ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე POLITICO-ს სტატიას ეხმაურება და ბიძინა ივანიშვილის ე.წ. ჩამშლელთა სიაში შეყვანას “სამარცხვინოს” უწოდებს. აღსანიშნავია, რომ გამოცემას ივანიშვილი ოლიგარქად ჰყავს მოხსენიებული და მიუთითებს, რომ ის საქართველოს ევროინტეგრაციას ხელს უშლის.
“ერთი სიტყვით ვუპასუხებ: ეს არის სამარცხვინო. ვიღაცა ფულს გადაიხდის რომელიღაცა გაზეთში და ბიძინა ივანიშვილი უარყოფითად იქნება მოხსენიებული, ამას ხომ არაფერი ფასი არ აქვს. ფასი აქვს ფაქტებს და ფაქტები არის ის, რომ სწორედ სისხლიანი რეჟიმი გაისტუმრა ბინა ივანიშვილმა, დაამყარა ისეთი მმართველობა, რომელიც თავსებადია დასავლურ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და სწორედ ამის ხარჯზე მოვახერხეთ ჩვენ ამ მიღწევების შეგროვება, რაც უკავშირდება საქართველოს ევროინტეგრაციას.
მოსკოვისკენ მიაქანებს და კანდიდატის სტატუს იღებს? რანაირად ხდება ეს ყველაფერი, ხომ? ხალხი არის პირველი, ვისი დამსახურებაცაა, მაგრამ ხელისუფლების გარეშე ვერცერთი ხალხი ვერ იღებს სტატუსს. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, არცერთი ფაქტი, არცერთი გარემოება ამაზე არ მიუთითებს, არის ცარიელი სპეკულაციები”, – აცხადებს კობახიძე.
“თუ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ, ბიძინა ივანიშვილს დავუჯერებთ, იგი პოლიტიკიდან წავიდა, რათა შავ ზღვასთან, დენდროლოგიურ პარკში უბრალოდ ცხოვრებას მიუძღვნას თავი. თუმცაღა საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს შეადგენს), მმართველ პარტია ქართულ ოცნებას კულისებიდან მართავს. მისი მიზანია: თბილისი ევროკავშირის მოსაცდელიდან კრემლის კანჭებში გადაიყვანოს”, – წერს გამოცემა ივანიშვილზე.