ივლისის დასაწყისში აზერბაიჯანის პარლამენტის გადაწყვეტილებით ქვეყანაში კაზინოს გახსნა ნებადართული გახდა. 27 წლის შემდეგ, აზერბაიჯანში კაზინოების ოპერირება სპეციალური ლიცენზიის საფუძველზე და სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ მხოლოდ კასპიის ზღვაში ხელოვნურ კუნძულებზე იქნება შესაძლებელი. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ლიცენზიის ფლობისთვის ბიზნესს წელიწადში 200 ათასი დოლარის გადახდა მოუწევს. თამაშის უფლება კი 21 წელს გადაცილებულ პირებს ექნებათ. აზერბაიჯანელი პარლამენტარების განცხადებით, სათამაშო ბიზნესი საბიუჯეტო შემოსავლებს გაზრდის, განავითარებს ტურიზმს და ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის.
გახდება თუ არა აზერბაიჯანი გემბლინგში საქართველოს კონკურენტი?
საქართველოში სათამაშო ინდუსტრია ბოლო წლების რეგულაციების გამკაცრების მიუხედავად, მზარდია. გაზრდილი საგადასახადო ტვირთის პირობებშიც კი აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა იზრდება. აზარტული თამაშების ინდუსტრია უკვე აფასებს გავლენას, რაც კასპიის ზღვაში ხელოვნურ კუნძულზე კაზინოების გახსნას შეიძლება მოჰყვეს. ამიტომაც, სექტორის წარმომადგენლებს ვკითხეთ როგორ აისახება აზერბაიჯანის კონკურენცია ქართული სათამაშო ინდუსტრიაზე.
აზარტული თამაშების ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი გვეუბნება, რომ მეზობელ ქვეყანაში კაზინოების დაშვებას გავლენა მხოლოდ მიწის კაზინოებზე ექნება, რადგან ონლაინ სათამაშო საიტებისგან განსხვავებით, აზერბაიჯანის მოქალაქეები საქართველოში მიწის კაზინოების აქტიური მომხმარებლები არიან.