ეს იმ მასშტაბის სანქციები არ არის, რომ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს – ზურაბ ლალაზაშვილი

ეს არ არის იმ მასშტაბის სანქციები, რომ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს, – ასე უპასუხა BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას – რა გავლენას მოახდენს -ის მიერ ქართველებისთვის დაწესებული სანქციები.
„სანქციებზე რომ ვთქვათ, ჯერ ეფექტი არ იგრძნობა. ეს არ არის იმ მასშტაბის სანქციები, რომ ეკონომიკაზე გავლენა მოახდინოს. ერთადერთი, ჩვენ რასაც ვუყურებთ, ეს არის ის, რომ ბიზნესი იზრდება, ეკონომიკა იზრდება, თუმცა არსებობს გამოწვევები ამა თუ იმ სექტორთან დაკავშირებით. რომ ვთქვათ, რომ სანქციებს ბიზნესზე აქვს გავლენა, აქტივობა შენელებულია და ა.შ. ასე არ არის“, – თქვა ლალაზაშვილმა.
მისივე თქმით, სანქციებს ეფექტი ექნება იმ შემთხვევაში, თუკი არ გაიხსნება მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობის მიმართულებით, ამან შეიძლება ქვეყანა მაღალრისკიანად შეაფასოს.
„თუ გაიზარდა სანქციების თემა და ჩვენ არ გაგვეხსნა მოლაპარაკებები ევროკავშირის წევრობაზე, ეს რა თქმა უნდა გამოიწვევს იმას, რომ ქვეყანა შეიძლება უფრო მაღალრისკიანად შეფასდეს, ხოლო ეს თავის მხრივ გამოიწვევს იმას, რომ შესაძლებელია, საკრედიტო რეიტინგები გაუარესდეს და გაგვიძვირდეს ის ფული, რომელსაც კერძო სექტორისთვის მთავრობა იზიდავს საქართველოში. ამან შეიძლება მოახდინოს გავლენა შემდგომ წლებში. ძალიან მნიშვნელოვანი იქნება კანდიდატის სტატუსი, მოლაპარაკებების გახსნა წევრობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ რა გავლენას იქონიებს სანქციები იმ შემთხვევაში, თუკი ბიზნესმენები არიან დასანქცირებული, ლალაზაშვილი პასუხობს, რომ ამას მოკლევადიანი ეფექტი არ ექნება.
„ამან შეიძლება საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში ეფექტი შეიძინოს, რადგან საუბარია სავიზო შეზღუდვებზე, რომელიც არ არის ძალიან მკაცრი. მკაცრი არის ფინანსური სანქციები, ეს ნიშნავს, რომ ადამიანებს შეეზღუდებათ ფინანსური ხელმისაწვდომობა და ა.შ. ეს არის რა თქმა უნდა ცუდი სიგნალი. ბიზნესი ეძებს განვითარების შესაძლებლობას, რომ გააფართოოს საქმიანობა, ამისთვის კი საჭიროა ინვესტიციები და საკრედიტო რესურსი. ეს ორი ფაქტორი პირდაპირ არის დაკავშირებული მათ შორის სანქცირებასთან. თავის მხრივ, ევროკავშირთან წევრობაზე მოლაპარაკებები მოახდენს დადებით გავლენას“, – თქვა მან.
გარდა ამისა, ლალაზაშვილი ამბობს, რომ სანქციები აუარესებს [საინვესტიციო გარემოს], თუმცა აღსანიშნავია, რომ სანქციები მოკლევადიან ეფექტს არ აჩენს.
„ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა განაპირობებს ეკონომიკურ ზრდას. ძირითადად ინვესტიციების წილი ამაში ძალიან დაბალია. რადგან შემცირებულია ინვესტიციები წინა წლებთან შედარებით. კანონიდან გამომდინარე არის, თუ სხვა რამიდან გამომდინარე, რთული სათქმელია. როგორც წესი, ასეთი გადაწყვეტილება მოკლევადიან ეფექტს არ აჩენს ხოლმე. ჩვენ ვნახავთ ამას შემდგომ წლებში. ვნახოთ როგორ წავა პროცესები შემდეგ წლებში“, – თქვა მან.