„ეს დროშა თქვენი დასაცავია“ – პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა

„ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია… არავის მისცეთ უფლება, რომ ამ დროშის ქვეშ ის ფასეულობები რაც არსებობს, ის ფასეულობები შეგვიცვალოს და სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი,” – ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში შეკრებილ ახალგაზრდებს.
სალომე ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს პირდაპირ უთხრა, რომ სახელმწიფო მათი დასაცავია და არავის უნდა მისცენ უფლება, რომ ქვეყანა საერთაშორისო არენაზე არასწორად წარმოაჩინონ.
„სიამაყე, სიხარული, იმედი – ეს არის ის განცდები, რომელიც მე მეუფლება და ალბათ თქვენც უყურეთ ამ დროშის შემოსვლას, აღმართვას, ეს დროშა წარმოადგენს ყველასთვის ძალიან ბევრს – პირველ რიგში, ეს სიმბოლო არის ჩვენი სახელმწიფოსი, მისი სუვერენობის, მისი დამოუკიდებლობის, იმისთვის, რისთვისაც ძალიან დიდხანს ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ, კვდებოდნენ იმისთვის, რომ ეს დროშა ყოფილიყო ჩვენთვის წარმოსაჩენი და წარმოადგენდეს ხვალინდელი დღის იმედს.
დროშა არის სიმბოლო ჩვენი ერთიანობის. ის, რაც საქართველო იყო და რაც საქართველო იქნება. ჩვენი დროშა არის ჩვენი ძალის გამოხატულება და მე მინდა, რომ ეს ვუთხრა ახალგაზრდებს – ეს არ არის რაღაც მატერიალური სიმბოლო – დროშა წარმოადგენს ყველაფერს, რაც საქართველოს შეადგენს, მისი ღირებულებები, მისი იდენტობა, მისი მრწამსი, მისი ბრძოლები წარსულში და მისი გამარჯვებები დღეს და ხვალ, ამიტომ ჩვენ ყველას გვევალება დროშის პატივისცემა და ამავე დროს, უნდა გრძნობდე იმ პასუხისმგებლობას, რის გარეშეც ეს დროშა არაფერს ნიშნავს.
ჩვენ ყველანი ვართ ამაყი, როცა ვხედავთ, რომ საქართველოს დროშა უკვე არის ევროპის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნის დროშა და ხვალ შეუერთდება ევროპული ქვეყნების დროშებს, რომ შეადგინოს ის ახალი დიდი ძლიერი ერთიანობა. ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ჯარისკაცები ამ დროშის ქვეშ იცავენ ჩვენს ქვეყანას და დაიცავენ სადაც საჭირო იქნება, მუდამ, ყოველთვის და ამ ქვეყნის სუვერენობის გარანტები იქნებიან ისინი და ამისთვის ჩვენი პატივისცემა და მადლიერება.
ეს დროშა ამ ყველაფერს წარმოადგენს და ეს დროშა ამდენად არის ჩვენი დასაცავი, რამეთუ ის ჩვენ გვიცავს და იცავს იმ ფასეულობებს, რომელიც გვაერთიანებს ჩვენ. დროშა ჩვენი ერთობის გარეშე4 კარგავს თავის ძალას, დანიშნულებას, ამიტომ ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ ყველაფრის მიუხედავად, მივაღწიოთ იმ ძალიან დიდ ძალას ქვეყნის და ნებისმიერ სახელმწიფოში, რასაც ჰქვია ხალხის ერთობა.
მინდა, ახალგაზრდებს გითხრათ, რომ ეს დროშა თქვენ გეკუთვნით, თქვენი დასაცავია, თქვენ ეს დროშა იქ უნდა მიიტანოთ, სადაც ამ ქვეყნის მომავალია და არავის მისცეთ უფლება, რომ ამ დროშის ქვეშ ის ფასეულობები რაც არსებობს, ის ფასეულობები შეგვიცვალოს და სხვა სურათი გაიტანოს საქართველოსი. თქვენ ყველას გესმით, დღეს რაზე ვსაუბრობ და არ მინდა რომ ვისაუბრო, მაგრამ გესმით კარგად – თქვენ დაიცავით ეს ქვეყანა და ამით დაიცავთ ამ დროშას.
ეს დროშა იქნება მუდმივად იმ მუდმივი საქართველოს სიმბოლო და მას გამარჯვებას ვუსურვებ,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ