“ეს დუმილი უკვე ევქარისტიული ერთობის დარღვევაა და არა მშვიდობა” – არქიმანდრიტი ილია ჯინჯოლავა

“ის, რაც მამა დოროთეს ირგვლივ ხდება, არ არის ერთი კონკრეტული მღვდლის საქმე. ეს არის საეკლესიო კრიზისის მხოლოდ აისბერგის მწვერვალი; კრიზისისა, რომელიც ბევრად ღრმად არის ფესვგადგმული და ეკლესიის თვითშეგნებას ეხება. როცა ეკლესია კარგავს საკუთარ ევქარისტიულ ცენტრს, არა როგორც რიტუალს, არამედ როგორც ცხოვრების წესს – კომუნიონი, ანუ ერთმანეთთან ყოფნა თავისუფლებასა და პასუხისმგებლობაში, იცვლება ადმინისტრაციული ლოგიკით. ძალაუფლება ხდება მიზანი, მსახურება – ინსტრუმენტი, ხოლო განსხვავებული ხმა საფრთხედ აღიქმება. ამ მდგომარეობით სარგებლობენ არა მხოლოდ ძალაუფლების მქონენი, არამედ ისინიც, ვინც მოვლენებს გვერდიდან აკვირდებიან და შესაფერის მომენტს ელოდებიან. სხვები დუმილს ამჯობინებენ არა სიმდაბლის, არამედ შიშის გამო. ეს დუმილი კი უკვე ევქარისტიული ერთობის დარღვევაა და არა მშვიდობა. ძალაუფლება ყოველთვის ჰგონიათ მარადიული, სანამ მიწა არ გამოეცლებათ ფეხქვეშ. ასე იყო ყოველთვის. ასე ხდება ახლაც. მამა დოროთე, ისევე როგორც მამა ილია, დაუბრუნდებიან წმინდა ტრაპეზს, არა როგორც ძალაუფლების სიმბოლოს, არამედ როგორც მსახურების ადგილს. რადგან ეკლესია ეკუთვნის არა ძალაუფლებას, არამედ ქრისტეს.
და იმედი?
„უფალი ჩემი ნათელია და ხსნა ჩემი — ვის შევუშინდე?
უფალი ბურჯია ჩემი სიცოცხლისა — ვისგან შევძრწუნდე?”