“ესტონელი პარტნიორები ახალი პროექტების დაწყებისგან თავს იკავებენ” – ინტერვიუ ირაკლი როსტომაშვილთან

„პირდაპირ თქვას მთავრობამ, რომ არ გვინდა {ევროკაშირში}“ – აცხადებს დეველოპერული კომპანია „არსის“ დამფუძნებელი, არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ხელისუფლების მიერ მიღებულ „რუსული კანონზე“ საუბრისას, რომლის გამოც საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა. ირაკლი როსტომაშვილის თქმითვე, „რუსულმა კანონმა“ კითხვები გაუჩინა ესტონელ პარტნიორებს, რომელთანაც „არსი“ 2013 წლიდან თანამშრომლობს სამშენებლო-დეველოპერულ ბაზარზე. „ნებისმიერი ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია პროგონოზირებადობა. ვინმემ მითხრას, რამდენად რეალურია საქართველოში პროგნოზის გაკეთება?!“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
– ბატონო ირაკლი, პირველ რიგში, როგორც საქართველოს მოქალაქეს, რა კითხვები გაქვთ ხელისუფლებასთან, რომელმაც „რუსული კანონი“ მიიღო – რატომ მოექცნენ ასე ქვეყანას?
– არანაირი კითხვები არ მაქვს. ისინი ასე მიიჩნევენ, თავისი გეგმით მუშაობენ; თავისი პრინციპები და ხედვა აქვთ…
– გჯერათ, რომ ამ გზით ევროკავშირისკენ მივდივართ? – ამას გვიმტკიცებს ხელისუფლება…
– ცხადია, არ მჯერა. როგორ შეიძლება მჯეროდეს?! წარმოიდგინეთ, ევროკავშირი არის ოჯახი, რომელმაც დაგვპატიჟა თავისთან, ოღონდ გვითხრა, თუ გინდათ ჩემთან მოსვლა, რაღაც წესები უნდა დაიცვათ… ჩვენ ვეუბნებით – „არა, ასე გვინდა {მოსვლა}“… მაშინ არ მოხვიდე – გვეუბნება ის… ბარემ პირდაპირ თქვას მთავრობამ, რომ არ გვინდა {ევროკაშირში}
– ალბათ პირდაპირ თქმას ვერ ბედავენ, იციან რა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის აზრი ევროინტეგრაციაზე…
– ის უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ ეს გზა არ მიდის ევროკავშირისკენ?!
– ალბათ ხვდება…
– დიახ, ხვდება და ამას ვერ ვიგებ… შორს ვარ პოლიტიკისგან; მე შემიძლია ვისაუბრო იმ განწყობებით, რაც ჩემს პარტნიორებს, ძირითადად, ევროპელებს აქვთ. ისინი ვერ იგებენ ვერაფერს… მეც ვერაფერს ვეუბნები, რადგან მეც ვერ ვიგებ.
– “ინვესტორი გზასაცდენილი ადამიანი არ არის, ის სტაბილურ გარემოს ეძებს” – 3-4 წლის წინ BMG-სთან ერთ-ერთ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი. რას ვეუბნებით ინვესტორებს დღეს საქართველოს „რუსული კანონით“, რომელმაც ევროპული გზიდან გადაგვიყვანა?
– დიახ, ინვესტორი არაა გზასაცდენილი. როგორც წესი, ინვესტორი ჭკვიანი და გამოცდილი ადამიანია. ის არის ადამიანი, რომელმაც ან სამშობლოში ან სხვაგან იშოვა ფული და თავისი საქმიანობის არეალის გაზრდა უნდა. ჩემი აზრით, ინვესტორისთვის ყველაზე მკაფიო და ნათელი უნდა იყოს მიმართულება… ნებისმიერ შემთხვევაში ინვესტორისთვის მნიშვნელოვანია პროგნოზირებადი ბიზნესგარემო. ჩვენი პრობლემა ის არის, რომ პროგნოზი ვერ კეთდება. ვერცერთი ინვესტორი ვერ იტყვის, საქართველოში 1 ან 2 ან კიდევ 3 თვეში რა იქნება. ეს არის ყველაზე რთული. მით უმეტეს, მშენებლობის სფეროში – ადამიანმა დღეს უნდა ჩადოს უზარმაზარი თანხა და გააკეთოს პროგნოზი, რომ ოთხი წლის შემდეგ ინვესტირებულ თანხას დაიბრუნებს და მოგებასაც მიიღებს. ვინმემ მითხრას, რამდენად რეალურია საქართველოში ასეთი პროგნოზის გაკეთება?!
– კომპანია „არსის“ და თქვენი ესტონელი პარტნიორების მაგალითზე მოგვიყევით – რა კითხვები გააჩინა ინვესტორებში „რუსულმა კანონმა“ და რა გავლენა იქონია ბიზნესის განწყობებზე?
– ჩვენი ესტონელი პარტნიორები ახალი პროექტების დაწყებისგან თავს იკავებენ. 10 წელზე მეტია, რაც მათთან პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს და ამონაგების რეინვესტიციას ისევ საქართველოში, ჩვენს პროექტებში აკეთებენ, თუმცა წელს, გაზაფხულის ბოლოს, ჰქონდათ მოსაზრება, იქნებ ეს თანხები {საქართველოდან} გავიტანოთო… ჩვენ ურთიერთობას არ ვწყვეტთ, მაგრამ მათი განწყობაა, დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. რისკები დაინახეს. იცით, ბოლო 20-30 წლის განმავლობაში, ძირითადად, ევროპელ ინვესტორებთან მქონია ურთიერთობა და მათი თანამშრომლობა ახალ ქვეყანასთან იწყება თავიანთ საელჩოსთან ინტერაქციით – უკავშირდებიან ეკონომიკურ ატაშეს, კონსულტაციას გადიან და ა.შ. წარმოიდგინეთ, რომელიმე ევროპული ქვეყნის ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა საქართველოს უძრავ ქონებაში ინვესტირებით, სადაც კარგი დინამიკა დაინახა, უკავშირდება თავისი ქვეყნის საელჩოს და იქ რას ეუბნებიან?!
– სავარაუდოდ, დადებითს ვერაფერს… ალბათ ეუბნებიან, როგორ მოუწოდებენ საქართველოს გაასწოროს საგარეო კურსი…
– გაასწორეთ საგარეო კურსი, თუ ჩვენთან გინდათო – ეს არის მთავარი. თუ არ გინდათ, რაც გინდათ ის ქენითო… ელემენტარულია – გამოცდაზე რომ მიდიხარ, საგანი იმ პირობებით უნდა ჩააბარო, როგორც ლექტორი გთხოვს. შენ რომ იძახო, მე უკეთ ვიცი, მაშინ დაუწერე შენს თავს ხუთიანი, ლექტორი დაგიწერს ორიანს…
– მსგავსი პოზიცია აქვს დღეს საქართველოს ხელისუფლებას…
– ჩემთვის ძალიან მძიმე იქნება, თუ საქართველო ამ შანსს ხელიდან გაუშვებს… რასაც ვაკვირდები, ისტორიულად, როგორც ხდებოდა ევროკავშირის გაფართოების ტალღები ჩემი აზრით, ახლა ძალიან კარგი შანსი გვაქვს და თუ გავუშვით, ჩვენთვის დიდი ხნით დაიკეტება ევროკავშირის კარი.

ასევე დაგაინტერესებთ