“ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია” – მამუკა ხაზარაძე ენგურის ხიდზე
“ძლიერი საქართველოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ენგურის ხიდთან, სადაც აფხაზეთის ომში დაღუპულ გმირებს კიდევ ერთხელ მიაგო პატივი, ჟურნალისტებთან, განაცხადა:
“დღეს ჩვენ მოვედით ენგურის ხიდთან, რათა გავიხსენოთ ის ტრაგედია, რომელიც 31 წლის წინ მოხდა და რომელმაც დაყო ჩვენი ქვეყანა. ჩვენ აქ მოვედით იმისთვის, რომ თანავუგრძნოთ ყველა იმ ადამიანს, ვინც თავისი სიცოცხლე შესწირა ამ უთანასწორო ბრძოლას და დაკარგა ოჯახის წევრი. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ პატივი ვცეთ იმ გმირებს, რომლებიც უანგაროდ, უკანმოუხედავად ჩაერთო თავისი ქვეყნის სადარაჯოზე, ჩვენი მიწა-წყლის დასაცავად და სიცოცხლე შესწირა ამ უთანასწორო ბრძოლას. ჩვენ აქ მოვედით იმიტომ, რომ ვთქვათ ძალიან ხმამაღლა, რომ რუსეთი არის აგრესორი, რუსეთმა გააღვივა ეს ომი და რუსეთს ჩვენ და აგრესორს, ჩემი მეგობრები და ნებისმიერი ქართველი და საქართველოს მოქალაქე ბოდიშს არ მოუხდის, იმიტომ, რომ ყველა ომი, რომელიც საქართველოში დაიწყო, არის რუსეთის მიერ პროვოცირებული. მე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ბიძინა ივანიშვილის მოღალატეობრივ განცხადებას, როცა ის ოკუპანტს, 2008 წლის გამჩაღებელს ბოდიშს უხდის. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ქართველი ხალხი ოკუპანტს ბოდიშს არ მოუხდის. ენგურის ხიდი ის ადგილია, რომელმაც გაყო ორი მონათესავე ერი, თანამოქალაქე, მეზობელი, ერთი ოჯახები, ხშირ შემთხვევაში, ერთმანეთისგან, მაგრამ ჩვენ უნდა გადავაქციოთ ეს ხიდი ხიდად, რომელიც ჩვენ გაგვაერთიანებს. ეს ხიდი უნდა გავხადოთ იმის სიმბოლო, რომ ჩვენ აუცილებლად ავაშენებთ ძლიერ საქართველოს ჩენს აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან ერთად. ეს არის ადგილი, სადაც ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ძალიან კონკრეტული გეგმით დავიწყებთ იმის აშენებას, რასაც ევროპული საქართველო ჰქვია. ჩვენ ვიცით, როგორ ავაშენოთ ძალიან მყარი მშვიდობა და როგორ განვავითაროთ ის ურთიერთობა , ის კულტურა, რომელიც ჩვენს შორის ყოველთვის იყო.
დღეს სოხუმის დაცემიდან ზუსტად 31 წელი გავიდა. უთანასწორო ომის შედეგად 10 ათასზე მეტი ჯარისკაცი დაიღუპა, დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. 300 ათასზე მეტი ადამიანი დღემდე საკუთარ ქვეყანაში დევნილობაში აგრძელებს ცხოვრებას.
რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკად 2008 წელს აღიარა.