნობდეთ…
– კლინიკურ სიკვდილს გულისხმობთ?
– კი, არაფერი ისეთი არ ხდება, პირიქით, სიამოვნების განცდაა. ორჯერ სერიოზული იყო, ორჯერ – ისე რა. იცი, შეგრძნება როგორი იყო? რომ დაიღალე და დაისვენე. ძალით დამაბრუნეს, თორემ არ ვაპირებდი მობრუნებას. რომ ვიცი, იქ მეგობრები და ოჯახი, დედა, დეიდები არიან…
– ვინ არის ზურა ყიფშიძე?
– ყველანი ვიღაცები ვართ… ცოტა ჩამორჩენილი და მეოცე საუკუნეში გაჭედილი, ვერ ავყევი ამ 21-ე საუკუნეს. თუმცა დღემდე ვაკეთებ იმას, რაც მომწონს, მაგრამ უნდა ვაკეთო ის, რაც სხვებს მოსწონთ…
მე ძალიან დიდი ოჯახი მყავს და არ შეიძლება ამის თქმა, მაგრამ მარტოსული ვარ. თეატრში, რომელიც ყველამ ერთად ავაშენეთ მიხეილ ივანიჩის წინამძღოლობით, დღემდე ვარ, მარჯანიშვილშიც ვარ, მაგრამ მაინც ყველა მარტოა…
– ეს გაწუხებთ?
– რა თქმა უნდა. ისევ 60-70-იან წლებში დავბრუნდებოდი. სიბერე ძალიან ცუდი გამოგონებაა, ბრძენდები, მაგრამ ბევრი რამ არ გახსოვს და ეს ძალიან ცუდია.