“ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე კლინიკაში მოინახულა.
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დატოვების შემდეგ, კობახიძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი ინფორმაციით, რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომაროება დადებითი დინამიკით ხასიათდება.
რაც შეეხება მომხდარს, მართალია მან არაერთხელ გაიმეორა, რომ გამოძიების დეტალებზე ვერ ისაუბრებდა, მაგრამ თვითმკვლელობის მცდელობაში ირიბად დაადანაშაულა მედია, რომელიც, მისი შეფასებით ტყუილს და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებდა რიჟვაძის შესახებ. კობახიძემ დაასახელა კონკრეტული ტელევიზიებიც – “TV პირველი” და “ფორმულა”.
დამაზუსტებელი კითხვის შემდეგ, აკისრებდა თუ არა მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მედიას, კობახიძემ რამდენიმე წუთით ადრე თავისივე ნათქვამი უარყო და განაცხადა – “არა, ეს მე არ მითქვამს. ეს მე არ მითქვამს, რა თქმა უნდა. მე ერთ-ერთი მაგალითი მოვიყვანე. დანარჩენი უნდა დაადგინოს გამოძიებამ”.
“ვინ აბრალებდა მას კორუფციას და “ბარიგების” მფარველობას?” – ეს კითხვა კობახიძეს ერთ-ერთი პროსახელისუფლებო მედიის ჟურნალისტმა დაუსვა, რაზეც “ქართლი ოცნების” პრემიერ-მინისტრმა ასე უპასუხა:
“მე არ ვიცი, კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ, ხომ?! ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული. მათ შორის, იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული. უამრავი ტყუილი ვრცელდება. არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ. მაგალითად, ეს არის “TV პირველი”, ეს არის “ფორმულა” […] მე გეუბნებით, რომ ზოგადად, გარემო პოლიტიკოსისთვის არის სტრესული, გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ. ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს დათესოს სიძულვილი. ჩვენ ამ პრობლემაზე ხშირად გვისაუბრია. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის. სიძულვილის მუდმივად დათესვა. ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ, არავის არ უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ”.
კობახიძემ განაცხადა, რომ რიჟვაძის სავარაუდო თვითმკვლელობა “თავისი შინაარსით არის ისეთი საქმე”, რომელსაც სამართალდამცველები განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევენ. თუმცა, ისიც აპირებს, რომ პირადად გააკონტროლოს გამოძიების პროცესი.
7 ივლისს, დილით, გავრცელდა ინფორმაცია, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე დაჭრილია. პროკურატურის ვერსიით, მან საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის, ალექსანდრე ახვლედიანის სახლში, საგარეჯოში, თვითმკვლელობა სცადა. ის ჯერ საგარეჯოში მდებარე კლინიკა „ჯეო-ჰოსპიტალსში“ მიიყვანეს, მოგვიანებით კი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს.
მომხდარიდან მალევე პროსახელისუფლებო მედიებმა გაავრცელეს წერილი, რომელიც თითქოს თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც რიჟვაძე ბიძინა ივანიშვილს და კობახიძეს ოჯახის დაცვა სთხოვა.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს:
· თვითმკვლელობამდე მიყვანა – სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლი;
· გულისხმობს ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას, “რითაც შექმნილი იყო პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი” – სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლი;
სწორედ 238-ე მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი ალექსანდრე ახვლედიანს, რომელიც 7 ივნისსვე დააკავეს. 8 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში მისთვის აღკვეთის ღონიძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელეს. პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე მოითხოვდა მისთვის საპატმრო გირაოს შეფარდებას 30 000 ლარის ოდენობით. ეს ნიშნავს, რომ ახვლედიანი გათავისუფლდებოდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც თანხას გადაიხდიდა.
დაცვის მხარე ითხვდა მის გათავისუფლებას სხდომის დარბაზიდანვე. ადვოკატმა ლალი აფციაურმა წარადგინა თორნიკე რიჟვაძის მშობლების წერილობითი განცხადება, რომლითაც ისინი ახვლედიანის დარბაზიდან გათავისუფლებას მოითხოვდნენ. თუმცა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მოსამართლე საპატიმრო გირაოს განსაზღვრავდა, ახვლედიანი მზად იყო, თანხა ერთი საათის შუალედში გადაეხადა.
მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ ახვლედიანს 30 000-ლარიანი გირაო შეუფარდა და დარბაზიდანვე გაათავისუფლა.
