ეს არის თავდასხმა ლეგიტიმურ პრეზიდენტზე და ასე უნდა განიხილოს მომავალმა ხელისუფლებამ – გვარამია

„თბილისის აეროპორტში სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმა არის მოქმედ ლეგიტიმურ პრეზიდენტზე თავდასხმა“, – წერს ფეისბუკზე.
„სწორედ ასე უნდა განიხილოს მომავალმა ხელისუფლებამ, როცა ამ დანაშაულის გამოძიებას დაიწყებს“, – აცხადებს იგი.
18 თებერვალს გერმანიიდან დაბრუნებულ სალომე ზურაბიშვილს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კვერცხები ესროლეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა.
მოგვიანებით ინციდენტის ამსახველი კადრები გაავრცელა პროსახელისუფლებო ტელეარხ „პოსტივის“ თანამშრომელმა ნათია ბერიძემ, რომელმაც წინა დღეს ზურაბიშვილს საჯაროდ დაუწერა: „რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.
ვიდეოკადრებში ისმის, რომ სალომე ზურაბიშვილს აეროპორტში შეურაცხყოფას აყენებენ: „ენჯეოების მონა ხართ“, „აგენტი ხართ“, „გენეტიკაში გაქვთ მოღალატეობა?“ „ქეში არ მოგაქვთ ხოლმე?“
თავდაპირველად, აეროპორტის შიდა ტერიტორიაზე მას, სულ მცირე, ორი ქალი მიმართავს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, გარე პერიმეტრზე გასვლის შემდეგ კი საქმეში კაცები ერთვებიან.
სალომე ზურაბიშვილს მანქანაში ჩაჯდომამდე რამდენიმე წამით ადრე ესვრიან კვერცხებს, შეურაცხყოფას აყენებენ და აგინებენ. რამდენიმე კვერცხი მისი პირადი დაცვის წევრებს მოხვდათ.
რადიო თავისუფლება ცდილობს ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურთან დაკავშირებას დამატებითი ცნობების მისაღებად. ასევე, ელის პასუხის მიღებას შინაგან საქმეთა სამინისტროსგან.
2024 წლის 29 დეკემბერს მიხეილ ყაველაშვილმა, – რომლის ლეგიტიმურობასაც სალომე ზურაბიშვილი, საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრისა და დასავლელი მოკავშირეების ნაწილის მსგავსად, არ ცნობს, – ხელი მოაწერა ცვლილებებს სახელმწიფო დაცვის კანონში. ამ ცვლილებების საფუძველზე სალომე ზურაბიშვილს სახელმწიფო დაცვა აღარ ჰყავს.
„ქართული ოცნების“ გამოხმაურებები
მოგვიანებით, 18 თებერვლის დილასვე, „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა დავით მათიკაშვილმა ზურაბიშვილს უწოდა „პოლიტიკურად ნული“, რომელიც „აგრძელებს სამშობლოს ღალატს“, და მისთვის “გასაგებია” სალომე ზურაბიშვილისთვის საზოგადოებისგან „პასუხის გაცემა“:
„დადის უცხოურ ქვეყნებში და ცდილობს, დააზიანოს ქვეყანა. საზოგადოებას აქვს თავისი რეაქცია. ღალატს რომ საზოგადოებამ გარკვეული პასუხი გასცა, ესეც გასაგებია“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა: „მე არ მესმის, რა უკვირს ახლა ზურაბიშვილს.“
„არ ვეუბნებოდით, რომ მას თავისუფლად გადაადგილება გაუჭირდებოდა, იმიტომ რომ საქართველოს საზოგადოება პასუხს მოსთხოვდა?!” – განაცხადა მან.
17 თებერვალს, გახარიას ინციდენტის შემდეგ, „ქართული ოცნების“ განაყოფის, „ხალხის ძალის“ ტელეკომპანია „პოსტივის“ წამყვანმა ნათია ბერიძემ ფეისბუკზე მონიშნა სალომე ზურაბიშვილი და დაწერა:
„ახლა შენი ჯერია, დაო. რომ ჩამოხვალ, საწვიმარი ჩაიცვი, თორემ კვერცხის სუნი შეგაწუხებს მერე დიდხანს“.
გახარიას ეპიზოდი
17 თებერვალს მიუნხენიდან დაბრუნებულ გიორგი გახარიასა და მის თანაგუნდელს, ელგუჯა ხოკრიშვილს, ესროლეს კვერცხები.
ვიდეოკადრებში, რომლებიც რამდენიმე მედიასაშუალებამ გაავრცელა, ჩანს, რომ ამ პროცესს იქვე მყოფი რამდენიმე ადამიანი მობილური ტელეფონით იღებდა.
„USAID-ისგან აღარ ფინანსდებით?“ „გამყიდველი, უპრინციპო აგენტი აღარ ხარ?“ – ისმოდა პარტიის, “გახარია საქართველოსთვის” თავმჯდომარის, გიორგი გახარიასა და გერმანიაში საქართველოს ყოფილი ელჩის, ელგუჯა ხოკრიშვილის მისამართით კვერცხების სროლის დროს. შემთხვევა აეროპორტის შიდა სივრცეში მოხდა.
გახარიას პარტიის ლიდერებმა, მათ შორის ბექა ლილუაშვილმა, თქვეს, რომ აეროპორტში „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ს ორგანიზებული „პარტიული ზონდერჯგუფი“ იყო მისული. პარტიაში ამბობენ, რომ იქვე მყოფმა პოლიციამ უმოქმედობით ამ პროცესს ხელი შეუწყო.
ინციდენტს გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანიც, რომელმაც 18 თებერვალს „მიუღებელი“ უწოდა კვერცხების სროლას. საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში დევნილებთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრების შემდეგ მან ჟურნალისტებს უთხრა:
„აბსოლუტურად მიუღებელი არის კვერცხების სროლა და სიძულვილის ენის გამოყენება და შეურაცხყოფა. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტზე, სადაც შესაძლოა გამოკვეთილი იყოს რაიმე ტიპის დანაშაულის ნიშნები, იქნას რეაგირებული და ადამიანებმა, რომლებიც ამაში არიან ჩართულები, კანონის წინაშე აგონ პასუხი“.
ფორუმი