ესტონეთში რუსეთის მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევა განიხილება
ესტონეთის პრემიერ-მინისტრისა და პარტია „რეფორმების“ თავმჯდომარის, კრისტენ მიხალის განცხადებით, მთავრობის მიზანია კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, რათა ესტონეთში მცხოვრებმა რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებმა ერთი წლის შემდეგ გასამართ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა ვეღარ მიიღონ. რიიგიკოგუს (პარლამენტის) საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარის, ჰენდრიკ ტერასის განმარტებით, ასეთი საკონსტიტუციო ცვლილებით, ხმის მიცემის უფლება მოქალაქეობის არმქონე პირებსაც ჩამოართმევათ.
„საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარეს დაევალა კოალიციის საბჭოს შემდეგ სხდომაზე, რომელიც მომავალ ორშაბათს ჩატარდება, კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის ვადები წარმოადგინოს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, შევძლებთ თუ არა 2025 წლის ადგილობრივ არჩევნებამდე საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას, თუ ის მხოლოდ 2029 წლის არჩევნებისთვის შევა ძალაში. ეს, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს იმაზე, დავუჭერთ თუ არა მხარს სოციალ-დემოკრატების წინადადებას, რომ ესტონეთში მცხოვრები ხმის მიცემის უფლების მქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ამომრჩევლებად დარეგისტრირდნენ, რაც საპოლიციო შემოწმების წინადადებაში არ უნდა აგვერიოს“, – განაცხადა მიხალმა ორშაბათს, 28 ოქტომბერს გამართულ კოალიციის საბჭოს სხდომაზე.
„ყოველივე ამის მიზანია იმის უზრუნველყოფა, რომ მომავალ წელს ბელარუსის და რუსეთის მოქალაქეებმა დამატებითი ბარიერის გარეშე ვერ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. თუ ჩვენ მოვახერხეთ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა, ამას მივაღწევთ. თუ არა, მაშინ ამ მოქალაქეებზე გავრცელდება ამომრჩეველთა რეგისტრაციის მოთხოვნა – ფაქტობრივად, დამატებითი ბარიერი. ამას უახლოეს კვირებში განვმარტავთ და შესაბამის განცხადებას გავაკეთებთ”, – დასძინა პრემიერმა.
მიხალმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პირადად მას ურჩევნია კონსტიტუციაში ისეთი ცვლილებების შეტანა, რომლითაც რუსეთისა და ბელარუსის მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება ჩამოერთმევათ. „მე პირადად მირჩევნია ამის მიღწევა მაქსიმალური სამართლებრივი სიცხადით. ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეებს უნდა ჩამოერთვათ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებებში, რომლებიც გავლენას ახდენს ჩვენს ადგილობრივ საქმეებზე. თუ ამისთვის აუცილებელია კონსტიტუციის შეცვლა, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს. თუ ვინმეს სურს მონაწილეობა მიიღოს ესტონეთის ცხოვრებაში, მან თავად უნდა გასძიოს სათანადო ძალისხმევა. მე დიდი ხანია ვიცავ ამ პოზიციას და მოხარული ვარ, რომ ჩვენმა სოციალ-დემოკრატმა პარტნიორებმა დიდი ნაბიჯი გადადგეს ჩვენს მხარდასაჭერად“, – განაცხადა მიხალმა.
საკონსტიტუციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ჰენდრიკ ტერასმა, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ კოალიციის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტის პირველადი ვერსია უკვე მზად არის და მისი ტექსტი ამჟამად შეთანხმების სტადიაშია. ტერასის თქმით, წინასწარი ვერსიით, კანონპროექტი ე.წ. „ნაცრისფერი პასპორტის“ მფლობელებისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს, თუმცა ამ საკითხზე მსჯელობა ჯერ კიდევ გრძელდება.
კონსტიტუციის შესაცვლელად რიიგიკოგუში 81 მხარდამჭერის მოგროვება საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს შესაძლებლად მიაჩნია.
„ეს რეალურია. მე ვესაუბრე ყველა საპარლამენტო პარტიას და მათგან ოთხმა მხარდაჭერა გამოხატა. სოციალ-დემოკრატები შიდა დისკუსიებს აწარმოებენ ; მათი ზოგიერთი წევრი მხარს უჭერს ინიციატივას, ზოგი კი, როგორც მე ვიცი, – არა. ეს მალე გაირკვევა. ასევე ვესაუბრე ცენტრისტულ პარტიას, რომელმაც განაცხადა, რომ სანამ საკუთარ პოზიციას განსაზღვრავს, სურს, ჯერ ინიციატივას გაეცნოს, თუმცა, ცენტრისტების მხრიდან მხარდაჭერა არსებობს. მე მჯერა, რომ თუ პოლიტიკური ნება იქნება, ამ ცვლილებების მიღწევა შესაძლებელია“, – განაცხადა ტერასმა.
სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ტანელ კიიკი ამბობს, რომ მათი მიზანი ბელარუსისა და რუსეთის მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების მთლიანად ჩამორთმევის თავიდან აცილებაა.
„ჩვენი მიზანია, არ წავართვათ ხმის მიცემის უფლება მათ, ვინც გვერდში უდგას ესტონეთის სახელმწიფოს და რუსეთის წინააღმდეგ ომში უკრაინას უჭერს მხარს. თუ ხმის მიცემის უფლებას ადამიანებს მხოლოდ მოქალაქეობის საფუძველზე ჩამოვართმევთ, მაშინ გამოვა, რომ, მათი რეალური პოზიციის მიუხედავად, ყველას ერთნაირად მოვექცევით. ჩვენი წინადადება არის კომპრომისული, გვსურს საკითხის უფრო მოქნილად გადაწყვეტა, რომელიც კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას არ საჭიროებს, მაგრამ შემოაქვს დამატებითი, კონსტრუქციული ფილტრი, რომელიც, ჩვენი აზრით, ესტონეთის ადგილობრივ არჩევნებში კრემლის მხარდამჭერი ხალხის მონაწილეობას შეამცირებს“, – განმარტა კიიკმა.
წყარო: 1tv.ge