რადიო თავისუფლებასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი საქართველოში აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის არასაჯარო წერილი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისადმი იყო „მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში“.
ელჩი რობინ დანიგანი ასევე აცხადებს, რომ მას სურდა ბიძინა ივანიშვილთან პირისპირ შეხვედრა, რადგან „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობის წერილზე ჰქონდა პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც სთხოვა, რომ ეს პასუხი ბიძინა ივანიშვილისთვის პირადად გადაეცა, თუმცა ივანიშვილისგან უარი მიიღო.
ელჩი ასევე აცხადებს: „ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“.
ელჩი, რომელიც ივლისში საქართველოს ტოვებს პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე, ასევე აღნიშნავს, რომ საქართველო-ურთიერთობების „სწორ გზაზე დაბრუნება არც ისე რთულია“ და ამას, პირველ რიგში, სჭირდება არის „ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა“.
ინტერვიუ შეერთებული შტატების ელჩთან ნინო გელაშვილმა ჩაწერა.
„ოცნების“ წერილი ტრამპის ადმინისტრაციას
ელჩი აცხადებს, რომ ჩვეულებრივ, ის არ გააკეთება კომენტარს დახურულ დიპლომატიურ კორესპონდენციაზე ან საუბრებზე, თუმცა თქვა: „მაგრამ ვინაიდან მთავრობამ გადაწყვიტა ეს გააკეთოს, რამდენიმე მონაცემს მოვიყვან“.
რობინ დანიგანმა განაცხადა, რომ ის დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, ადმინისტრაციის პირველ დღეებში ვაშინგტონში გაემგზავრა, რათა შეხვედროდა ახალი ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს:
„[რათა] დავლაპარაკებოდი საქართველოს მიმართ ჩვენს პოლიტიკაზე და მქონოდა გზამკვლევი, რა სურდათ, რომ ყოფილიყო მათი პირველი გზავნილი საქართველოს მთავრობისთვის“, – განაცხადა ელჩმა.
„მე დავბრუნდი ამ შეხვედრებიდან და შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს [მაკა ბოჭორიშვილს] და ძალიან მკაფიოდ წარვუდგინე ორი თუ სამი ნაბიჯი, რომელთა გადადგმითაც „ქართული ოცნება“ ხელს შეუწყობდა ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნებას“, – ამბობს იგი.
· რობინ დანიგანის და მაკა ბოჭორიშვილის შეხვედრა 2025 წლის 14 მარტს შედგა;
· აშშ-ის საელჩომ მაშინ მოკლე ცნობაში მიუთითა, რომ ელჩმა მინისტრს „გააცნო პრეზიდენტ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან რუბიოს მთავარი პრიორიტეტები“;
· „ასევე, ის ნაბიჯები, რომელიც საქართველოს შეუძლია გადადგას, რათა აჩვენოს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გაუმჯობესებისადმი სერიოზული დამოკიდებულება“.
„სამი დღის შემდეგ – და ხაზს ვუსვამ, ჩვეულებრივ ამაზე არ ვლაპარაკობ, მაგრამ პრემიერმინისტრმა თავად თქვა ამის შესახებ – „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობამ გამომიგზავნა წერილი ტრამპის ადმინისტრაციისთვის, პირადი წერილი.
ეს არ არის საჯარო წერილი, რომელიც, გულწრფელად გეტყვით, იყო მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი, არასერიოზული და უკიდურესად ცუდად იყო მიღებული ვაშინგტონში. უკიდურესად ცუდად“, – აცხადებს ელჩი დანიგანი რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.
„ივანიშვილმა უარი თქვა“
„ამიტომ, დაგვჭირდა გარკვეული დრო პასუხის მოსაფიქრებლად. ეს მართალია. და ვფიქრობ, გარკვეული დრო დაგვჭირდა იმიტომ, რომ ხალხი ძალიან გაოცებული იყო ასეთი წერილისგამოგზავნით ერთი ქვეყნის მიერ ჩემი ქვეყნისთვის“, – თქვა ელჩმა.
ის ასევე ამბობს, თუ როგორ როგორ წარიმართა მოლაპარაკებები ივანიშვილთან შეხვედრაზე, რაზეც საელჩომ უარი მიიღო:
„ამასობაში, სანამ ჩვენ პასუხზე ვფიქრობდით, პრემიერმინისტრმა გამოაქვეყნა ღია წერილი. და მაშინ მე მივედი პრემიერმინისტრთან და ვუთხარი, რომ მაქვს პასუხი სახელმწიფო მდივან რუბიოსგან, რომელმაც მთხოვა, რომ ის ბიძინა ივანიშვილს გადავცე.
ბიძინა ივანიშვილმა თქვა უარი“.
რობინ დანიგანი აცხადებს, რომ „პრემიერ-მინისტრს ნებისმიერ დროს სიამოვნებით“ შეხვდება, თუმცა „ცალკე მას არ უთხოვია ჩემთან შეხვედრა“.
„მაგრამ, მე მითხრეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციის ეს წერილი გადამეცა პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის და მან თქვა უარი. ჩემთვის არ უთხოვიათ, რომ ის პრემიერმინისტრისთვის მიმეცა“, – აზუსტებს იგი.
· „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა 28 მარტს „გაუგებარი“ უწოდა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა უარი თქვა ელჩთან შეხვედრაზე, – „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“;
· „უართან ერთად, ელჩს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა შევთავაზეთ… თუმცა, ელჩმა ამაზე უარი განაცხადა“, – განაცხადა ივანიშვილმა.
„მთავრობას მართავს ივანიშვილი“
რადიო თავისუფლების დამაზუსტებელ კითხვაზე, იკითხა თუ არა რობინ დანიგანმა ვაშინგტონში, რატომ უნდა გადაეცა აღნიშნული გზავნილი ბიძინა ივანიშვილისთვის და არა ირაკლი კობახიძისათვის, ელჩმა განაცხადა:
„ვფიქრობ, მსოფლიოში ადამიანების უმრავლესობამ იცის, რომ მთავრობას მართავს ბიძინა ივანიშვილი“.
„ყველაზე უცნაური ის არის, რომ, რასაც ის ითხოვს – ურთიერთობების სწორ გზაზე დაბრუნება, – არც ისე რთულია“, – განაცხადა ელჩმა.
რა ნაბიჯებს ელის აშშ „ოცნებისგან“?
როგორც ელჩმა განმარტა, „ერთ-ერთი პირველი რამ, უპირველესად გადასადგმელი ნაბიჯი იქნებოდა ანტიამერიკული რიტორიკის შეწყვეტა“:
„ხომ გესმით – აშშ-ის შესახებ ისეთი რაღაცების თქმა, რაც არ არის სიმართლე. „ქართული ოცნება“ ამბობს უამრავ რამეს აშშ-ზე, რაც არ არის სიმართლე: რომ ჩვენ ვცდილობდით აქ მეორე ფრონტის დაწყებას – არ არის სიმართლე; რომ ჩემი წინამორბედი ცდილობდა აქ რევოლუციის გაღვივებას – არ არის სიმართლე; რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის პარტნიორობა მხოლოდ ქაღალდზე – არ არის სიმართლე; რომ მე ჩემმა მთავრობამ გამიწვია – არ არის სიმართლე. შემიძლია უსასრულოდ გავაგრძელო ჩამოთვლა“, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.
მან ეს ვრცელი პასუხი გასცა რადიო თავისუფლების შემდეგი ფორმულირებით დასმულ კითხვას:
„მან [ივანიშვილმა] დაწერა, რომ შემოგთავაზათ, შეხვედროდით კობახიძეს და აგრეთვე, „დიპ სტეიტის” შეთქმულებაზე დეზინფორმაციის კამპანიის პარალელურად (აქვე, მსურს ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ თქვენი მოსაზრება „დიფ სტეიტის“ შეთქმულებაზეც), თავად ივანიშვილი, კობახიძე და „ქართული ოცნების“ სხვა წარმომადგენლები კვლავაც იმეორებენ და ეს 27 ივნისს პარლამენტში გამოსვლისას კობახიძემაც გაიმეორა, რომ მნიშვნელოვანია „სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა კონკრეტული გზამკვლევით, სადაც ასახული იქნება სარგებელი ორივე ქვეყნისთვის“ და რომ ისინი ამისთვის მზად არიან, რომ აშშ-სთან ურთიერთობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე? ვინაიდან აუდიტორიას ესმის განსხვავებული გზავნილები და თავად აუდიტორიაც არის დივერსიფიცირებული“.
რადიო თავისუფლების ჟურნალისტის, ნინო გელაშვილის სრული ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან ხვალ, 7 ივლისს გამოქვეყნდება.
ელჩი დანიგანი მიმდინარე თვეშ, ივლისში დატოვებს საქართველოს.
საქართველო-აშშ-ის ბოლოდროინდელი ურთიერთობა – მოკლედ
· 2024 წლის ნოემბერში შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა;
· მანამდე „აგენტების კანონის“ და „ქართული ოცნების” წარმომადგენლების ანტიდასავლური, ყალბ ბრალდებებზე დაფუძნებული რიტორიკის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ხელისუფლებას არაერთხელ მოუწოდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე დაბრუნებისკენ;
· სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა 2024 წლის 30 ნოემბერს გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ორი დღით ადრე „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად მოლაპარაკების გახსნის საკითხი, ამის გამო ქვეყანაში დაწყებული საპროტესტო აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ კი ძალის გამოყენება დაიწყო;
· „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას იმედი ჰქონდა, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკას პრეზიდენტი ტრამპი შეცვლიდა;
· 28 მაისს„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, უპასუხა და „გაუგებარი“ უწოდა აშშ-ის საელჩოს განცხადებას, რომლის თანახმადაც, ივანიშვილმა უარი თქვა ელჩთან შეხვედრაზე, – „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“;
· ამავე დღეს, ივანიშვილის წერილამდე მცირე ხნით ადრე, შეერთებული შტატების საელჩომ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა უარი თქვა ელჩ რობინ დანიგანთან შეხვედრაზე, „სადაც მას ტრამპის ადმინისტრაციის გზავნილი უნდა მოესმინა“. საელჩოს განცხადებაში ნახსენები არ ყოფილა ირაკლი კობახიძე;
· ირაკლი კობახიძემ 13 მაისს ღია წერილით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს;
· კობახიძის თანახმად, ტრამპის ადმინისტრაციას არ უპასუხია ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით მის მიერ რამდენიმე კვირით ადრე მიწერილ წერილზე, რომელშიც „გამოხატული იყო მზაობა ურთიერთობების სუფთა ფურცლიდან დაწყებაზე“;
· 21 მაისს კობახიძემ თქვა, რომ წერილზე „არ უპასუხიათ, თუმცა დუმილიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პასუხია“;
· 6 მაისს აშშ-ის კონგრესის ქვედა, წარმომადგენელთა პალატამ კენჭი უყარა და ორპარტიული მხარდაჭერით მიიღო „მეგობარი აქტი“ (MEGOBARI Act);
· 10 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ექვსთვიანი წყვეტის შემდეგ აშშ-ში საქართველოს ელჩად თამარ ტალიაშვილი დაინიშნებოდა.
· 16 ივნისს „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი უაიატ ტოლკი შეხვდა – ელჩ დანიგანის თანდასწრებით;
· „შეერთებულმა შტატებმა მკაფიოდ ჩამოაყალიბა ის ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობას შეუძლია გადადგას იმის საჩვენებლად, რომ სერიოზულად არის განწყობილი აშშ-თან ურთიერთობის გასაუმჯობესებლად“, – კიდევ ერთხელ განაცხადა საელჩომ ამ შეხვედრის შემდეგ.
ფორუმი
