„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყებაში საქართველოს ადანაშაულებს.
17 წლისთავზე კობახიძემ აგვისტოს ომს საქართველოს წინა ხელისუფლების ავანტიურა უწოდა და განაცხადა, რომ ქართული მხარე არა თავდაცვით ოპერაციას, არამედ შეტევით მოქმედებებს ახორციელებდა.
„დღეს, ჩვენ უნდა გავიხსენოთ ყველა ის დოკუმენტი, რომელსაც ხელი მოაწერა მაშინდელმა ხელისუფლებამ, მათ შორის, ეს არის ტალიავინის დასკვნა, რომელიც რეალურად მოიწონა მაშინ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა, სადაც საუბარია სწორედ იმაზე, რომ სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი. ასევე, ეს არის ევროსაბჭოს რეზოლუცია, რომელიც დამტკიცდა მაშინ ევროპის საბჭოს მიერ, პრაქტიკულად, ერთსულოვნად, რომელშიც საუბარია იმაზე, რომ ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებები დაიწყო, სწორედ, სააკაშვილის რეჟიმმა. ასევე, ეს არის საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება საომარი მოქმედებების გამოცხადების თაობაზე, სადაც მითითებულია, რომ 8 აგვისტოს შემოვიდა რუსეთი საქართველოში. ამ დოკუმენტებს ვერსად გაექცევიან, ეს დოკუმენტები არის იმის უტყუარი დასტური, რომ მაშინდელმა აგენტურულმა ხელისუფლებამ დაიწყო ომი და მიაყენა უმძიმესი დარტყმა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს, ეს არის ღალატი.
ევროსაბჭოს რეზოლუციასა და ტალიავინის დასკვნაში ფაქტების ქრონოლოგიაა ასახული, სადაც მითითებულია, რომ 2008 წლის 7 აგვისტოს გახსნა არტილერიული ცეცხლი მაშინდელმა რეჟიმმა ცხინვალზე და ამას მეორე დღეს მოჰყვა საქართველოში რუსული ჯარის შემოსვლა.
თეორიულად, ჩვენ რომ მივიტანოთ შტურმი ხვალ ცხინვალზე ან სოხუმზე, დაიწყება ომი. რაც სიმართლეა – ასახულია ევროსაბჭოს რეზოლუციაში, სადაც წერია, რომ იყო ესკალაცია, მაგრამ ეს ესკალაცია გადაიზარდა ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში, მას შემდეგ, რაც გაუფრთხილებლად მიიტანა მაშინდელმა რეჟიმმა შტურმი ცხინვალზე. როდესაც გათენდა 2008 წლის 8 აგვისტო, მაშინდელი რეჟიმი დილიდან სიამაყით გვიცხადებდა, რომ ისინი იღებდნენ სოფელს სოფელზე, დასახლებას დასახლებაზე, მიიწევდნენ წინ ცხინვალისკენ, ცხინვალში იყვნენ შესულები, როკის გვირაბისკენ – ეს არ იყო თავდაცვითი ოპერაცია, პირდაპირ გვიცხადებდნენ, რომ ისინი ახორციელებდნენ კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას და ამისთვის ახორციელებდნენ შეტევით მოქმედებებს. სააკაშვილის პარტიამ ჩაიდინა უმძიმესი ღალატი, რასაც 400-ზე მეტი ადამიანი შეეწირა. ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, შეეწირნენ სამშობლოს და სამშობლოს ეროვნულ ინტერესებს, მაგრამ ჩვენ რომ ჩავიდინოთ ღალატი, ხვალ რომ დავიწყოთ ასეთი ოპერაცია, ავანტიურაზე რომ წავიდეთ და ხელი მოვაწეროთ დავალებას გარედან, რა თქმა უნდა, აქაც სამხედროები ჩაერთვებიან ომში და ისინი შეეწირებიან სამშობლოს, მაგრამ ეს ჩვენს ღალატს ბუნებრივია არ გაამართლებს, იგივე გააკეთა სააკაშვილის რეჟიმმა,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ამასთან, გუშინ, 7 აგვისტოს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ 2008 წელს საქართველოს ხელისუფლება „დიფ სთეითის“ დაკვეთით მოქმედებდა.
ეს იყო კატასტროფული ავანტიურა, ეს იყო დაკვეთილი ღალატი. გარედან „დიფ სთეითის“ მიერ დაკვეთილი ღალატი იყო. კითხეთ დონალდ ტრამპს და მის ადმინისტრაციას ვინ არის „დიფ სთეითი“. სააკაშვილის რეჟიმმა დაიწყო ომი გარე დაკვეთით, „დიფ სთეითის“ დაკვეთით“, – განაცხადა კობახიძემ.
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომიდან 17 წელი შესრულდა.
საერთაშორისო საზოგადოება რუსეთის აგრესიას საქართველოს წინააღმდეგ, როგორც წესი, 7 აგვისტოს ეხმაურება, მოსკოვი და „ქართული ოცნების“ მთავრობა — 8 აგვისტოს. ამ დრომდე გამონაკლისი იყო საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუმცა შარშან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში პირველად და თავისივე დამკვიდრებული პრაქტიკის საწინააღმდეგოდ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 2008 წლის აგვისტოს ომის წლისთავთან დაკავშირებით განცხადება 7-ის ნაცვლად 8 აგვისტოს გაავრცელა.
