საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე მწვავედ აკრიტიკებს იმ ბიზნესმენებს, რომლებმაც „ქართული ოცნების“ რუსულ კანონს, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირეს იმ განცხადებებით, რომლითაც „გამჭვირვალობას“ მიესალმნენ. „თუ „რუსულ კანონს“ მხარს უჭერენ, დაიმორცხვონ და ისე მაინც აკეთონ საქმე და ნუ გვმოძღვრავენ. სირცხვილია“, – თქვა გიორგი ქადაგიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ამ თემაზე საუბრისას.
სებ-ის ყოფილი პრეზიდენტის შეფასებით, ბიზნესმენების მხრიდან მმართველი ძალის მხარდაჭერა ქრონიკაპიტალიზმის მაგალითია, როდესაც ბიზნესის გარკვეული ჯგუფი და ხელისუფლება „ერთმანეთთან შეზრდილია“. ქრონიკაპიტალიზმის პრაქტიკულ მაგალითებად გიორგი ქადაგიძემ „არქის“ და „ვისოლის“ მფლობელები მოიყვანა.
– ყოველთვის თავს ვიკავებდი ინდივიდუალურად კომპანიების დასახელებისგან, მაგრამ ახლა ისეთ ზღვარზე ვართ, რთულია შეინარჩუნო ნეიტრალიტეტი. ამ კომპანიების მფლობელები თავს უფლებას აძლევენ, დაგვმოძღვრონ და ნოტაციები გვკითხონ, რომ თურმე გამჭვირვალობას მიესალმებიან, როდესაც თეთრი სახლიდან დაწყებული, ბრიუსელით დამთავრებული, არ დარჩენილა არავინ, ვინც გვეუბნება, რომ ღიაა ევროკავშირის კარი. „ვისოლს“ დამოუკიდებელი სასამართლო არ სჭირდება?! თუ სანქცირებული სასამართლო უნდა გვქონდეს?! შეიძლება, არც სჭირდებათ, რადგან სწორედ ამას გულისხმობს ქრონიკაპიტალიზმი, როდესაც ადამიანების ვიწრო ჯგუფი შეზრდილია ხელისუფლებას იმდაგვარად, რომ რთული გასაგებია, ვინ ვინ არის. ზოგიერთი დეპუტატი მერე ბიზნესმენი ხდება, ზოგი კიდევ – პირიქით; ისინი იღებენ ხელისუფლებისგან პრივილეგიებს და ამ პრივილეგიებით გამოიმუშავებენ შემოსავლებს არაკონკურენტულ გარემოში, არა – პატიოსნად და საკუთარი შრომით, არამედ ხელისუფლებასთან კარგად ყოფნით. შემდგომ, რა თქმა უნდა, ვალდებულნი არიან, ასეთი უტიფარი განცხადებები გამოაქვეყნონ.
– თქვენი აზრით, ეს განცხადებები არის ის ფასი, რომელსაც პრივილეგიებისთვის მსხვილი ბიზნესი იხდის?
– რა თქმა უნდა…
– რთულად დასაჯერებელია, რომ ბიზნესმენები ვერ ხვდებიან, რატომ არაა ამ კანონის ნამდვილი მიზანი გამჭვირვალობა…
– თქვენ ფიქრობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა, ირაკლი კობახიძემ ან ირაკლი ღარიბაშვილმა ან ოლიგარქის სხვა მარიონეტებმა არ იციან, ევროპა და დასავლეთი რომ კარგია და რუსეთი ცუდი?! რატომ მიდის „არქი“ აშშ-ში, მაიამის პროექტის განსახორციელებლად და არა – ვორონეჟში?! ან რატომ აგზავნის ირაკლი ღარიბაშვილი შვილს ამერიკაში სასწავლებლად და არა – სარატოვში?! ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ენა, მამული, სარწმუნოება, სინამდვილეში, ყველაზე კარგად დასავლეთშია დაცული; ოღონდ დასავლეთი უნდათ საკუთარი ოჯახისთვის, შვილებისთვის და თან იმგვარად, რომ ფული აქ იშოვონ ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნით და მერე კარგად იცხოვრონ დასავლეთში. ჩვენ კი გვინდა, რომ ევროპული სიკეთე შეეხოს ყველას ოჯახს და შვილებს. ბიზნესმენებს ერთს ვეტყვი, პირველ რიგში, გადაიკითხონ რუსეთის ისტორია და გადახედონ, რა ხდება იქ. რუსული სისტემა პირველი, როცა თავები დასჭირდებათ, უტრიალდება სწორედ ამ ხალხს. თუ ჩვენ რუსული გუბერნია უნდა გავხდეთ, არავინ იფიქროს, რომ კორუფციით თუ ნეპოტიზმით ნაშოვნ ქონებასა და ფულში არავინ შეეწილებათ. მათაც აუცილებლად მიაკითხავენ ჩინოვნიკები, ე.წ. ავტორიტეტები… ასე ხდება რუსული ყაიდის ქვეყნებში და მერე დაცვით სიარული ვერ უშველით. თუ ეს ხელისუფლება პოლიტიკურ სამშვიდობოზე ვერ გავისტუმრეთ, თბილისშიც, როგორც რუსულ გუბერნიაში კადიროველები და სხვა პუტინისტები იპარპაშებენ. ეს გარდაუვალია. ამიტომ გვჭირდება კოალიციური მმართველობა, როცა ბიზნესმენებსაც ვერავინ აიძულებს მსგავსი განცხადებების კეთებას…
– ამ სიტუაციაში ბიზნესი უფრო მსხვერპლის როლში ხომ არაა?! პირად საუბრებში მომისმენია, რომ უჭირთ გარისკონ ხელისუფლების კრიტიკა, რადგან ეშინიათ პრობლემების, რომელიც მათ ბიზნესს შეექმნება და ამ კომპანიების უკან დგას ათასობით დასაქმებული ჩვენი თანამოქალაქე…
– ეს არის კომფორტული პოზიცია. ჯერ ერთი, მსხვილ ბიზნესს არასდროს უჭირდა ხელისუფლებასთან კომუნიკაცია – არც შევარდნაძის დროს, არც სააკაშვილის დროს და ივანიშვილის მმართველობის დროს ხომ საერთო რეკორდებს ხსნიან… საუბარი იმაზე კი არაა, რომ ხელისუფლება აკრიტიკო, არამედ არ დაიჭირონ ღიად პრორუსული პოზიცია, როცა მსოფლიო გვეუბნება, რომ ჩვენ გვერდით არიან, ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან, ბაზართან, რომელიც რუსეთზე 15-ჯერ დიდია და ყველასთვის იხსნება შესაძლებლობა. თუ პრორუსულ არჩევანს აკეთებენ, ესეც არაა პრობლემა, ყველას აქვს უფლება, ჰქონდეს თავისი პოლიტიკური პოზიცია და თუ ამ ხალხის პოზიციაა ღიად რუსეთუმეობა, არც ამაშია პრობლემა.
– ძალიან რთულად დასაჯერებელია, რომ ყველას ერთ დღეს მოუნდა მმართველი ძალის საკუთარი ნებით მხარდაჭერა, არა?
– ასე ხდება ავტორიტარულ რეჟიმებში; ყველა ამ ბიზნესმენს აქვს მჭიდრო კავშირი ხელისუფლებასთან…
– თუმცა „გამჭვირვალობის“ მხარდამჭერი განცხადებების ავტორი ბიზნესმენები ფიქრობენ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია…
– ეს არის ვირეშმაკობა… მათ ჯერ საკუთარ თავს უნდა სცენ პატივი და შემდეგ – ჩვენ. არ შეიძლება, პირადად შეხვედრისას მეუბნებოდნენ, რომ კოალიციური მმართველობის და ცვლილებების დრო მოვიდა და ასეთ საჯარო განცხადებებს აკეთებდნენ. ასე არ შეიძლება. სირცხვილია.
– იქნებ პრობლემების შექმნის შიშია მსგავსი განცხადებების მიზეზი?
– მაშინ ინებონ და ჩუმად, დამორცხვილად აკეთონ თავისი საქმე, როცა „რუსულ კანონს“ უჭერენ მხარს და მთელ მსოფლიოს და საქართველოს უპირისპირდებიან… როცა ასეთ ისტორიულ მომენტში, საფრანგეთი და გერმანია, ქვეყნები, რომლებიც ყოველთვის ეწინააღმდეგებოდნენ ევროკავშირის გაფართოებას, გვეუბნებიან – მობრძანდით, 2030 წელს არის გაფართოების მორიგი ტალღა, არ შეიძლება, ქვეყანას ასეთი პერსპექტივა დაუკარგო, იმიტომ რომ რამდენიმე ბიზნესმენმა 30-სართულიანი ბეტონის კონსტრუქციები მშვიდად ააშენონ. ქვეყნის მომავალი მათ გადავაყოლოთ?! არავითარ შემთხვევაში. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ეს მათი წილი პასუსხისმგებლობაც არის. რა ფასი აქვს იმ შემოსავალს, რომელიც რუსიფიკაციის გზით არის ნაშოვნი. ყველაფერს ხომ აქვს საზღვარი?! აქვე ისიც მინდა ვთქვა, ძალიან ბევრი ბიზნესმენი „რუსული კანონის“ წინააღმდეგია და რუსთაველის გამზირზეც, პარლამენტის წინ გამოხატავს თავის პროტესტს.