ეს არის სწორედ ის აბსურდულობის ფაზა, რომელშიც დიქტატურა შევიდა – ბოკუჩავა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა გამოეხმაურა ოპოზიციის 8 ლიდერის მიმართ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით სამართლებრივი დევნის დაწყებას.
დღეს, 6 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე ბოკუჩავამ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნება“ ცდილობს ქვეყანაში დიქტატურის დამყარებას.
მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” ხელისუფლებას ეშინია ერთიანობის, სწორედ ამიტომ ტოვებს ოპოზიციის ლიდერებს პატიმრობაში, რათა რეჟიმის დამარცხების მიზნით მათ ვერ შეძლონ ფართო პოლიტიკური ერთიანობა.
თინა ბოკუჩავას განცხადებით, ენმ განაგრძობს ბრძოლას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ.
„დღეს რეჟიმმა განაცხადა, რომ რეჟიმის კრიტიკა, მათ შორის კრიტიკა უცხოელ პარტნიორებთან, ნებისმიერი შეხვედრა, საზღვარგარეთ ჩანიშნული ვიზიტი და აზრის გამოხატვა და სინამდვილეში ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების და საქართველოს მოქალაქეების დაცვა, არის კრიმინალი, არის დანაშაული და ისჯება პატიმრობით ივანიშვილის რუსული საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან.
ეს არის ღია დასტური იმის, რომ ივანიშვილი ქვეყანაში აპირებს დიქტატურის დამყარებას, სადაც აკრძალული იქნება არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ აკრძალული იქნება ნებისმიერი თავისუფალი აზრის გამოხატვა, სადაც გაუქმდებიან არა მხოლოდ პოლიტიკური პარტიები, არამედ ასევე გაუქმდება საგანმანათლებლო დაწესებულები უნივერსიტეტების სახით, გაუქმდება თავისუფალი მედია, გაუქმდება სამოქალაქო სექტორი და გაუქმდება საქართველო, როგორც დამოუკიდებელი, სუვერენული, თავისუფალი სახელმწიფო. ეს არის ის მომავალი, რომელსაც ივანიშვილის რეჟიმი უქადის ჩვენ ქვეყანას.
მეორე, რაც ნამდვილად აჩვენა დღევანდელმა ბრიფინგმა, არის ის, რომ ივანიშვილის რეჟიმს ერთადერთი რამის ეშინია, ეს არის ჩვენი ერთიანობა. მერწმუნეთ, მიუხედავად იმისა, რომ წარმოვადგენ ყველაზე დიდ პოლიტიკურ გაერთიანებას, რომელიც ივანიშვილის რეჟიმთან ბრძოლაში 2012 წლიდან არის და არასოდეს, არც ერთ მომენტში უკან არ დაუხევია, დღეს ივანიშვილს, მინდა გითხრათ ძალიან ღიად, არ ეშინია არც ერთი პოლიტიკური პარტიის, არც ერთი პოლიტიკური გაერთიანების, არც ერთი პოლიტიკური ლიდერის და არც ერთი პოლიტიკოსის, მაგრამ ძალიან ეშინია ჩვენი ერთიანობის. ადამიანები, რომლებსაც უკვე პატიმრობა ჰქონდათ მისჯილი, მაგრამ სულ რამდენიმე თვეში იქნებოდნენ თავისუფლებაზე, ს სახით, ს სახით, ელენე ხოშტარიას სახით, გიორგი ვაშაძის სახით, ზურაბ ჯაფარიძის სახით, მათ ტოვებენ ციხეში მხოლოდ იმისთვის, რომ ჩვენ ვერ შევძლოთ ფართო პოლიტიკური ერთიანობა რეჟიმის დამარცხების მიზნით. პრეზიდენტი კი, როგორც მთავარი ოპონენტი და ივანიშვილის საოკუპაციო რეჟიმის მთავარი პოლიტიკური საფრთხე, დამატებით რამდენიმე წლით ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ დარჩება უკანონო ტყვეობაში facebook პოსტების გამო.
ეს არის სწორედ ის აბსურდულობის ფაზა, რომელშიც დიქტატურა შევიდა და ჩვენი ერთადერთი პასუხი უნდა იყოს ბრძოლა…ვიბრძოლოთ, სანამ გვაქვს ამის შესაძლებლობა, სანამ გვიან არ არის, როგორც მზია ამაღლობელმა თქვა, იმიტომ, რომ გამარჯვება აუცილებლად ჩვენი იქნება, როგორც ეს ზურა ჯაფარიძემ თქვა“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერის მიმართ სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ბრალდებით სამართლებრივი დევნა დაიწყო.
ამის შესახებ, დღეს, 6 ნოემბერს, გამართულ ბრიფინგზე გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გვარაკიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო: ს, გიორგი ვაშაძის, ს, ნიკანორ მელიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიას, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიმართ. ყველა მათგანი, გარდა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისა, ამჟამად პატიმრობაში იმყოფება.
ავტორი: ნინა სიგუა