“ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, სიგნალი და წნეხი ბიზნესზე” – რატომ ზღუდავს “ოცნება” უცხოელების დასაქმებას?

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი უცხოელების დასაქმების მიმართულებით კანონმდებლობის გამკაცრებას ეკონომიკური კრიზისის ე.წ. უარყოფის პოლიტიკის ნაწილად აფასებს.

საქმე ისაა, რომ უკანონო შრომით მიგრაციასთან ბრძოლის მიზნით, “ქართული ოცნება” „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონს ამკაცრებს. შემუშავდება და დაინერგება უცხოელის დასაქმებისთვის სპეციალური სამუშაო უფლების გაცემის მექანიზმი. კანონპროექტის მიხედვით, მთავარ პრიორიტეტად განისაზღვრება შიდა შრომითი რესურსების დაცვა. იმ სექტორებში, სადაც დაფიქსირდება სამუშაო ძალის ჭარბი მიწოდება, უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივი სამუშაო ძალის დასაქმებას, ხოლო უცხოელი მოქალაქეების დასაქმება შეიზღუდება.

როგორც მან “წერტილთან” ინტერვიუში აღნიშნა, ეს ერთგვარი რეაგირებაა იმ რეალურად მძიმე ვითარებაზე, რაც არაინკლუზიური ეკონომიკური ზრდის მიღმა არსებობს და საზოგადოების განწყობებშიც პოვებს ასახვას.

“ეს რეგულატორული გადაწყვეტილებები უარყოფის პოლიტიკის ნაწილია, როდესაც იმის ნაცვლად, რომ უფრო ადეკვატურად რეაგირებდეს ეკონომიკა კრიზისებზე, ასე ხელოვნური ჩარევებით იზრდება ბიუროკრატია. მე არ მჯერა, რომ ჯანდაცვის სამინისტროში ესმოდეთ ბიზნესის საჭიროებები და ის, თუ რომელ სექტორში უნდა მივცეთ უცხოეთის მოქალაქეს უფლება დასაქმდეს და რომელში – არა.

ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, სიგნალი და წნეხი ბიზნესზე, რომ შესაბამისობაში მოიყვანონ თავისი დასაქმების პრაქტიკები და ასევე, ეს არის ამ ავტოკრატიულ რეალობაში დემოკრატიის ელემენტი, როდესაც “ოცნება” კარგად ხვდება, რა განწყობაა საზოგადოებაში, ის ხვდება, რომ ბიზნესგარემო და დასაქმებულებისთვის გარემო რომ უარესდება, რაღაც უნდა მოიმოქმედოს. ამ “გასაოცარი” ეკონომიკური ზრდის პარალელურად, უკვე აშკარად ვხედავთ, რომ ეს ზრდა და ის, რაც ზოგადად “ქართული ოცნების” წარმატებად იყიდება, არის ძალიან არაინკლუზიური, არამდგრადი და შესაბამისად, საზოგადოებაში უცხოელებთან დაკავშირებული განწყობები დღითი დღე უარესდება. არის ვირტუალური ეკონომიკური ზრდა, მაგრამ სინამდვილეში, ქართველი დასაქმებულები და დასაქმების მსურველები პრობლემას ხედავენ, რომ ხელფასები ვეღარ იზრდება, სამსახურის ცვლილების შემთხვევაში უწევთ დაბალ ან იგივე ხელფასზე თანხმობა, რადგან ბიზნესი, თავისი პრაგმატული მიზეზებიდან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს”,- აღნიშნა ხიშტოვანმა და დასძინა, რომ ეს ცვლილებები არ არის კარგი ბიზნესისთვის, განსაკუთრებით არსებულ სიტუაციაში.