“ეს არის, არათუ ჩავარდნა, არამედ კატასტროფა. დასაბუთებულად, აშშ-ის მიერ დადგენილი, რუსეთის ФСБ-ს აგენტი, მართავდა თურმე, საქართველოს მთავარ პროკურატურას, რომელიც არის სამართალდამცავი სისტემის მაკონტროლებელი და ზედამხედველი უწყება“ – ასე ეხმაურება „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში, აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის სანქცირებას დაზვერვის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი ანდრო გოცირიძე.
„აქ (ჩავარდნაში) ცალსახად არის კავშირი სამართალდამცავი სისტემის და სპეცსამსახურების პოლიტიზირებას შორის. არავინ იცის და ვერც ვერასდროს შევაფასებთ, რა დონის სახელმწიფო საიდუმლოებაზე ჰქონდა ფარცხალაძეს წვდომა და ახლა ვის ხელშია მოხვედრილი ეს საიდუმლოება. ეს არის პირველ რიგში, იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შეამოწმა და შემდეგ წარადგინა ფარცხალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე ანდრო გოცირიძე, უსაფრთხოების სპეციალისტი
აშშ-მ ფარცხალაძეს სანქციები რუსეთის დაზვერვის სამსახურის ერთ-ერთ ოფიცერ ალექსანდრ ონიშენკოსთან ერთად დაუწესა. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური (ФСБ) ფარცხალაძეს და ონიშენკოს, „რუსეთის სასარგებლოდ, ქართულ საზოგადოებასა და პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად იყენებდა“.
უსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ამბობს, რომ როგორც 2013 წელს, მთავარი პროკურორის პოსტზე დანიშვნის დროს, ისე თანამდებობიდან წასვლის შემდეგ, ფარცხალაძე მნიშვნელოვან გავლენას ინარჩუნებდა საქართველოს სახელმწიფო სტუქტურებზე.
მასთან შეთანხმებით ინიშნებოდნენ კადრები პროკურატურის და სასამართლო სისტემაში. შესაბამისად, სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაცია, რომ ფარცხალაძე რუსეთის ФСБ-ზე მუშაობდა, საქართველოს სპეცსამსახურების სრულ ჩავარდნად შეიძლება შეფასდეს.
„აქ (ჩავარდნაში) ცალსახად არის კავშირი სამართალდამცავი სისტემის და სპეცსამსახურების პოლიტიზირებას შორის. ფარცხალაძეს (იგივე, გოგაშვილს სუს-ში) არანაირი ბექგრაუნდი არ ჰქონდა, რომ ასეთი კარიერული წინსვლისთვის, მთავარი პროკურორის პოსტისთვის მიეღწია.
არავინ იცის და ვერც ვერასდროს შევაფასებთ, რა დონის სახელმწიფო საიდუმლოებაზე ჰქონდა ფარცხალაძეს წვდომა და ახლა ვის ხელშია მოხვედრილი ეს სახელმწიფო საიდუმლოება. ეს არის პირველ რიგში, იმ პირების პასუხისმგებლობა, ვინც შეამოწმა და შემდეგ წარადგინა ფარცხალაძე მთავარი პროკურორის პოსტზე. ეს არის „ქართული ოცნების“ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“ – მიაჩნია გოცირიძეს.
ოთარ ფარცხალაძე მთავარი პროკურორი 37 წლის ასაკში, 2013 წლის ნოემბერში გახდა, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში ერთი წლის მოსული იყო. ფარცხალაძით ახალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა არჩილ კბილაშვილი ჩაანაცვლა. ფარცხალაძის კანდიდატურა მთავარი პროკურორის პოსტზე, ღარიბაშვილს დასამტკიცებლად, იუსტიციის მაშინდელმა მინისტრმა თეა წულუკიანმა წარუდგინა.
მას შემდეგ, რაც ფარცხალაძე ჯერ ყალბი დიპლომის, შემდეგ გერმანიაში ბოტასების ქურდობისა და ნასამართლეობის, ბოლოს კი ყოფილი შსს მინისტრის მერაბიშვილის ციხიდან უკანონო გაყვანის გამო, დიდ სკანდალში გაეხვა და 47 დღეში თანამდებობის დატოვება მოუხდა, წულუკიანა თქვა, რომ ფარცხალაძის კანდიდატურა ისე წარადგინა, რომ მას “საერთოდ არ იცნობდა”.
აშშ-ს მიერ ფარცხალაძის სანქცირების შემდეგ, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ კატეგორიულად უარყოფს, რომ ფარცხალაძეს ხელისუფლებაზე გავლენა დღემდე აქვს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კი „საკითხის შესწავლა“ დაიწყო.
„ფარცხალაძეს უკვე 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე ის, როგორც როგორც კერძო პირი, ხაზგასმულად ასე, არის მოხვედრილი ამ სანქციებში შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის სპიკერი
„ფარცხალაძეს უკვე 10 წელია არანაირი კავშირი არ აქვს ხელისუფლებასთან. აქედან გამომდინარე ის, როგორც კერძო პირი, ხაზგასმულად ასე, არის მოხვედრილი ამ სანქციებში. ამავე დროს, რა თქმა უნდა, ის არის საქართველოს პირველი მოქალაქე, რომელიც სანქციებში მოხვდა რუსეთის კონტექსტში, ამიტომ რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, რომ შესაბამისი უწყებები ამ საკითხს შეისწავლიან“ – განაცხადა პარლამენტის სპიკერმა შალვა პაპუაშვილმა.
ოთარ ფარცხალაძე, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” პერიოდში ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა, მთავარ პროკურორად დანიშვნის დროს, თბილისში, ერთ სამოთახიან ბინას ფლობდა.
მთავარი პროკურორის პოსტიდან წასვლის შემდეგ კი ფარცხალაძემ მილიონობით დოლარის ქონება შეიძინა, მათ შორის ბინები, მიწები და კომერციული ფართები თბილისში, ტაბახმელაში, წავკისში, ბაკურიანში და ბათუმში, უჩვეულო დიზაინის ფეშენებელური ვილა წყნეთში, ძვირადღირებული ავტომობილები…
სიმდიდრის დაგროვების პარალელურად, ფარცხალაძე არაერთ სკანდალურ ისტორიაში გაეხვა: “ელ ცენტროში” აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიას ცემის ფაქტზე იგი სასამართლომ გაამართლა; სპორტის ყოფილი მინისტრის ლევან ყიფიანის სარდაფში ჩაყვანის და ცემის ფაქტი, თავად ყიფიანმა უარყო და საქმე ჩაიფარცხა.
ასევე გამოუძიებელი დარჩა, „ომეგა ჯგუფის” დამფუძნებლის, ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის ბრალდება, რომ ფარცხალაძე 4 მილიონ ლარს სძალავდა და ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერით სარგებლოდა. ოქუაშვილი ახლა გაქცეულია. ფარცხალაძის პასუხისმგებლობა არც ციხიდან, პატიმრის ყოფილი შსს მინისტრის უკანონო გაყვანის და მისი მისამართით მუქარის გამო დამდგარა.
