“ეს იყო ყველაზე უღირსი საქციელი, რითაც შეეძლო მმართველ პარტიას წარმოეჩინა თავისი “უპირატესობა” და დაესაჯა “საეჭვო” მასწავლებლები” – ეკატერინე წულუკიძე

ქართული ენისა და ლიტერატურის მენტორ მასწავლებელი ეკატერინე წულუკიძე განათლების სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაციაზე და პოლიტიკურ რეპრესიებზე საუბრობს და აცხადებს, რომ განათლების უწყების ჩარევით, პოლიტიკური პოზიციის გამო მისი კანდიდატურა ამოიღეს რაიონის დამსახურებული პედაგოგების სიიდან და სხვა პირით ჩაანაცვლეს.
“არასოდეს მეგონა თუ პოლიტიკური რეპრესიები შემეხებოდა როგორც მასწავლებელს! დღეს,მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის,დაბა მესტიის # 2 საჯარო სკოლის ორგანიზებით მასწავლებლის ეროვნული დღე აღინიშნა,რომელსაც ფინანსურად მხარს მესტიის მუნიციპალიტეტის მერია უჭერდა. მესტიის მუნიციპალიტეტის სკოლის დირექტორებს მოსთხოვეს დაესახელებინათ ღვაწლმოსილი და დამსახურებული პედაგოგების კანდიდატურა. თითო სკოლიდან ორი. ფარის საჯარო სკოლის პედ.კოლექტივმა და დირექტორმა ჩვენი სკოლიდან წარმადგინა მე, რისთვისაც უზარმაზარ მადლობას ვუხდი მათ, ვინ თუ არა მათ იციან, რას ვაკეთებ მე ჩემი მოსწავლეებისთვის, სკოლისთვის, თემისთვის და ზოგადად რაიონის ახალგაზრდებისთვის.
დადგა დაჯილდოების მომენტი და დარბაზში ვიგებთ,რომ მე ამოღებული ვარ სიიდან და ჩანაცვლებული. მარტო მე არ ვყოფილვარ ამ სიტუაციაში, სხვები თავად იტყვიან, ალბათ… ძალიან უხერხულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ დირექტორები,როცა მათ მიერ წარდგენილი კანდიდატების ნაცვლად თავად იყვნენ ჩანაცვლებული. ყველაზე კულმინაციური და სასაცილო მომენტი ღონისძიების დასასრულს მესტიის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ხელმძღვანელის შემაჯამებელი სიტყვა იყო, როცა იგრძნო უკმაყოფილების ტალღა, რომ თითოეული მასწავლებლის საქმე გაგზავნილი იყო განათლების სამინისტროში და ერთ-ერთმა დეპარტამენტმა განიხილა და შეარჩია სასურველი კანდიდატები.
თითქოს უჩვეულო არაფერი, მაგრამ კითხვები მაინც თავს იყრის…
1) რატომ იყო რაიონულ კონფერენციაში ესოდენ ჩართული განათლების სამინისტროს “ერთ-ერთი” დეპარტამენტი სკოლების მიერ წარდგენილ კანდიდატების გაცხრილვაში?
2) თუ დამსახურებას ეხებოდა საქმე, რატომ აღმოვჩნდი ასეთ დამცირებულ პოზიციაში? ნუთუ იმიტომ რომ ჩემი პოლიტიკური გემოვნება არ ემთხვევა მათსას?
ბოლომდე არ მინდა დავიჯერო,რომ ეს ხდება აქ მესტიაში, სადაც მთელმა რაიონმა იცის ჩემი დამსახურების შესახებ, მაგრამ რა დამპალი ყოფილა პოლიტიკა… ეს იყო ყველაზე უღირსი საქციელი,რითაც შეეძლო მმართველ პარტიას წარმოეჩინა დემონსტრაციულად თავისი “უპირატესობა” და დაესაჯა “საეჭვო” მასწავლებლები.
განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ჩვენ “დასჯილი” მასწავლებლები თქვენგან ველით პასუხს, რომელ დეპარტამენტში განიხილეს ჩვენი პირადი საქმეები და რატომ გახდა მიუღებელი ჩვენი კანდიდატურა თქვენთვის? მარიამ ჯაფარიძეს ექნება პასუხი,რატომ უარყო დირექტორების და პედკოლექტივის მიერ წარდგენილი მასწავლებლები? რატომ არ ჩავჯექით მის გემოვნებაში? გილოცავთ, გაცხადებული პოლიტრეპრესიები დასასრულს უახლოვდება და ყველას ნამდვილი სახე ჩნდება! 27 ოქტომბერს შევხდებით!”- წერს ეკატერინე წულუკიძე

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე უმრავლესობის დეპუტატების საკონსტიტუციო წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში დღეს გაიგზავნება