ეს იყო სწრაფი გამარჯვების მცდელობა – ზოდელავა პრეზიდენტის სასახლის დაკავების მცდელობაზე

4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო კომიტეტის ერთ-ერთმა წევრმა და ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლის დაკავების მცდელობა სწრაფი გამარჯვების მცდელობა იყო.
მისი თქმით, სწრაფი გამარჯვება არ გამოვიდა, მაგრამ ამის გამო ხალხი ფსიქოლოგიურად არ უნდა გატყდეს.
როგორც ზოდელავა ამბობს, ქვეყანაში რევოლუცია დაწყებულია, რასაც აღქმა და რამდენიმე დღიანი „ბრძოლა და შერკინება“ სჭირდება.
„ეს იყო სწრაფი გამარჯვების მცდელობა, ვაჟკაცური მცდელობა ბევრი ადამიანის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ნიჰილიზმში გადავვარდეთ. თუ გვინდა გამარჯვება, უნდა მივიღოთ ეს რამდენიმე დღიანი ბრძოლაც. ყველაზე ნაკლებ წინააღმდეგობას სადაც ველოდებით, იქ შევუტიეთ. პირადად მე სპეცრაზმის კორდონს შევასკდი მანდ [ორბელიანებზე]. იქ [პრეზიდენტის სასახლეში] იყო მეტი შესაძლებლობა, რომ სწრაფი გამარჯვება მოგვეპოვებინა. არა უშავს, არ გამოვიდა სწრაფი გამარჯვება? – მივიღოთ ფსიქოლოგიურად ახლა ეს“, – განაცხადა ზოდელავამ „ტვ პირველთან“.
რაც შეეხება იმას, რომ შესაძლოა დაიჭირონ იმისთვის, რომ მან მოუწოდა აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლის დაკავებისკენ, მურთაზ ზოდელავას თქმით, ის ყველაფრისთვის მზადაა, მათ შორის ციხეში დიდი ხნით ჩაჯდომისთვის.
„მე დამიჭერენ, სხვა ლიდერს რა გამოლევს, საქართველოა. ვაჟკაცებს რა გამოლევს აქ? მეტი ჩამოდით რეგიონებიდან, ვიღაც სხვის იმედზე კი ნუ იქნებით… რამდენიმე დღე უნდა გავძლოთ. მე დამიჭერენ, სხვა იქნება, არ აქვს ამას მნიშვნელობა. მე არავის შევარცხვენ, პირად მაგალითსაც მივცემ, მაგრამ ჩემზე უფრო მაგარი ხალხიც არსებობს. ჩადგეს ყველა. მიიღოს ეს მოცემულობა. ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი. კი ბატონო, იყო თრიგერი, იყო მცდელობა რაღაც ჩვენი სამხრეთული ხასიათის გამოყენებით და გააზრებით, რომ იქნება ასე გამოვიდეს. გასაგებია, არ გამოვიდა, მაგრამ ნუ კი გაგვასამართლებთ, ჩადექით ხალხი, გამოდით რაც შეიძლება მეტი… მე არ მგონია, რომ ივანიშვილი 20 წელი იყოს, მაგრამ მე პირადად ავმბოხდი და იმისთვისაც მზად ვარ მთელი ცხოვრება ვიჯდე [ციხეში]. ეს ჩემი პირადი ამბოხებაა და როგორც გაირკვა, 300 ათასი ქართველი ამ პირად ამბოხებას იზიარებს, ოღონდ ახლა ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანია, რომ ეს ყველამ გადახარშოს…
ეს არის ქართველი ხალხის განწყობა, ვერავინ მოიყვანს 200-300 ათას ადამიანს, თუ ერში არ არის ეს განწყობა. რევოლუცია სურს ქართველ ხალხს. მესმის ბევრი უკმაყოფილება გამოითქვა, მაგრამ სწორედ იმის გამო, რომ რევოლუცია უნდათ მოხდეს და დღეს ვერ მოხდა და დასრულდა. დღეს დაიწყო და რამდენიმე დღიანი ბრძოლის შედეგად შესაძლებელია, დასრულდეს გამარჯვებით. ეს შესაძლებლობა არ უნდა დავკარგოთ“, – განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს პრეზიდენტის სასახლისკენ წასვლისკენ სცენიდან მოუწოდა მურთაზ ზოდელავამ. ის სცენაზე პაატა ბურჭულაძის სიტყვით გამოსვლის შემდეგ ავიდა, რომელმაც თავის მხრივ წაიკითხა “4 ოქტომბრის ეროვნული კრების დეკლარაცია”. ამის შემდეგ მან ჩამოთვალა “ქართული ოცნების” 6 ლიდერის სახელი (, , ანზორ ჩუბინიძე, , , ) და განაცხადა, რომ “მოვითხოვოთ მათი სასწრაფოდ დატყვევება და მიყვანა საპყრობილეში”.
მას შემდეგ, რაც მოქალაქეთა ნაწილმა იქ თავისუფლების მოედნიდან გადაინაცვლა, დემონსტრანტებმა მოარღვიეს სასახლის ღობე და ეზოში შევიდნენ. რამდენიმე წუთში ადგილზე გამოჩნდა სპეცრაზმი, რასაც დაძაბულობა მოჰყვა. პრეზიდენტის სასახლესთან – შეკრებილი დემონსტრანტების წინააღმდეგ გამოიყენეს წიწაკის სპრეი, წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლატვიის საგარეო უწყება – არჩევნებს, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დევნა განხორციელდა, არ შეიძლება ეწოდოს არც თავისუფალ და არც დემოკრატიული

გიორგი შარაშიძე – ჩვენი პარტიული სიით გასული დეპუტატები საკრებულოებში შევლენ, პარლამენტის ბოიკოტი კი იყო შეცდომა, რისი გამოსწორების რამდენიმე გზა არსებობს – ვაკეთებთ ანალიზს და მივიღებთ გადაწყვეტილებას