“ეს ისეთი ომია, სადაც არ არის ჩვენთვის არც შერიგება, არც ზავი, არამედ – მუდმივი ბრძოლა” – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)ასი ათასი მოწამის ხსენების დღეს აღვლენილი პარაკლისის შემდეგ ქადაგებისას განაცხადა:
„სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, პატიოსანნო მამანო, ძმებო და დებო, გილოცავთ ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას და გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ -ის მოლოცვას და კურთხევას. ასი ათასი მოწამის დღესასწაული განსაკუთრებულია ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიისთვის. ეს არის სულის ზეიმი და გაბრწყინება. შეიძლება ითქვას, ჩვენი დედაქალაქიც დღეს განსაკუთრებით ხარობს და ბრწყინავს არა იმიტომ, რომ დღეს მზე განსაკუთრებით ძლიერად ანათებდა, არამედ იმიტომ, რომ სიტყვისამებრ წმინდა იოანე ოქროპირისა, მოწამეთა სინათლე ათას მზესა და ციურ სხეულზე მეტად ანათებს და ბრწყინავს.
თქვენ იცით, ბერძნული სიტყვა „მარტის“ (μάρτυς) ნიშნავს მოწმესაც და მოწამესაც. მოწამე არის ადამიანი, რომელმაც თავისი სისხლით დაამოწმა ქრისტეს მოსვლა, მისი მაცხონებელი ვნება, სიკვდილი და აღდგომა. თვით უფალი იესო ქრისტეც, როგორც გახსოვთ, „გამოცხადების“ წიგნში თავის თავს „სარწმუნო მოწამეს“ (გამოცხ. 1, 5) უწოდებს, მოციქულებს კი – მოწმეებს თავისი ზეცად ამაღლების წინ, როცა ეტყვის: „თქვენზე გადმოვა სულიწმინდა და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმ. 1, 8 ). მოწამეობა არის მთელი ცხოვრების გვირგვინი და ღვთის საჩუქარი, ღვთისგან მომადლებული ნიჭი. ამაზე წერს წმინდა პავლე მოციქული: „თქვენ უფლის გულისთვის მოგეცათ არამხოლოდ რწმენა, არამედ ვნებაც მისთვის“ (ფილ. 1, 29). დღეს ჩვენ განსაკუთრებით ვფიქრობთ მოწამეობის მნიშვნელობაზე; წმინდა ეკლესია გვასწავლის ასევე, რომ მოწამეთა გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია, იმიტომ, რომ ისინი არიან საყრდენი ჩვენი ეკლესიისა, ის სვეტები, რომლებსაც ეყრდნობა ეკლესიის შენობა. ამიტომ შეუძლებელია, მართლმადიდებელი ქრისტიანი თაყვანს არ სცემდეს მოწამეებს. მაგრამ როგორი უნდა იყოს მართებული თაყვანისცემა მათი? აი, აქაც მინდა შეგახსენოთ წმინდა იოანე ოქროპირის საოცარი სიტყვები, რომ მოწამეები განსაკუთრებით გრძნობენ მათდამი პატივისცემას, როდესაც ადამიანები ხდებიან მათი სიკეთეების თანაზიარნი. ე. ი. ვისაც უნდა, ჯეროვნად ადიდოს მოწამეები, უნდა ეცადოს, მიბაძოს მათ ღვაწლსა და შრომას. სწორედ ეს მიანიჭებს მოწამეებს არანაკლებ სიხარულს, ვიდრე მათი სიმამაცე, გამოვლენილი ქრისტესთვის.
აქაც საოცრად სცემს პასუხს წმინდა იოანე ოქროპირი, რომ დიახ, დღეს არ არის ისეთი დევნა, დევნის დრო და ჟამი, მაგრამ არის დრო მოწამეობისა და არის დრო მოწამებრივი გვირგვინებისა. არ გვდევნის ადამიანი, მაგრამ გვდევნის ეშმაკი, რომელიც ყოველგვარ მტარვალზე უფრო მძვინვარე და ბოროტია; როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული: „ჩვენი ბრძოლა სისხლის და ხორცის წინააღმდეგ კი არ არის, არამედ, ცისქვეშეთის ბოროტ სულთა წინააღმდეგ“ (ეფეს. 6, 12). ეს ისეთი ომია, ძვირფასო ძმებო და დებო, სადაც არ არის ჩვენთვის არც შერიგება, არც ზავი, არამედ – მუდმივი ბრძოლა, რათა გვირგვინიც იყოს ნათელი. როგორც გვასწავლიან წმინდა მამები, ჩვენც გვეძლევა შესაძლებლობა, მოწამეთა გვერდით დავდგეთ, იმიტომ რომ მოწამეზე ნაკლები როდია ის ადამიანი, ვინც იყო ქცეული თავისი ვნებების, რაღაც ფესვგადგმული ჩვევების ტყვედ, ღვთის გულისათვის დაარღვია ეს ბორკილები და ღვთის ნებას შეუდგა. ეს უმძიმესი საქმეა, დაამარცხო შენი ვნებები, დაარღვიო ყოველგვარი საცდური. თუ მოწამეთა ღვაწლი არის ძალიან მძიმე, ასეთი მოსაგრეების ღვაწლი არის სავსე ხანგრძლივი მწუხარებით, ამას ეწოდება უსისხლო მოწამეობა. ძვირფასო ძმებო და დებო, კიდევ ერთხელ გილოცავთ ასი ათასი ქართველი მოწამის ხსენებას. მათი ლოცვით, ღმერთმა გააძლიეროს, დალოცოს, გადაარჩინოს საქართველო. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი . ღმერთმა დალოცოს ყოველი თქვენგანი და შეგვაძლებინოს უფალმა, ისე ვადიდოთ ეს წმინდა მოწამეები, ნამდვილი გმირები და ქრისტეს მეგობრები, როგორც სათნოა მათთვის და მაშინ, მივბაძავთ რა მათ განვლილ გზას, მათ შესაფერის გვირგვინებს მივიღებთ, რისი ღირსიც დაე, გავმხდარიყავით მადლითა, წყალობითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომელსაც შვენის ყოველი დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ”, – განაცხადა მეუფე შიომ.