საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი განცხადებით გამოეხმაურა 17 ნოემბერს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს. მან დაგმო ფრაქცია „ქართული ოცნების” წევრის მხრიდან ოპოზიციის ქალ დეპუტატებთან დაპირისპირება.
„საქართველოს პარლამენტი უკვე მერამდენედ ხდება არნახული სირცხვილის მოწმე. სწორედ იმის გამო, რომ ქალი დეპუტატების მიმართ მიუღებელი და აღმაშფოთებელი შეურაცხყოფის პირველ ტალღას პარლამენტისგან და უშუალოდ, პარლამენტის თავმჯდომარისგან რეაგირება არ მოჰყოლია, დღეს ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ – მორიგი უმსგავსობა.
კიდევ ერთხელ ვგმობ და ყოველთვის დავგმობ ქალთა მიმართ ნებისმიერი ფორმის ძალადობას – ეს არის ქართული კულტურისათვის შეუთავსებელი, უღირსი და სამარცხვინო საქციელი”, – ვკითხულობთ ზურაბიშვილის განცხადებაში.
პარლამენტში დაპირისპირება მოჰყვა პლენარულ სხდომაზე „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის სიტყვით გამოსვლას. ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია ბრეგაძის მოხსენების იმ ნაწილმა, რომელიც შეეხებოდა „ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის დროს პენიტენციურ დაწესებულებების მდგომარეობას.
„თქვენ ღელავთ და იმიტომ ღელავთ, რომ რთულია ამ მემკვიდრეობის ჩამორეცხვა, რაც თქვენ გაქვთ. არავისთვის მიმიყენებია შეურაცხყოფა, შეურაცხმყოფელი არ ყოფილა არცერთი სიტყვა. ძალიან გთხოვთ, ნუ შეიყვანთ ხალხს შეცდომაში. ერთი სიტყვა არ ყოფილა შეურაცხმყოფელი, თქვენი იყო ქალბატონო ანი, შეურაცხმყოფელი სიტყვები. უბრალოდ, თქვენ ყოველთვის სარგებლობთ ერთი რამით, რომ თქვენი ხმა დარბაზიდან არ ისმის, თუმცა აქ მედიაც არის, გაიგებდა თქვენს ეპითეტებს. ეს თქვენზე მეტყველებს. მე არ მანაღვლებს, თქვენ ვისზე რა შეფასებას გააკეთებთ“, – მიმართა ოპოზიციური ფრაქციის წევრებს მინისტრმა.
რატი ბრეგაძეს დარბაზიდან ენმ-ის წევრები თინა ბოკუჩავა და ანა წითლიძე შეეპასუხნენ, მინისტრი კი „ქართული ოცნების” დეპუტატებმა დაიცვეს. განსაკუთრებით აქტიურობდნენ რიმა ბერაძე და ლევან მგალობლიშვილი. ამ უკანასკნელმა ბოკუჩავას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დაპირისპირება გაგრძელდა ანა წითლიძესა და ლევან მგალობლიშვილს შორის. „ოცნების” დეპუტატმა ოპონენტს მიკროფონი მოუღერა, წითლიძემ კი მისი მისამართით ფურცლები ისროლა.
დაპირისპირების შემდეგ თინა ბოკუჩავამ განაცხადა: „ლევან მგალობლიშვილი დღეს აშკარად ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში იმყოფებოდა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ეს ლაჩარი, რომელიც შენობიდან გაიპარა, მაშინ როდესაც ჩვენ მისი ალკოჰოლური შემოწმება მოვითხოვეთ, სხვათა შორის, წარსულში “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ყოფილა, რაზეც ძალიან ვწუხვარ”.
ლევან მგალობლიშვილი კი პარლამენტის სხდომათა დარბაზიდან გავიდა.