„ეს არის ისტორიული მომენტი და აჩვენებს ევროკავშირის სანდოობას“, — განაცხადა პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შესახებ.
„ჩვენ ვხსნით მოლაპარაკებებს უკრაინასთან და მოლდოვასთან. ჩვენ ვაძლევთ საქართველოს კანდიდატის სტატუსს. ღია ვართ ბოსნია და ჰერცეგოვინასთან მოლაპარაკებების დასაწყებად, როცა მიაღწევს წევრობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის აუცილებელ ხარისხს, რაზეც ანგარიში მარტში გამოქვეყნდება“, — განაცხადა შარლ მიშელმა.
მისი თქმით, უკრაინის მხარდაჭერა ძალიან ძლიერი პოლიტიკური სიგნალია.
„დღეს ჩვენ ვეუბნებით უკრაინელ ხალხს, ჩვენ მათ მხარეს ვართ. მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია ევროკავშირის სანდოობისთვის“, — თქვა მიშელმა.
კითხვაზე როგორ მოახერხეს ამ გადაწყვეტილების მიღება, უნგრეთის წინააღმდეგობის ფონზე, მიშელმა თქვა, რომ ევროპულმა საბჭომ ძალიან ბევრი იმუშავა ამ გადაწყვეტილებისთვის.
„მნიშვნელოვანი იყო, რომ არც ერთი წევრი ქვეყანა არ შეეწინააღმდეგა ამ გადაწყვეტილებას, ამიტომაც შესაძლებლობა, ის ამ საღამოს გამოგვეცხადებინა“, — განაცხადა მიშელმა და დასძინა, რომ რომ ევროპული საბჭო ხვალაც აგრძელებს მუშაობს დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხების გადასაწყვეტად.