„ეს არის სერიოზული უკუსვლა“ – UG School ეროვნული გამოცდების გაუქმებაზე

ეროვნული გამოცდების გაუქმება განათლების სისტემისთვის სერიოზულ უკუსვლას ნიშნავს – ასე აფასებს UG School-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, თინათინ თოფურია განათლების სექტორში მიმდინარე ცვლილებებს. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ ისაუბრა.
თოფურიას თქმით, ეროვნული გამოცდები იყო ერთადერთი ობიექტური მექანიზმი, რომელიც მოსწავლეების ცოდნას რეალურად აფასებდა და უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად თანაბარ შესაძლებლობებს უზრუნველყოფდა.
“ადამიანი, რაციონალურად მოაზროვნე ქვეყანაში იტყოდა, რომ მოსწავლეს, რომელსაც უნივერსიტეტში სწავლისა და გრანტის მიღების შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს, შეფასების ობიექტური კრიტერიუმი უნდა არსებობდეს – და ასეთი კრიტერიუმი სწორედ ეროვნული გამოცდები იყო”, – აღნიშნა თოფურიამ.
მისივე განმარტებით, გამოცდების გაუქმების პირობებში შეფასება სუბიექტური გახდება და ბავშვის მიღწევები დამოკიდებული იქნება კონკრეტული მასწავლებლების გადაწყვეტილებაზე, რაც პირდაპირ ქმნის კორუფციული რისკის შემცველ სისტემას.
“ვიღაც ბავშვი შეფასდება 10 ქულით იმიტომ, რომ თანხას იხდის მასწავლებელთან, ვიღაც 7 ქულით იმიტომ, რომ მასთან არ ემზადება. საბოლოოდ კი, გრანტი ამ ნიშნებზე დაყრდნობით გაიცემა – ეს არის ძალიან სახიფათო მექანიზმი”, – განაცხადა თოფურიამ და დასძინა, რომ იმისათვის, რომ ბავშვმა დამაკმაყოფილებელი ნიშანი მიიღოს, მშობლები იძულებულები გახდებიან, მოსწავლე სკოლის მასწავლებელთან მოამზადოს.
მისივე შეფასებით, გარკვეულწილად ეს მასწავლებლებისთვის დამატებითი შემოსავლის წყარო გახდება, თუმცა ამგვარი სისტემა საფრთხეს შეუქმნის ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას.
“კერძო სკოლის მიზანი ის იყო, რომ ორინტირებულიყო არა ქულაზე, არამედ ხარისხზე. ჩვენ საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის კემბრიჯი შემოვიყვანეთ, რომელიც ჩვენს მოსწავლეებს ობიექტურად აფასებს. მაგრამ ეს ობიექტური ნიშანი, გრანტის მიღებისას კონკურენციას ვერ გაუწევს საჯარო სკოლაში მიღებულ, სუბიექტურ 10-იანს”, – თქვა მან.
მისი თქმით, თუ განათლების სამინისტრო შეფასებას მთლიანად სკოლებს ანდობს, მაშინ კერძო სკოლებსაც ექნებათ ზეწოლა, მოსწავლეებს მაღალი ნიშნები დაუწერონ, რათა მათმა მოსწავლეებმა გრანტის მიღების შანსი არ დაკარგონ.
“გამოდის, რომ ცოდნას აღარ შეაფასებს სამინისტრო. გრანტს მიიღებს არა ცოდნა, არამედ ფულის გადახდა რეპეტიტორთან. ეს მანკიერი სისტემა იქნება ძალიან დიდი უკუსვლა როგორც სისტემისთვის, ისე ბავშვებისთვის”, – ამბობს UG School-ის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.