უკრაინაში მებრძოლი საქართველოს მოქალაქის გიორგი კინოიანის დაკავება სომხეთში – ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახლა პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, რამდენად აქტიურად ჩაერთვებიან “ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები მის დასახსნელად.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ასევე იმ ფაქტებს იხსენებენ, როდესაც გაჟონა ინფორმაციამ ქართველი სამხედროების შესახებ და „ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ის რუსული სპეცსამსახურების ხელში აღმოჩნდა.
ალეკო ელისაშვილი ამბობს, რომ ქართული მხარის პირდაპირი მოვალეობა იყო, გაეფრთხილებინათ კინოიანი, რუსეთის მიერ ძებნილთა სიაში რომ იყო.
ჩვენ უნამუსო ხელისუფლებას უნდა გაეფრთხილებინა, თუ ამ ადამიანს ეძებდნენ რუსული სპეცსამსახურები. წესით და კანონით, ის საქართველოში უნდა დააბრუნონ. თუ რუსეთს გადასცეს, ეს იქნება ძალიან მძიმე ფაქტი, დიდი შავი ლაქა ამ სულგაყიდულებისთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის ვინაიდან, მათი ვალდებულება იყო, რომ გაეფრთხილებინათ. ვფიქრობ, რა გავაკეთო ამ ადამიანის დასახმარებლად, მეც მძიმე მდგომარეობაში ვარ, 6 – წლიანი პატიმრობა მაქვს მისჯილი, რუსების მიერ, – ამბობს ელისაშვილი.
კინოიანი სომხეთის საზღვარზე 3 სექტემბერს აიყვანეს, ის რუსეთის მოთხოვნით იძებნება. ახლა ქართველი მებრძოლი 40-დღიანი საექსტრადაციო ვადით ჰყავთ დაპატიმრებული, რაც პროცედურულად გულისხმობს, რომ ამ დროში რუსეთმა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო მტკიცებულებები და დოკუმენტაცია უნდა წარადგინოს.
ქართველ მეომარს, რომელიც სომხეთის საზღვარზე დააკავეს, რუსეთი ერთი წლის განმავლობაში ეძებდა. გიორგი კინოიანი რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ომის დაწყების პირველ ეტაპზე იმყოფებოდა. 2024 წლის 25 ოქტომბერს ის რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ე.წ. სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა, დამნაშავედ ცნო და შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
