“ეს არის ველურობა”; “არ გიფიქრიათ, რომ ხანდახან კრიტიკაში შესაძლოა, უსამართლო იყოთ?” – გიგა ბოკერია და დეა მამისეიშვილი

ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, მთავარი არხის ეთერში ამბობს რომ ევროპული საქართველოს თემებს დღის წესრიგის თვალსაზრისით მედია იშვიათად იტაცებს.
“ოღონდ ამას წუწუნის სახით არ ვიძახი, ეს არის მოცემულობა და ჩვენ უნდა გადავლახოთ ეს ბარიერი. ამ ბარიერის გადალახვისთვის ვიყენებთ იმ მეთოდებს, რაც ჩვენს ხელშია, მათ შორის, თქვენს ეთერს” – თქვა ბოკერიამ, რაზეც მთავარი არხის წამყვანმა დეა მამისეიშვილმა უპასუხა, რომ მის არხს ევროპული საქართველოს კამპანია ბევრჯერ გაუშუქებია.
დეა მამისეიშვილი:
–არ გიფიქრიათ, რომ ხანდახან კრიტიკაში შესაძლოა, უსამართლო იყოთ”?
გიგა ბოკერია:
–როგორ შეიძლება მედიის მხრიდან თქმა, რომ რახან ჩვენ გაგვაკრიტიკეს, ამიტომ დაგსჯით და აღარ გავაშუქებთ თქვენს ნიუსებს? ეს არის ველურობა.
წამყვანის რეპლიკაზე, რომ გიგა ბოკერია “ბევრჯერ იყო” მის ეთერში, ევროპული საქართველოს თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მედიის ნაწილი პარტიის ახალ წევრს, თამარ ჩერგოლეიშვილს კრიტიკის გამო აღარ იწვევს.
“მინდა შეგახსენოთ, ჩემ გარდა, პარტიაში არის… ჩემს ოჯახის წევრს ეხება, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? პოლიტიკაში შემოვიდა ქალბატონი და მასთან მიმართებით ეს განაცხადი გაკეთებული აქვს მედიის ნაწილს, რომ რაკი ის თავს დაესხა ამა თუ იმ მედიის ყოფილ ხელმძღვანელს, ან პოლიტიკურ ფიგურას, სააკაშვილს, ამიტომ უნდა იყოს მოკვეთილი.
ეს მაგალითები არის ცუდი მაგალითები არამარტო ჩვენთვის, არამედ, პოლიტიკური კლიმატისთვის. არ შეიძლება, მედიამ ვინმეს უთხრას, რომ ვინც მე მაწყენინებს, იმას აღარ მოვიწვევ. რა გამოვა იცით? ვინც ქვეყანას აზიანებს, იმის მოწვევა შეიძლება, ან უპრინციპოა სრულიად, მაგალითად – , მაგალითი იმისი, როგორ შეიძლება ადამიანი გუშინწინ ნატოს აბრალებდეს საქართველოს დაშლას, სააკაშვილს სომხობას და საოცრებებებს.
ჩვენ უნდა შევთანხმდეთ იმაზე, არსებობს რაღაც კრიტერიუმები: ვის ვინ მოწონს და არ მოსწონს, ვინ არის მწვავე, ვიღაცის აზრით აგრესიული, ვიღაცის აზრით არააგრესიული, ეგ არ არის კრიტერიუმი. კრიტერიუმი არის – რა არის ამბავი. ჩვენ შორის, რაკი თქვენ მკითხეთ, საჯარო დაპირისპირება რითი დაიწყო, იცით? თქვენს არხზე გავიდა სიუჟეტი, რომელსაც ერქვა ბუჩამდე იყო ანუ ჩვენი კამპანიის სახელი ერქვა. დაგვიკავშირდნენ ამ კამპანიის მონაწილეებს და გვთხოვეს მასალა, რომელიც, ბუნებრივია, საჯაროა და ნებართვაც არ სჭირდება, ოღონდ ვინმემ გამოიყენოს, მერე გააკეთეს სიუჟეტი ამ თემაზე და ევროპული საქართველო საერთოდ არ ახსენეს, თქვენი აზრით, ეს ადეკვატური გაშუქებაა?
დეა მამისეიშვილის თქმით, შეიძლება, ტელევიზიამ მიიღოს გადაწყვეტილება, მიიწვიოს ის, ვინც მას სურს, რაზეც ევროპული საქართველოს თავმჯდომარე პასუხობს – “უდავოდ, ოღონდ, არ შეიძლება იყოს კრიტერიუმი, მე ვინ მაწყენინებს, იმიტომ, რომ ეს არ არის ნორმალური”. წამყვანის რეპლიკაზე, “ვინც არის საინტერესო, მას ვიწვევთ ეთერში”, გიგა ბოკერიამ შეახსენა, რომ “ერთერთ არხზე, რომლის მფლობელიც ბატონი კეზერაშვილია, თამარ ჩერგოლეიშვილს იწვევდნენ თავის დროზე, მერე კეზერაშვილი გააკრიტიკა მწარედ და მას შემდეგ აღარ იწვევენ”.
წყარო – ტაბულა